სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დათანხმდით ჩემს სამედიცინო ტრანსფერს კიევში" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და შეთავაზება "ოცნების" ხელისუფლებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, დათანხმდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას მკურნალობის მიზნით მის კიევში გადაყვანასთან დაკავშირებით.

მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ თუ ხელისუფლება შეთავაზებას დათანხმდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქვეყანაში პირველივე გამოძახებისას დაბრუნდება.

ამასთან, მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამ, სანამ ის კიევში იქნება, საქართველოში მასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები შეჩერდება.

"მინდა გავაკეთო მიმართვა საქართველოს ხელმძღვანელობაზე, რომელსაც არ მეგონა, რომ გავაკეთებდი. თქვენ იცით, რომ ციხეში გადატანილი ტრავმების შედეგად, მე განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა, ამას ყოველდღიურად უყურებდა, მართლა მეცოდება ციხის ექიმები, რომლებიც იძულებულნი არიან, რთულ პირობებში ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სულ უფრო მძიმდება. ეს არის ის, რაც თავიდანვე თქვა კონსილიუმის ბევრმა ნევროლოგმა, რომ ასე მოხდებოდა.

მე მოგმართავთ, დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ გამოტანილი განაჩენები დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ნაციონალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი, ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის გვერდით და იქ დღესაც მუშაობს. მათთან მაქვს კონტაქტი ყოველდღიურად.

როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას, რომ ჩამოვალ. ასევე მინდა გითხრათ, თუ გადაწყვეტთ ამ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც მე უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება.

ჩემ ტრანსფერს თუ დათანხმდებით, ამას განახორციელებს დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება თქვენ გაქვთ და იცით, რომ არაერთგზის ყოფილა ეს შემოთავაზება. თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. თუ ჩამომიყვანთ, ეს პირობა უკვე აღარ შესრულდება.

კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. იმიტომ რომ ოპერაციულ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები, ვისი განადგურება უნდათ და იქ ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, დათანხმდნენ ჩემს წინადადებას და თავის მხრივ, მე მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც მე გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამ. წვრილმანად ჩანს ეს ყველაფერი იმის ფონზე, რაც დღეს ხდება. მე მაქვს თქვენი საღი აზრის და რაციონალურობის იმედი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ შიმშილობას აგრძელებს:

"მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ სიკვდილისთვისაც. როცა მოვდიოდი, კარგად ვიცოდი, ნებისმიერ მომენტში ეს შეიძლება მომხდარიყო. ეს არ არის შანტაჟი, ეს არის ჩემი სურვილი. უბრალოდ, მე არ მინდა, რომ თქვენ მოაწეროთ ხელი საქართველოს მორიგი პრეზიდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება და საქართველო ვაქციოთ მთელი მსოფლიოს თვალში საკუთარი პრეზიდენტის სერიულ მკვლელ ქვეყნად", - თქვა მესამე პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100