ბიძინა ივანიშვილის "DVD დისკების" დემოკრატია
არა, ევროპის გაოცება ნამდვილად დაიწყო... მაგრამ მიზანში სულ პატარა „გარღვევა“ აქვს. მან პირობა დადო, რომ ევროპას დემოკრატიის ხარისხით გააოცებდა, თუმცა შედეგი არც ისეთი ფართომასშტაბიანია და რაც მთავარია, „ამოტრიალებული“.
პოლიტიკაში გამოჩენიდან მეოთხე თვეს ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგა: ერთ-ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენაზე საკუთარი კომენტარი საკუთარივე ოპერატორის დახმარებით ჩაწერა, დისკებზე გადაამრავლა და მედიაში გაავრცელა... ჩვეულებრივ კი ეს პროცესი შემდეგნაირად ხდება: ინიშნება ბრიფინგი, ვრცელდება ანონსი, თემა, მისამართი, სადაც შეხვედრა უნდა გაიმართოს... დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას იკრიბებიან ჟურნალისტები და ესა თუ ის პოლიტიკოსიც აკეთებს სასურველ კომენტარს.
ამის შემდეგ, როგორც წესი, ისმება კითხვები და მათ მოჰყვება პასუხები... ეს მედიისა და პოლიტიკოსების ურთიერთობის დადგენილი და აპრობირებული მეთოდია. ასე ხდება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, თუმცა არსებობს გამონაკლისი. მაგალითად, წინასაახალწლო მილოცვა. წესების თანახმად, ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი წინასწარ ამზადებენ ჩანაწერს, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გადის ეთერში. სხვა გამონაკლისი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკაში.
ეს წესები ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაარღვია. ალბათ, ამით სცადა, საკუთარი თამაშის ნორმები დაედგინა. ისეთი, როგორიც თავად აწყობდა. კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ივანიშვილი ფეხბურთის მოედანზე შევიდა და რაგბის თამაში დაიწყო. ბუნებრივია, აქ არათუ წარმატების, რაიმე შედეგის მიღწევაც კი შეუძლებელია. პირველი მოძრაობა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გააკეთა, როცა ვირტუალური სამყაროდან წერილი გამოგვიგზავნა და გვამცნო, პოლიტიკაში მოვედიო... წერილების სერიალი დღემდე გრძელდება. შიგადაშიგ „გამონათებებია“ – ვიდეოები ვრცელდება.
საზოგადოებასთან ასეთმა ურთიერთობამ ადეკვატური რეაქცია გამოიწვია მედიაშიც და პოლიტიკოსების ნაწილშიც. მაგალითად, „ქართული ოცნებიდან“ მორიგი წერილობითი განცხადების გავრცელების შემდეგ ერთმა პოლიტიკოსმა ძალიან საინტერესო შედარება გააკეთა:
– ზორო რომ ზოროა (გამოგონილი პერსონაჟი), ისიც კი Z-ს ფხაჭნიდა სადმე კედელზე... ბინ ლადენი აუდიომიმართვებს მაინც აგზავნიდა... რა უბედურებაა ეს წერილები?!.
სხვათა შორის, ვიდეოების გავრცელებაც სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიწყეს ივანიშვილის გუნდში. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია.
ზოროს ისტორიამ მაშინ დიდი დისკუსია გამოიწვია სოციალურ ქსელებში. ერთი შეხედვით, ივანიშვილს არაფერი აქვს საერთო არარსებულ პერსონაჟთან. მით უმეტეს ბინ ლადენთან – ის ხომ მსოფლიოს უკვე განეიტრალებული მტერია? ბიძინა ივანიშვილი კი – მოქმედი რუსი ოლიგარქი, რომელიც ახალ „ბიზნესში“ – პოლიტიკაში სინჯავს საკუთარ ძალებს. მოკლედ, სამივეს სფერო განსხვავებულია, მათი მოქმედების არეალი – მით უმეტეს. რომ აღარაფერი ვთქვათ თითოეული გმირის ინტერესებზე. თუმცა სამივეს მოეძებნება ერთი საერთო – არც ერთი თვალითაც არ უნახავს საზოგადოებას. ხელშესახები არც ზორო გამხდარა ვინმესთვის, ვირტუალური სამყაროს გარდა და არც ბინ ლადენი (აუდიოჩანაწერების გარდა). აქ საზოგადოების ფანტაზია კიდევ უფრო დეტალებში „შეიჭრა“.
როგორც ჩანს, ხალხს აინტერესებს, რა ფორმით ხდება პარტნიორებს შორის ურთიერთობა, ელემენტარულად ყველაზე მარტივი გადაწყვეტილების მიღება. ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პუნქტებზე პასუხებს ოპოზიციაც წერილობითვე აძლევს დასტურს, თუ დაწერილ კითხვაზე „ხმოვან სიგნალს“ იძლევა? თუმცა ეს სხვა თემაა.
მედიასთან ურთიერთობას კი ივანიშვილი ისევე აგრძელებს, როგორც დაიწყო. აქ კითხვის დასმაზეც აღარ არის საუბარი. რესპონდენტი უბრალოდ კონტაქტზე არ გამოდის. იდეალურ ვარიანტში მის „ოფის-სასახლეში“ გიბარებენ და წინასწარ ჩაწერილ, დავარცხნილ (როგორც ოპერატორები უწოდებენ) კომენტარს გაძლევენ... ურთიერთობის ასეთმა ფორმატმა უმრავლესობა გააოცა. ბოლო ასეთი გაოცება სააკაშვილი-ობამას შეხვედრაზე გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია. ივანიშვილი ამ შემთხვევაშიც დისკებზე „გადამრავლებული“ ვიხილეთ...
გიორგი ლაფერაშვილი, „რუსთავი 2“-ის პროდიუსერი:
– ეს კონკრეტული კომენტარი „იუთუბიზე“ გავრცელდა და მე პირადად იქიდან ავიღე, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, არც დაურეკავთ. ზოგადად, მისი პრესცენტრის თანამშრომლები არ გამოირჩევიან მაინცდამაინც დიდი და ხშირი ურთიერთობით. ბოლო პერიოდში თითქოს დალაგდა ეს ურთიერთობები. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირადად მე არავინ დამკავშირებია.
– მიგაჩნიათ, რომ ურთიერთობის პრობლემა პრესცენტრის გამოა და არა თავად ივანიშვილის პიროვნების გამო?
– არ მინდა კომენტარის გაკეთება იმაზე, სწორად იქცევა თუ არა ივანიშვილი. არსებობს დაწერილი წესები და გამოცდილებამ დაამკვიდრა როგორც ქართულ რეალობაში, ისე საზღვარგარეთაც, რა ფორმატით უნდა მოხდეს ურთიერთობა პოლიტიკოსებსა და მედიას შორის. სასურველი იქნება, თუ ამ წესებს გაითვალისწინებს ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოდის. ისევ ჟურნალისტებისთვის სჯობია.
თუმცა გამონაკლისებიც არიან. მაგალითად, „მაესტროს“ საინფორმაციოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსის კომენტარების დისკებით მოგროვებაში არაფერია „არაჩვეულებრივი“.
მათე კირვალიძე, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი:
– ჩვენ დაგვირეკეს და გვკითხეს, თუ კომენტარი გინდათ, მობრძანდით რეზიდენციაშიო. ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებდით, ჟურნალისტი გაგვეშვა, მაგრამ მოულოდნელად გავიგეთ, რომ ეს კომენტარები დისკებით, DVD-ზე ჩაწერილი გავრცელდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ დისკის მოსატანად ჟურნალისტი არ გაგვეშვა და საერთოდ, არ გაგვეშვა ივანიშვილის კომენტარი ეთერში. იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა, იქ მისულ ჟურნალისტს დახვდებოდა ივანიშვილი და არა დისკები. ცოტა უცნაურია, ჩემი აზრით. ალსან აბაშიძე ახსოვს ჟურნალისტიკას, რომელიც პრესკონფერენციებს მართავდა, შესაძლებელი იყო კითხვების დასმა. შევარდნაძე ახსოვს, რომელიც ასევე მართავდა ბრიფინებს და საშუალებას აძლევდა ჟურნალისტებს, კითხვები დაესვათ. ასევე, წელიწადში ერთხელ ჟურნალისტებს ხვდება მიხეილ სააკაშვილი. ამ ქვეყანაში, მგონი, ნებისმიერი პოლიტიკოსის ჩაწერაა შესაძლებელი და არავის არ აქვს პრობლემა. ჩვენ DVD-პრესკონფერენციებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩემი აზრით, მედიასთან ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება.
თამარ რუხაძე, „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი:
– ეს მიღებული ფორმაა. ავრცელებენ მასალას და თქვენ გინდათ, გაუშვით ეს მასალა და გინდათ, ნუ გაუშვებთ. ბიძინა ივანიშვილი არ არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც ეს გააკეთა. გადახედეთ პრაქტიკას და ნახავთ. დიდი თანამდებობის პირებს გაუკეთებიათ მსგავსი და ახლაც აკეთებენ. გასაკვირი, მგონი, არ არის. ჩვენ გვკითხეს, გვინდოდა თუ არა კომენტარი, რომ გამოგვეყენებინა და ჩვენ გამოვართვით. როდესაც პრეზიდენტის რეზიდენცია იგივეს გვეკითხება, ვიღებთ მასალას, იგივეს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაშიც, სასჯელაღსრულებაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაშიც. არავისთან ამის პრობლემა არ გვაქვს, ვისაც შეგვიძლია, რომ გამოვართვათ მასალა და გავუშვათ ეთერში, ვართმევთ და ვუშვებთ.
– თუმცა ივანიშვილი დემოკრატიით გაოცებას დაგვპირდა...
– მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ ვიღაცის დაპირება შევაფასო. მე გითხარით, რასაც ვფიქრობდი, დიდი მადლობა...
შინაგან საქმეთა სამინისტროც, სასჯელაღსრულებაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ნამდვილად ავრცელებს წინასწარ ჩაწერილ მასალებს, თუმცა ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას სრულიად მედია ვერ ესწრება. მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ეს მიღებული ფორმაა. ბუნებრივია, როცა ახალი პენიტენციარული შენობის, ან დახურული კოლონიის კადრების გავრცელება ხდება, ასეთ შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ნორმები მოქმედებს.
იგივე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტორშიც. როდესაც რომელიმე ცნობილი კრიმინალის, ან უბრალოდ დამნაშავის დაკავება ხდება, ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც დადგენილი კანონი მოქმედებს. მთავრობის მუშაობის სტილი ყველგან და ყოველთვის განსხვავდება პოლიტიკოსის მოქმედების სტილისგან. და აქ პარალელების გავლება ცოტა უხერხულიც კია.
მოკლედ, არსებობს დაწერილი წესები პოლიტიკაშიც და მედიასთან ურთიერთობაშიც. მეეჭვება, რომელიმე ჟურნალისტს გაახსენდეს შემთხვევა, როდესაც ან შალვა ნათელაშვილს, ან კობა დავითაშვილს, ირაკლი ალასანიასაც კი, ბრიფინგი ჩუმად ჩაეტარებინა და უკვე ჩატარებულზე გაევრცელებინა დისკები....
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა „იგრიკას“ პოზიციითაც. როგორ აპირებენ ისინი პოლიტიკოსებთან მუშაობას და რამდენად მისაღებია მათთვის დისკებით კომენტარების შეგროვება. მათი პასუხი მართალია ძალიან მოკლეა, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესო.
ლაშა შონია, „იგრიკას“ ხელმძღვანელი:
– იცით, რა? მე არც პოლიტიკოსი ვარ და მსგავს შეფასებებს ვერ დავიწყებ. ამას, ალბათ, თვითონ ტელევიზია და ჟურნალისტები შეაფასებენ.
უკვე შეაფასეს – მედიამ „დისკების დემოკრატია“ დაიწუნა...
„საოფისე“ პოლიტიკა
იგივე პრობლემა არსებობს საზოგადოებასთან მიმართებაშიც. ერთადერთი „ნათელი წერტილი“ ამ მიმართულებით დავით უსუფაშვილმა „ჩააგდო“. მან პირობა დადო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩევნებში გამარჯვებას ოფისიდან არ აპირებს“. თუმცა როდის გამოვა ივანიშვილი ხალხში, ამაზე კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. არ არის გამორიცხული, ხალხს არჩევანის გაკეთება ვირტუალურად მოუწიოს, რადგან ივანიშვილი ამომრჩეველთან შესახვედრად ჯერ არ გამოსულა. ყოველ შემთხვევაში ღიად. მისი გუნდის წევრები კი ირწმუნებიან, ივანიშვილი უკვე ორჯერ იმყოფებოდა რეგიონში და ხალხსაც შეხვდაო, მაგრამ არც ერთი რეგიონი არ სახელდება ხმამაღლა. მით უმეტეს არაფერი კონკრეტდება მომავალ შეხვედრებზე. ვთქვათ, ეს კეთდება მართლაც ივანიშვილის უსაფრთხოების მიზნით, მაშინ რატომ მალავენ უკვე ჩატარებულ შეხვედრებს? ის ხომ უკვე წარსულია?.. უკვე შემდგარ შეხვედრას რაღა საფრთხე შეიძლება დაემუქროს? როგორც ჩანს, ის ან საერთოდ არ შემდგარა, ან კიდევ სხვა მიზეზია.
როგორც კულუარებში ამბობენ, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში ივანიშვილი ჭორვილაში, საკუთარი დედის სანახავად ჩასვლას გულისხმობს. მეორე ვიზიტის ფარგლებში ვინ მოინახულა ოლიგარქმა, ეს უკვე დაუზუსტებელია... და ყველაზე საინტერესო – დავით უსუფაშვილმა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრების „ჩამონათვალში“ მოაქცია ჭაბუა ამირეჯიბის 90 წლისთავისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის იუბილეებზე სტუმრობა, ასევე ჩხიკვაძის დაკრძალვაზე მეუღლესთან ერთად გამოჩენა.
– ბიძინა ივანიშვილს დღევანდელი მდგომარეობით აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ის დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის გარდა, ბევრი თემაა ისეთი, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. თუმცა ის არ აპირებს, ნაკლები აქტიურობით ჩაერთოს პოლიტიკაში. მაგრამ აქტიურობის ფორმები და დრო დამოკიდებულია მისი პირადი უსაფრთხოების თემაზე. ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური თემა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის რეგიონებში გასვლისა თუ საზოგადოებასთან შეხვედრის საკითხები ამ ჭრილში იქნება განხილული. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ივანიშვილი ძალიან ბევრ ადგილას იყო მისული. ეს იყო ხან სამძიმარი, ხან იუბილე. მე ვიცი, რომ ის იყო რეგიონშიც, ჰქონდა შეხვედრა და საუბარი ძალიან ვიწრო წრესთან.
– რომელ რეგიონში იმყოფებოდა?
– მე ვერ ვიტყვი ამას და არ ვიტყვი. ის იმყოფებოდა ორ რეგიონში, ბოლო ორ... ბოლო რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი ის, რომ ბატონი ბიძინა ასეთი შეხვედრებით გააგრძელებს ურთიერთობას საზოგადოებასთან. იქნება სხვა შეხვედრებიც, სხვა ვიზიტებიც სათანადო დროს, სათანადო ადგილზე. რა თქმა უნდა, ყველა ლიდერი საკუთარ ამომრჩეველს უნდა შეხვდეს და თან პირადად. ჩვენ ჯერ უსაფრთხოების სისტემას ვქმნით.
როგორც ჩანს, ეს მოსახლეობასთან ეურთიერთობის რაღაც ახალი სტილია. ევროპა მართლაც გაოცებული დარჩება, ოღონდ, ბუნებრივია, არა დემოკრატიის ხარისხით ან დემოკრატიის ახლებური მიდგომით. ეს უფრო პოლიტექსპერტების კვლევის საგანს ჰგავს. დასადგენია, რა ახალი ფორმაცია შემოაქვს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს.
კომენტარი