სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათა ახალაიაზე ძებნა პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ დათა ახალაიაზე ძებნა პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადა.

ძებნის დადგენილებით, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ საღამოს მიმართა და ახალაიასთან ერთად, ყოფილი მაღალჩინოსნების - სოსო თოფურიძის, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვის ადგილსამყოფელის დადგენა მოითხოვა.

მათი მოძებნა ინტერპოლის მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე მოხდება. დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ, პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.

ყოფილ მაღალჩინოსნებს დაუსწრებლად, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ირაკლი ზაქარეიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ დათა ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას უკანონოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს.

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ არ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე. ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, მთავარი პროკურორი დათა ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ, გამამტყუნებელი შინაარსის პროპაგანდას ეწევა, რამაც გავლენა იქონია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.

ადვოკატის თქმით, დათა ახალაია არ იმალება და ის სამშობლოში მაშინ დაბრუნდება, როცა მასზე ზეწოლა შეწყდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100