სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წერილი ამერიკიდან...

„საქართველოს გამარჯვების გეგმა“ - საქართველოს განადგურების გეგმაა!
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა “საქართველოს გამარჯვების გეგმას”. მათ საგარეო პოლიტიკურ კურსს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, მასთან კეთილმეზობლური თანამშრომლობა და ამის შედეგად საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება წარმოადგენს.
ერთი შეხედვით ეს გეგმა თავისთავად ძალზე კეთილშობილურია. ჯერ ერთი, ყველა ჩვენგანმა კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ნებიმიერი ქვეყნისთვის მის მოსაზღვრე, მეზობელ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
საქართველოს მოქალაქისთვის ამგვარი ურთიერთობის დამყარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ზემოხსენებული ოპოზიციის ნაწილი გვპირდება, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ყველა ქართველისთვის ძალზე მტკივნეული თემაა, რომელიც დღეისათვის სანუკვარ ოცნებად ქცეულა. თუ ამ ოცნების ასრულებას მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენით შევძლებთ, მაშინ, რატომ არ უნდა მოგვწონდეს ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ შემოთავაზებული გეგმა?
მოდით, განვიხილოთ გეგმის ზემოხსენებული პოსტულატები, გავაანალიზოთ, რამდენად რეალურია მათი განხორციელების შანსი და ამის საფუძველზე გავაკეთოთ დასკვნა, წარმოადგენს თუ არა ეს გეგმა რეალურად საქართველოს გამარჯვების გეგმას.
რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა: დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა „აღდგენა“ ნიშნავს აქამდე არსებულის იგივე სტატუსში გამეორებას. ასე რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნიშნავს, დავიბრუნოთ მასთან ურთიერთობის აქამდე არსებული სტატუსი. მოდით, გადავავლოთ თვალი და ვნახოთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს რუსეთთან დღემდე, რითაც მივხვდებით, როგორი ურთიერთობის აღდგენა-დაბრუნებას გვთავაზობს ოპოზიციის ეს ნაწილი.
დიდი ილია გვიქადაგებდა, რომ ერის ყველაზე მაღალი ფასეულობებია: „ენა, მამული, სარწმუნოება“. იმისათვის, რომ გავიხსენოთ, როგორ მოექცა რუსეთი ჩვენს ამ ფასეულობებს, გთავაზობთ, საქართველოს რუსეთთან ორ საუკუნოვანი ურთიერთობის მოკლე და ზოგად მიმოხილვას (დროდადრო ბრჭყალებში მოვიშველიებ ამონარიდს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თაობაზე სხვდასხვა ექსპერტის მიერ წარმოდგენილი ანალიზიდან.)
სარწმუნოება: „ერთმორწმუნე“ რუსეთმა ქართულ ეკლესიას განუზომელი ზარალი მიაყენა: გააუქმა ქართული მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ავტოკეფალია, თეთრად გადაღება ქართული ეკლესია-მონასტრების უძველესი ფრესკები, რითაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მიწასთან გაასწორა ასობით ქართული ეკლესია-მონასტერი, მოახდინა მასობრივი ექსპროპრიაცია და რუსეთში გაიტანა ქართული საეკლესიო ქონება, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს, სასტიკად გაუსწორდა, ფიზიკურად გაანადგურა ქართველი სამღვდელოების ეროვნულად განწყობილი ნაწილი, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქები.. დღეს რუსეთი უკვე აქტიურად განიხილავს და სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს „აფხაზეთის“ ავტოკეფალიას.
ენა: რუსეთმა „აკრძალა ეკლესიებში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, რითაც სულიერი განვითარების საშუალება მოუსპო უამრავ ქართველ ქრისტიანს, რომელთაც რუსული ენა არ ესმოდათ, ან ღვთისმსახურების მოსმენა მხოლოდ ქართულ ენაზე სურდათ“. ხორციელდებოდა რუსული ენის წარმოუდგენლად დიდი პროპაგანდა.
საბჭოთა პერიოდში აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ის, რომ ქალაქკომების მე-3-ე მდივნებიც კი რუსი ეროვნების უნდა ყოფილიყვნენ. იყო პერიოდი, როცა ქართველები სამსახურს ვერ შოულობდნენ, თუ რუსული ენა არ იცოდნენ. უფრო მეტიც, რუსეთმა მე-XX ს-ის 70-იან წლებში თავისი „კეთილმეზობლური“ დამოკიდებულებით თვით საბჭოთა საქართველოს მაშინდელი პრორუსული მთავრობაც კი გააოცა, როცა საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადება განიზრახა.
ერის ცნობილი განმარტების მიხედვით, იმისათვის, რომ რომელიმე ეთნოსს ერი ეწოდოს საჭიროა ის ხუთ კომპონენტს აკმაყოფილებდეს. თუ მას ერთ-ერთი აკლია, ის ერი ვეღარ იქნება. ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ენა. ე.ი. რუსეთის განზრახვა მიმართული იყო იქითკენ, რომ თუ ჩვენ ენას წაგვართმევდა, ქართველებს, როგორც ერს მოგვშლიდა და მომავალში რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ერთ-ერთ ეთნოსად გვაქცევდა. თქვენი ყურადღება მსურს ასევე მივაპყრო იმ ფაქტს, თუ როგორ მოითხოვს რუსეთი დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან დოკუმენტებს და სხვ. რუსულ ენაზე, როგორ ავიწროვებს და დევნის იგი იქ ქართულ ენას.
მამული: დღეს ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველომ დღევანდელი ოკუპირებული ტერიტორიები 2008 წლის აგვისტოში დაკარგა. ვფიქრობ, ეს ამ ფაქტის, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე გულუბრყვილო შეფასებაა. საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში „დაკარგა“, მაშინ, როცა აღნიშნულ ტერიტორიებს საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ავტონომიური სტატუსი მიენიჭა. სწორედ, აქ ჩაიდო, მე ვიტყოდი, ერთგვარად ნელმოქმედი „ნაღმი“. ვფიქრობ, მაშინვე იყო გათვალისწინებული ის, რომ თუ ოდესმე საქართველო დამოუკიდებლობას, რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან თავის დაღწევას დააპირებდა, სწორედ მაშინ აამოქმედებდნენ ამ „ნაღმს“.
გავიხსენოთ, პირველად როდის იქნა ამოქმედებული აღნიშნული „ნაღმი“ დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იყო XX ს-ის 90-იანი წლები, როცა საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხოლო 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ საქართველომ წარმატებით გაიმყარა პოზიციები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და ნელ-ნელა ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება დაიწყო, ეს „ნაღმი“ ააფეთქა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის წაგლეჯვით არ კმაყოფილდება და ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ისტორიულად რამდენიმე სამეფოსა და სამთავროსგან შედგებოდა. ალბათ, დიდი სიამოვნებით აწყობს გეგმებს მისი შემდგომი დაქუცმაცების შესახებ. აი, ასე შებილწა „ერთმორწმუნე“ რუსეთმა ქართველი ერის უდიდესი ფასეულობები.
რუსეთთან კეთილმეზობლური თანამშრომლობა: ტერმინი: „კეთილმეზობლური“ თანამშრომლობა, რასაც ოპოზიციის ნაწილი დღეს რუსეთთან გვთავაზობს თავისთავად უნდა გულისხმობდეს ორ ქვეყანას შორის პარიტეტულ, თანაბარ სიბრტყეში, ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ, თანამედროვე, ცივილური ფორმებით წარმოებულ თანამშრომლობას, რომლის დროსაც ორივე ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ეროვნულ მიღწევებს და ა.შ. როცა თუ არ ეხმარება, სულ მცირე, ხელს მაინც არ უშლის მეზობელი ქვეყნის განვითარებას.
ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ თვალსაზრისით რუსეთს საქართველოსთან. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერიოდში „რუსეთმა თითქმის პირწმინდად გაანადგურა ქართული ინტელიგენციის და სამღვდელოების საღად მოაზროვნე ნაწილი, 400 000 ჭაბუკი, ანუ თითქმის ყოველი მესამე ქართველი მამაკაცი დაიღუპა მე-2-ე მსოფლიო ომში.. რუსულმა სადამსჯელო ექსპედიციებმა მთლიანობაში ფიზიკურად გაანადგურა ათეულ-ათასობით მშვიდობიანი ქართველი და პირისაგან მიწისა აღგავა უამრავი ქართული სოფელი და დაბა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიულად კარგად ცნობილი შატილის დანგრევა, ხევსურთა ამოჟლეტა და გადარჩენილთა გადასახლება.
რუსეთის იმპერიამ ასეულ ათასობით ქართველი სამცხე-ჯავახეთიდან და აფხაზეთიდან აჰყარა („მუჯაჰირობა“) და მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა, მათ ადგილზე კი რუსეთის ერთგული კავკასიური ეთნიკური ჯგუფები ან რუსული რელიგიური სექტები ჩაასახლა.. რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქართული სასარგებლო წიაღისეულის განკარგვა-ექსპლოატაცია, რის შედეგადაც საქართველომ აურაცხელი რაოდენობის ბუნებრივი რესურსი დაკარგა..“
საქართველოს ეკონომიკა იგეგმებოდა და „ვითარდებოდა“ მოსკოვში შედგენილი გეგმის საფუძველზე. ფილმების სცენარების, დისერტაციების და სხვ. დამტკიცება მოსკოვში ხდებოდა.. ანუ, საქართველოს ბედი თავად საქართველოში კი არა, რუსეთში წყდებოდა. გავიხსენოთ, როგორ ებრძოდა რუსეთი ყოველგვარი ეროვნულის გამოვლინებას, რომელიც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ იყო მიმართული.
რუსეთმა „ფიზიკურად გაანადგურა უამრავი ქართველი ეროვნული მოღვაწე. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში, ციხეებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სიცოცხლე დაასრულა უამრავმა ნათელი გონების შესანიშნავმა ქართველმა, რომელთაც უარი თქვეს რუსეთის მხრიდან საკუთარი სამშობლოს დაპყრობასა და დამცირებას შერიგებოდნენ.
ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დისიდენტი, მუდმივი ტერორის ქვეშ ცხოვრობდა. დაპატიმრებები, გადასახლებები, დაკითხვები, მუქარა და შევიწროვებები მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა“. გავიხსენოთ, დიდი ილიას მკვლელობა, გავიხსენოთ, რა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი გმირები: მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი: ზვიად გამსახურდია..…გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილი და ძნელი არ არის მივხვდეთ, თუ როგორ ჩაახშო სისხლში რუსეთმა ყოველივე ის, რაც ეროვნულის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამოვლინებას წარმოადგენდა.
ეს არის ძალზე მცირე ჩამონათვალი იმ ბოროტებისა, რაც საქართველომ თავისი „კეთილი მეზობლისგან“ მიიღო. საქართველოს რუსეთთან ორ საუკუნოვან ურთიერთობას ექსპერტები ერთი წინადადებით აფასებენ: „ურთიერთობის დაწყებიდან 2008 წლამდე რუსეთთან საქართველოს პოლიტიკური პარტნიორობა საქართველოსთვის ეროვნული კატასტროფის ტოლფასი იყო.“
ამგვარად, გამომდინარე იქიდან, რომ „წარსული ქმედებები მომავალი ქმედებების პროგნოზირების საუკეთესო საშუალებაა“ შეგვიძლია ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ როგორი „კეთილმეზობლური“ ურთიერთობის აღდგენა ელის საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის კვლავ დამყარების შემთხვევაში და დავასკვნათ, ვინაიდან რუსეთს არ აწყობს ძლიერი, განვითარებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო (მისი განზრახვაა საქართველო კვლავ რუსეთის კოლონიად აქციოს) იგი არასოდეს არ დაამყარებს მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს: „რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ უპირობო დიალოგით, ნდობის აღდგენით“: როგორ შეიძლება ვენდოთ იმ ქვეყანას, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ იგი პატივს არ სცემს და ხშირად არღვევს მის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს. გავიხსენოთ, 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების თანახმად საქართველომ თავი ნეიტრალიტეტის რეჟიმში ჩაიყენა, რუსეთის საამებლად უარი უთხრა ბრიტანეთსა და საფრანგეთს სამხედრო პარტნიორობაზე და მათი სამხედრო შენაერთები ქვეყნიდან გაიყვანა.
რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველო, კვლავ რუსეთის ცბიერი და ვერაგი პოლიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა. რუსეთმა დრო იხელთა და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი საქართველოს სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკა მასთან ზემოაღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით 1921 წელს ძალადობრივად დაიპყრო და მას 70 წლიანი რუსულ-ბოლშევიკური მონობის უღელი დაადგა..“. მოწმენი ვართ როგორ ასრულებს რუსეთი სარკოზი-მედვედევის 2008 წლის ხელშეკრულებას. დღესაც რუსეთი აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რის გამოც მსოფლიო საზოგადოების თვალში არასაიმედო ქვეყნის იმიჯი აქვს შექმნილი.
ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დამყარება იმიტომ სურთ, რომ ეს გზა წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ საშუალებას: იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დამყარების შედეგად აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აუცილებელია მისი განხორციელება რუსეთის ინტერესებშიც შედიოდეს.
დღეს რუსეთი გამალებით ცდილობს რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ აღიაროს „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს საკუთარ პრინციპებს უღალატოს და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, და ამ „გეგმას“ „ეგზოტიკურს“ უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს რუსეთის, აფხაზეთისა(!) და სამხრეთ ოსეთის(!) ე.წ. სახელმწიფოებთან. ამგვარად, რუსეთის პოზიცია ამ საკითხში მკაფიოდაა გამოკვეთილი. ის არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნებას. პირიქით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გეგმებს აწყობს უფრო მეტად როგორ დაშალოს საქართველოს სახელმწიფო.
აქვე მსურს აღვნიშნო, ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს, რომ მათ მიერ რუსეთთან წარმოებული მოლაპარაკებები „ხალხისა და საზოგადოების სურვილია“, ან კიდევ: „ქართველი ხალხი დგას სერიოზული არჩევანის წინაშე“: ჯერ ერთი, ტერმინი „ხალხი“ მოიაზრებს საქართველოს ყველა მოქალაქეს. რადგან ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ წარმოდგენილ გეგმას მხოლოდ მოქალაქეთა მცირე ნაწილი იზიარებს, ირღვევა იმ დანარჩენი მრავალრიცხოვან მოქალაქეთა უფლებები, რომელთა სახელითაც (მათი მანდატის გარეშე) ოპოზიციის ეს ნაწილი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. რაც შეეხება არჩევანის გაკეთებას, ამგვარი არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა, როცა რეფერენდუმის გზით ხმა მისცა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან, ანუ რუსეთის იმპერიიდან გამოყოფას და დასავლური კურსი აირჩია.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დღეს რუსეთის მმართველი წრეებიც კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ უჭირთ იმ უამრავი პრობლემის მოგვარება, რაც რუსეთის სახელმწიფოს დღეს გააჩნია. ისინი თავად აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მათი „გემი“ გახვრეტილია და იძირება“. ქართული ოპოზიციის ეს ნაწილი კი ამგვარი „ჩაძირვის პროცესში“ მყოფი გემისკენ გვექაჩება, საიდანაც, რუსი ექსპერტების აზრით, თვით რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებიც კი,„“ვირთხებივით გარბიან“.
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც „საქართველოს გამარჯვების გეგმა“ გვთავაზობს იდეაშივე არარეალური, განუხორციელებადი და აქედან გამომდინარე, აბსურდულია. მაშ, რა არის ამ გეგმის რეალური მიზანი? ეს გეგმა კარგად მოფიქრებული, ფსიქოლოგიური ფანდია. სინამდვილეში ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები (რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, მასთან კეთილმეზობლური თანამშრომლობა და ამის შედეგად საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება) ერთგვარი სატყუარაა, ერთგვარი ნარკოტიკია, რომელიც გამიზნულია მასების ეგზალტირებისა და ეიფორიაში ჩაგდებისთვის, რათა ისინი მოსწყვიტონ რეალობას, ცრუ იმედი ჩაუსახონ და იგივე შეცდომები დააშვებინონ, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.
ოპოზიციის ამ ნაწილთან რუსეთის მოლაპარაკების რეალური მიზანი სავარაუდოდ არის ის, რომ რუსეთს სურს საკუთარი ზრახვები საქართველოს მიმართ კვლავ ქართველების ხელით განახორციელოს. რუსეთი ცდილობს აიძულოს საქართველო უარი თქვას დასავლურ კურსზე და გახდეს ნეიტრალური ქვეყანა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, ნეიტრალური საქართველოს ბედი ზუსტად ისე განვითარდება, როგორც წარსულში (1921წ) და ახლაც მარტო, მოკავშირეების გარეშე დარჩენილ ქვეყანას რუსეთი უფრო იოლად „გადაყლაპავს“. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი კვლავ აღადგენს იმპერიას (არა საბჭოთა კავშირის, არამედ დემოკრატიული ელფერის მქონე სახელწოდებით) საქართველო, „აფხაზეთი“, „სამხრეთ ოსეთი“ და რუსეთი „კეთილმეზობლურად“ ვიცხოვრებთ ერთიან „ძმურ“ კავშირში.
აი, სინამდვილეში ეს არის ის ერთადერთი შანსი რაც რუსეთთან ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში ექნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. „საქართველოს გამარჯვების გეგმა“ კი რუსეთს ამ ზრახვების განხორციელებაში უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, „საქართველოს გამარჯვების გეგმა“ საქართველოს განადგურების გეგმაა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100