სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ინდუსტრიული განვითარება ენერგეტიკის განვითარებას მოითხოვს“

„ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ჩვენ გვჭირდება სერიოზული გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა დამატებითი შემოსავლები და ინვესტიციები,“- აცხადებს პარტია სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიული წარმოების შექმნას, რაც, თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარებას მოითხოვს. გია ჟორჟოლიანი ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის სამინისტროში გამართული სპეციალური შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელზეც სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზე ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს.

გია ჟორჟოლიანი: ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საინტერესო ანალიზი წარმოადგინეს. ითქვა, რომ მზადდება ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი. საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდეს. ანალიტიკურ დოკუმენტში გარკვეული შედარებები იყო საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ ენერგეტიკულ ვითარებებს შორის, მოყვანილი იყო კონკრეტული მონაცემები.

-საქართველოში დღეს ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი, გარკვეულწილად, ხუდონჰესის პროექტთან ასოცირდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც თუ გაკეთდა აქცენტი ამ საკითხზე?

-ხუდონჰესზე ვისაუბრეთ, ჯერჯერობით ექსპერტიზა, მუშაობა მიმდინარეობს, მე არ შემიძლია კონკრეტულად ამ პროექტის შესახებ ვისაუბრო, თუმცა გენერაციის თვალსაზრისით გვჭირდება სერიოზული გაძლიერება. რაც შეეხება, ზოგადად, ენერგეტიკის თემას, ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში არსებული ჰიდრორესურსების გამოყენება, ცხადია, ეს უნდა მოხდეს ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. რისკები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და ზიანი შემცირებული.

ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ჩვენ გვჭირდება სერიოზული გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა დამატებითი შემოსავლები და ინვესტიციები. ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი საჭიროება არის ინდუსტრიული განვითარება, რაც, თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარებასაც მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავრჩებით ჩამორჩენილი ქვეყანა. ამიტომ, ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ რესურსები.

-დღეს ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობაზე თითქმის არავინ დავობს. თუმცა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დარგი მაინდამაინც ჰიდრორესურსების ხარჯზე არ უნდა განვითარდეს და ყურადღება ალტერნეტიულ ენერგოპროექტებზე უნდა გამახვილდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

-რა თქმა უნდა, ალტერნატიული ენერგეტიკაც უნდა განვითარდეს. ეს თემა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. აპრიორი იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ენერგეტიკა და ჰიდრორესურსები არ უნდა გამოვიყენოთ, არის მცდარი პოზიცია. ისევე, როგორც მცდარია შეხედულება, რომ ყველაფრის ფასად გამოვიყენოთ ჰიდრორესურსები და ჰიდროელექტროსადგურები ავაშენოთ იმგვარად, რომ ბევრი სხვა რამ დავაზიანოთ.

-ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თემა დღეს საჯარო განხილვის საგანია. ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ ექსპერტები, საზოგადოების წარმომადგენლები. იმართება პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, ისეთ მსხვილ პროექტზე, როგორიც ხუდონჰესია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის უმთავრესი მიზეზი?

-ვფიქრობ, ხელისუფლება ცდილობს, ეს საკითხები ყველა მხრიდან იყოს აწონილ-დაწონილი - სპეცილისტებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებიც მიმდინარეობს. სასურველია, ცოტა უფრო მშვიდ რეჟიმში წარიმართოს საკითხების განხილვა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის შემოსავლის მოტანის მიზნით გასაყიდი მცირე რამ, ეს არის, ზოგადად, ქვეყნის და ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული თემა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინდუსტრიალიზაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ და ამიტომ, მე მგონია, საკითხები უფრო მშვიდად, საექსპერტო- სამეცნიერო კუთხით უნდა შეფასდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ პროცესში მოსახლეობა არ უნდა იყოს ჩართული და მათი ერთგვარი იგნორირება მოხდეს. საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100