სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპარლამენტი რუსეთს საქართველოს გამო აკრიტიკებს

ავტორი ლელა კუნჭულია

ევროკავშირ-რუსეთის სამიტამდე, რომელსაც 9-10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდი მასპინძლობს, ევროპარლამენტმა 9 ივნისს საგანგებო რეზოლუცია დაამტკიცა. მასში ასახულია არაერთი საკითხი, რომელიც სათუოდ ან არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევა ევროკავშირისა და რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობაში. ამ რეზოლუციაში გამოკვეთილი ადგილი ეთმობა საქართველოს და აქვეა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც რუსეთს მოეთხოვება. რეზოლუციის დამტკიცებას წინ უსწრებდა განხილვა, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა ასევე გაიხსენეს საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემები.

რეზოლუციაში, რომელიც 9 ივნისს შუადღისას დამტკიცდა, ევროპარლამენტარები რუსეთს საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, რომ მან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლიანი არჩევნების ჩატარების, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაკმაყოფილების, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და კიდევ არაერთი სხვა მიმართულებით. ეს ის საკითხებია, რომლებსაც, ევროპარლამენტარების აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიჟნი ნოვგოროდის სამიტზე, როცა ევროკავშირ-რუსეთის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების მომავალი განიხილება და როცა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს თავად რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უმასპინძლებს. თუკი 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას რუსეთ-ევროკავშირის სხვა სამიტების წინ მიღებულ რეზოლუციებს შევადარებთ, ტონი აშკარად გამკაცრებულია.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოკვეთილი უკმაყოფილება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტშიც განიხილება. 9 ივნისის რეზოლუციაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკისრებულ ვალდებულებებს.

შესავალი ნაწილის გარდა, სწორედ შეუსრულებელ ვალდებულებებზეა საუბარი რეზოლუციის სარეკომენდაციო ნაწილის მე-20 მუხლშიც. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს ”პატივი სცეს შეთანხმებებს, რომლებსაც მან მოაწერა ხელი; შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმების ყველა მოთხოვნა და სასწრაფოდ გამოიყვანოს თავისი ჯარი კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან - და ასევე უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის შეშვება ამ ტერიტორიებზე.”

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საქართველოს სასარგებლოდ იცვლება. იმის გარდა, რომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში უკვე მეორედ იჩინა თავი სიტყვა ”ოკუპაციამ”, ევროპარლამენტი რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს მისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებითაც შეახსენებს. რეზოლუციის მე-7 მუხლის მიხედვით, რუსეთს, რომელსაც ევროკავშირთან ვიზების გაუქმება სურს, მოეთხოვება, რომ შეწყვიტოს პასპორტების გაცემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილი ნიჟნი ნოვგოროდის სამიტის წინ.

”რუსეთს საკმაოდ დიდი იმედი აქვს, რომ ამ აღნიშნულ სამიტზე ისინი მიაღწევენ გარღვევას ამ მიმართულებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი ამას ვერ შეძლებენ. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ მიაღწევენ ამას, იქნება სწორედ ის პოზიცია, რომელიც დღეს ევროპარლამენტმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიებზე მიმდინარე არალეგალურ პასპორტიზაციასთან დაკავშირებით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სალომე სამადაშვილმა.

როგორც უკვე ვთქვით, 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში საკმაოდ გამოკვეთილი ადგილი ეთმობა საქართველოს. თუმცა 8 ივნისს გამართული საათნახევრიანი დებატების დროს საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ილაპარაკა და ისინი ძირითადად ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები იყვნენ. მაგალითად, ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან კრისტინა ოიულანმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ კონტექსტში დასახელდა უკრაინა და საქართველო:

”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს წნეხი უკრაინაზე, რაც გამოიხატება, მაგალითად, ძალდატანებით, რომ უკრაინა გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში რუსეთთან, ბელორუსიასა და ყაზახეთთან ერთად. ჩვენ მოველით, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გამოიყვანოს თავისი ჯარი კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე.”

საქართველოზე ილაპარაკა ასევე ლიტველმა ევროპარლამენტარმა ვიტაუტას ლანდსბერგისმაც. მან საქართველოს ოკუპაციის პრობლემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისკენ რუსეთის სწრაფვის კონტექსტში განიხილა:

”სამწუხაროდ, რუსეთის წნეხი 8-იანზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთთან ერთად შევიდეს, ნამდვილად არ არის კეთილი ნების მაჩვენებელი. თუკი შეთანხმება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ დასავლეთი აჩვენებს თავის სისუსტეს ნიჟნი ნოვგოროდის სამიტის წინ, სამწუხაროდ... ”

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ნიჟნი ნოვგოროდში. თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, გართულდეს იმ ფონზე, როცა რუსეთმა 2 ივნისს გზა გადაუკეტა ევროკავშირის ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და მიზეზად იკოლის ბაქტერიასთან დაკავშირებული შიში დაასახელა. ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100