"ჯიპიაი ჰოლდინგის" თაღლითური სქემა - ავტოდაზღვევა ანაზღაურების გარეშე
სადაზღვევო კომპანიების თაღლითური სქემა თუ კლიენტების დაუდევრობა - ბოლო პერიოდში მატულობს იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებს სიცრუეში ადანაშაულებენ.
ავტოდაზღვევა ის ერთ-ერთი შეთავაზებაა, რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ამაყობენ და კლიენტებს, პრაქტიკულად, ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც კომპანიაში მისული კლიენტი, მომხიბვლელი შეთავაზებისგან მონუსხული, ხელშეკრულებას დეტალურად არ კითხულობს და სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელს სიტყვაზე ენდობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, ავტოდაზღვევა სადაზღვევო კომპანიის, "ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენლის გარეშე, ბანკის თანამშრომლის მეშვეობით მოხდა.
მოქალაქე ნარგიზ ტაბატაძემ, რომელმაც პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრის სურვილი თავად გამოხატა, ავტომობილი თიბისი ბანკის მეშვეობით, "ჯიპია ჰოლდინგში" დააზღვია.
"ავტომობილი თიბისი ბანკში, განვადებით შევიძინე. იქ ერთი ბიჭი მომემსახურა. მანქანა ჩემს ბიძაშვილზე გავაფორმე. პირველადი შესატანი თანხა მე შევიტანე. ბანკის ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ მანქანას მე ვყიდულობდი.
შეძენისთანავე მოვითხოვე, რომ ავტომანქანა დამეზღვია. აღსანიშნავია, რომ ბანკში "ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ყოფილა. ბანკის თანამშრომელი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს სოციალური ქსელის მეშვეობით გადასცემდა საჭირო ინფორმაციას. როდესაც ბანკში დაზღვევის პოლისი დამზადდა, ბანკის თანამშრომელმა მიუთითა ჩემი ბიძაშვილი, ანუ ის პიროვნება, ვისზეც ავტომობილი გაფორმდა. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ სადაზღვევო კომპანიის ხელშეკრულებაში უნდა ჩაწერილიყო კიდევ ვინმე, ვინც მანქანას შემდგომში მართავდა.
თითქმის მთელი დღე გავატარეთ ბანკში. დღის ბოლოს, მაინც ვიკითხე, იყო თუ არა მანქანა დაზღვეული. ბანკში დამიდასტურეს, რომ უკვე დაზღვეული იყო და არანაირი პრობლემა არ იყო. მომილოცეს ყველაფრის წარმატებით ჩატარება და არა ჩემს ბიძაშვილს, რადგან იცოდნენ, რომ მე ვყიდულობდი ავტომობილს.
გარკვეული პერიოდის შემდგომ, მოხდა ავარია, საჭესთან მე ვიჯექი. ავტოსაგზაო შემთხვევა ჩემი მიზეზით არ მომხდარა. პატრულის თანამშრომელმაც დააფიქსირა ეს ფაქტი. ავარიის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მივიღე, რის გამოც რამდენიმე დღე ვიწექი. საპატრულო პოლიციამ სადაზღვევო კომპანიას გადასცა ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჩემი მიზეზით არ მომხდარა.
როგორც გამოვჯანმრთელდი, მივაკითხე სადაზღვევო კომპანიას. "ჯიპიაი ჰოლდინგში" ზიანის ანაზღაურებაზე უარი იმ მიზეზით მითხრეს, რომ მანქანა ჩემზე არ იყო გაფორმებული. აბსოლუტურად ყველა გადახდას თავად ვაფიქსირებდი - ყველა დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაა. სულელი უნდა ვყოფილიყავი, რომ სხვის მაგივრად, მე გადამეხადა ყოველთვიური გადასახადი.
ეს არის თაღლითობა. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. სადაზღვევო კომპანია კლიენტს არ აწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ დაზღვევას. ხალხს ატყუებენ. ძალიან ბუნდოვანი ხელშეკრულებები აქვთ და თუ იურისტი არ ხარ, გამორიცხულია მიხვდე. სადაზღვევო კომპანიები ასეთი ხელშეკრულებებთ თაღლითობენ",- აცხადებს ნარგიზ ტაბატაძე.
დაზარალებული აქვე აღნიშნავს, რომ ავარიის შემდეგ, ავტომობილი 9 თვის განმავლობაში საჯარიმოზე იყო გადაყვანილი, სადაზღვევო კომპანიას კი, მისთვის არც ერთი თეთრი აუნაზღაურებია.
"მანქანა 8 900 აშშ დოლარის ღირებულების იყო, რომელიც შემდეგ ჯართში ჩავაბარე. არც ერთი თეთრი "ჯიპიაი ჰონდინგს" არ აუნაზღაურებია. მე რომ იურისტი ვყოფილიყავი, ასეთ შეცდომას ხომ არ დავუშვებდი. მეგონა მანქანა დავაზღვიე და თურმე არაფერი დამიზღვევია", - აღნიშნავს ნარგიზ ტაბატაძე.
სააგენტო "პირველს" მსგავსი პრობლემების შესახებ არაერთმა დაზარალებულმა აცნობა. რედაქცია ყველა მათგანის შესახებ ინფორმაციას, ეტაპობრივად გაავრცელებს.
კომენტარი