სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა

საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის“ - თბილისი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა.

გლობალური ბიზნესის, ფინანსებისა და პოლიტიკის სფეროების ლიდერებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე ისაუბრა და იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას ჯანდაცვის, განათლების, პოლიტიკური სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით აქვს.

ევროკავშირსა და ნატოსთან კავშირების გაღრმავება პრემიერმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებად დაასახელა.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს. წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას. 2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს აქვს თავისუფალი ან თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რისი მეშვეობითაც, 2013 წელს ექსპორტი გაიზარდა 22.4%-ით და 2.9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსპორტი 15%-ით გაიზარდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ ბიზნესლიდერებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების შესახებ და მთავრობის მიზნებზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია - მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი ფინანსური სისტემები; სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო. თქვენთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და, რასაკვირველია, თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე.

პრემიერი ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო, რომელიც ყოველწლიურად 100 მილიონ ტონა ტვირთს მიიღებს და აღნიშნა, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი 12-მა კონსორციუმმა უკვე გამოთქვა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა და წვლილი შეიტანოს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში.

მთავრობის მეთაური გამოვიდა ინიციატივით, 2015 წელს შეიქმნას „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომლის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად, აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100