წუხელ დალია და გამთენიისას, გულით გარდაიცვალა. არაფერი აწუხებდა... - რა გახდა ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების მიზეზი
დღეს დილით რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება.
მსახიობს რუსთაველის თეატრიდან რვა იანვარს გამოასვენებენ და დაკრძალავენ.
ნიკა ქაცარიძე ფართო საზოგადოებამ სერიალებიდან - "შუა ქალაქში" (ხელოსნის როლში) და "ჩემი ცოლის დაქალები" (სკვითის როლში) გაიცნო.
მსახიობს რეჟისორები, კინოსა და თეატრში, სახასიათო როლებს აძლევდნენ.
ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
"მხოლოდ იმიტომ ღირს ცხოვრება, შვილები გაახარო" - პირველ იანვარს ფეისბუქზე წერდა მსახიობი და ნაძვის ხესთან საჩუქრებით გახარებული შვილების ვიდეოს აქვეყნებდა...
ნიჭიერი მსახიობი, იუმორის მქონე, პოზიტიური ადამიანი და მზრუნველი მამა - ეს არის დახასიათება, რასაც ყველაზე ხშირად მისი მისამართით გაიგონებ.
ნიკას პარტნიორი "ჩემი ცოლის დაქალებში" პაატა გულიაშვილი იყო. ისინი სერიალში სკვითი ძმების როლს ასრულებდნენ.
პაატა გულიაშვილი: - როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წუხელ დალია და გამთენიისას, გულით გარდაიცვალა. არაფერი აწუხებდა. გულს არ უჩიოდა. ნაბახუსევზე გარდაიცვალა.
ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ყველგან ერთად, თეატრსა თუ გადაღებებზე...
ჩემი და ნიკას უკანასკნელი საუბარი საახალწლო მილოცვა იყო მესენჯერში მივწერეთ ერთმანეთს.
დარჩა ანგელოზივით მეუღლე და ორი პატარა, რომლებზეც გიჟდებოდა. შვილებზე გადაყოლილი მამა იყო.
მიმძიმს საუბარი. მადლობა...
კომენტარი