სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვაღიარებ, რომ...“

მე ვაღიარებ, რომ ბავშვობიდან, როგორც კი გავიგე, რომ ასეთი პროფესია - ჟურნალისტი არსებობს, მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. ვაღიარებ, რომ როცა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაბარებდი, ვფიქრობდი, ამ პროფესიაში შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზებას და ვაღიარებ, რომ ახლა, თექვსმეტწლიანი სტაჟის მქონეს, მგონია, რომ ეს მოვახერხე.

ვაღიარებ, რომ ამ წლების განმავლობაში ჟურნალისტობა ჩემთვის არ ყოფილა იოლი. ვაღიარებ, რომ ბევრჯერ დამიცდა ფეხი, ბევრი რამ ვერ გავაკეთე ისე, როგორც უნდა გამეკეთებინა, როგორც მინდოდა, გამეკეთებინა. მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ვფიქრობდი: ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ცხოვრება დაცემა, წამოდგომა და ისევ სვლაა-მეთქი.

ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი „პირწავარდნილი ნაციონალისტი“, როცა ბევრნი, ჩემი ასაკისანი, კარიერაზე ფიქრობდნენ. ვაღიარებ, რომ ბავშვობიდანვე არ მიყვარდა რუსეთი იმის გამო, რაც საქართველოსთვის გაუკეთებია ცუდი. ვაღიარებ, რომ იმ ისტორიას არ ვსწავლობდი, რომელსაც სკოლაში მასწავლიდნენ და იმასაც ვაღიარებ, რომ ამაში „დამნაშავე“ მამაჩემია, რომელიც „დამნაშავე“ მწერლებისა და ისტორიკოსების „დანაშაულებრივ“ წიგნებს შოულობდა და მაკითხებდა. ვაღიარებ, რომ ამ წიგნებში იყო ისეთი რუსეთი, რომელიც ყველა ნამდვილ ქართველს უნდა სძულდეს და ვაღიარებ, რომ ისეთი რუსეთი მძულდა...

ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, რუსული ენის საკონტროლო წერის რვეულში, მას შემდეგ, რაც რუსულ ლიტერატურაზე საკონტროლო დავალება არცთუ ურიგოდ შევასრულე, შუა ფურცელში, დიდი რუსული ასოებით ჩავწერე: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ და ვაღიარებ, რომ იგივეს ჩავწერდი ახლაც, მე-7 ან მე-8 კლასში რომ ვსწავლობდე...

ვაღიარებ, რომ ბევრჯერ მომიმზადებია სტატია და სიუჟეტი რუსი ჯარისკაცების სისასტიკეზე აფხაზეთში, თითქმის იმ დღიდანვე, როცა ისინი იქ მშვიდობისმყოფელებად მოგვევლინენ. ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე გადავიპარე აფხაზეთში და გალის სოფლებიდანაც მოვამზადე სიუჟეტები, სადაც რუსი ჯარისკაცები, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ასევე ქართველთმოძულეებად იყვნენ გამოყვანილნი.

ვაღიარებ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსი ოკუპანტები კალიებივით მოედვნენ მთელ საქართველოს და, მათ შორის, ჩემს მშობლიურ კუთხეს, სამეგრელოსაც - მე, პირველ რიგში, ქართველი ვიყავი და მერე ვიყავი რეპორტიორი. ვაღიარებ, რომ ვიცოდი სტანდარტები, რომელიც მოითხოვდა, პირიქით ყოფილიყო, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ 2008 წლის აგვისტოში მე ნაკლებად მაინტერესებდა, ან სულაც - ფეხებზე მეკიდა ეს სტანდარტები...

ვაღიარებ, რომ ძალიან გავმწარდი, როცა სამეგრელოში, ერთ-ერთი კოლონის გადაღების დროს რუსმა ლეიტენანტმა მე, ქართველს, საქართველოში - ინადით მკითხა: „ჩვენი თავდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია გაქვს გადაღებისთვის?“ და იმასაც ვაღიარებ, რომ საკმაოდ მკვახედ ვუპასუხე: „შენ გაქვს აკრედიტაცია, აქ რომ იმყოფები?“ ვაღიარებ, რომ როცა ამ პასუხისა და გადაღებული მასალის გამო დამაპატიმრეს, სენაკის ბაზაში მიყვანამდე ზუსტად ვიცოდი, რასაც გავაკეთებდი, ჩემი გადაბირება რომ მოენდომებინათ, მაგრამ, საბედნიეროდ, არ დამჭირდა...

ვაღიარებ, რომ ძალიან, ძალიან მეწყინა ჩემი კოლეგების დაკავება. მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ მათი აღიარების შემდეგ საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი. ვაღიარებ, რომ მშურს პროტესტის გამომხატველი კოლეგების იმ ნაწილის, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ დაკავებულთა ყველა აღიარება ბლეფია და ზეწოლის შედეგადაა მიღებული. იმიტომ მშურს, რომ მე ცოტა უფრო მეტი არგუმენტი მჭირდება ზეწოლის შესახებ ლეგენდების დასაჯერებლად, ვიდრე მათ დასჭირდათ. მაგრამ აქვე იმასაც ვაღიარებ, რომ არ გამოვიდოდა ჩემგან ჯაშუში...

ვაღიარებ, რომ ეს წერილი იმ კოლეგების საპირწონედ არ დამიწერია, რომლებმაც საპირისპირო მოსაზრებებით ანალოგიური ფორმატის წერილი დაწერეს და რომელთა საერთო სათაური გადმოვიღე. მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ამ წერილის დაწერის იდეა მათი აღიარებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა...

ვაღიაროთ, რომ ყველა აღიარებას აქვს არსებობის საფუძველი, თუკი ის გულწრფელი აღიარებაა... ვაღიარებ, რომ ჩემი ეს წერილი სწორედ ასეთი - გულწრფელი აღიარებაა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100