სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენ ხანს ცოცხლობს სიყვარული ოცნების კოშკში?

მნიშვნელობა არა აქვს, რეალობის რამდენ ბალიან შემოტევას გაუძლებსადრე თუ გვიან, გინდა თუ არ გინდა, ყველა ოცნების კოშკი ინგრევა.

იმიტომ, რომ მას, როგორც გეგონა, თურმე ისე არ უყვარხარ.

იმიტომ, რომ გამოუსწორებელი მექალთანე ყოფილა.

იმიტომ, რომ შენს არცერთ თხოვნას ანგარიშს არ უწევს.

იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი აღმოჩნდა.

იმიტომ, რომ შენთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები არ ჰქონია.

იმიტომ, რომიმიტომ!

რა აზრი აქვს იმ უამრავი მიზეზის ჩამოთვლას, ქალების ქრონიკულ გულისტკივილს და სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუებას რომ იწვევს, მით უმეტეს, თუ ყველაფრის წინდაწინ ცოდნა და თავიდან აცილება შეუძლებელია.

მართლაც, წინასწარმეტყველი თუ არა ხარ, აბა, საიდან მოგივა თავში აზრად, რომ ბიჭს, რომელიც, გაპიწკინებული ჰოლივუდის ღიმილით, უდახვეწილეს თაიგულს გჩუქნის და ყურში უტკბეს კომპლიმენტებს ჩაგჩურჩულებს, დედაშენის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიების სურვილი გაუჩნდება მხოლოდ იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩაი საკმარისად ცხელი არ მიართვი ან საჭირო ფერის პერანგი არ გაუმზადე ჩასაცმელად, შენთან ერთად თეატრში წამოსვლას „საძმოში“ ლუდის დალევას ამჯობინებს ან მოგზაურობისთვის შეგროვილ ფულს ერთ ღამეში დახარჯავს, მისი მამაკაცური „ღირსების“ სარეაბილიტაციო, რომელიმე საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებაში, ვთქვათ, კაზინოში?

აბა, ვინ გეტყვის დაზუსტებით, როგორ უნდა მოიქცე, რომ უსიამოვნო მოულოდნელობებისგან საიმედოდ იყო დაცული და მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდე?!

მართალია, ერთი შეხედვით ყველაფერში გარკვევა, შენ კი არა, შენზე ბევრად გამოცდილებსაც გვარიანად უჭირთ, მაგრამ ვინ გიშლის – მეორედ, მესამედ, მეათედ ან მეასედაც კი შეხედო შენს რჩეულს, სხვადასხვა კუთხიდან და განსხვავებულ სიტუაციებში?

შეხედო და შეგნებულად არ თქვა უარი იმაზე, რომ და-ი-ნა-ხო!

მით უმეტეს, რომ, ძალიან ხშირად, ყველაფერი ზედაპირზე, მთლად ჩვენ ცხვირწინ დევს (ქალურ საუბრებში ყურადსაღები სიხშირით გამოყენებული ფრაზა „მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი“ სწორედ ამ ფაქტის აღიარებას წარმოადგენს) და არც არავინ ცდილობს, დაგიმალოს… ერთადერთი, ვინც თვალსაჩინო და ეჭვშეუვალ ფაქტებს შენი თვალისათვის შეუმჩნეველს ხდის, სიყვარულისთვის მზადმყოფი, მაგრამ მეტისმეტად მოუთმენელი, შენივე გული და გონებაა.

ქალური ლოგიკა რომ არანაირ კრიტიკას არ უძლებს, ისევ ქალებმა ვაღიარეთ დიდი ხნის წინ, მაგრამ გაცილებით დიდ გაუგებრობაში ჩვენივე წარმოსახვა ანუ ქალური ოცნება გვაგდებს ხოლმე. გამოტყდი, განა არასოდეს ყოფილხარ სიტუაციაში, როცა:

ოცნებაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზი კუნთები აქვს, მამაკაცი, შენი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელ, უშიშარ რაინდად წარმოიდგინე;

მის მოყოლილ ანეკდოტზე ერთადერთხელ გაგეცინა, დაქალებს კი ტვინი წაუღე იმაზე ლაპარაკით, რომ მასზე უფრო მხიარული და გონებამახვილი ადამიანი არ გინახავს;

პაემანზე მდიდრულ რესტორანში დაგპატიჟა და ეჭვი აღარ გეპარება, რომ ბილ გეიტსის მოწილე თუ არაა, რამე „ძალიან მაგარი“ ბიზნესი მაინც აქვს… აქ ან საზღვარგარეთ;

დარწმუნებული ხარ, ქალები მისი გულის მოსაგებად ყველაფერზე მიდიან – რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ამის შესახებ იმ ქალების კი არა, მხოლოდ და მხოლოდ შენი რჩეულის მონაყოლიდან შეიტყვე;

ფიქრობ, რომ სათვალე განათლების მისაღებად გაწეული კოლოსალური შრომის შედეგია და არა მხედველობის თანდაყოლილი სისუსტის.

თუ ერთხელ თავის ნებაზე მიუშვი, მერე და მერე ხომ სულმთლად დაუკრეფავში გადადის ეს ოცნება:

შემთხვევით დაინახე, დიშვილი სკოლაში როგორ მიიყვანა, ე.ი. გიჟდება პატარებზე (არადა, ეს მის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო და წინ არცთუ ისე უწყინარი ოჯახური სცენა უძღოდა).

ხანდახან წარმოსახვა ისე თავხედდება, იმასაც კი გაჯერებს, რომ მისი უყურადღებობა მხოლოდ და მხოლოდ დაღლილობით ან მოუცლელობითაა გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ შენი ორთავ თვალით ხედავ, როგორ პოულობს დროს და ენერგიას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მეგობრებთან ერთად მოსალხენად (აბა, რა ჰქნას, ცხვირზე მურს ხომ არ ჩამოისვამს), სხვა ქალებთან თავშეუკავებელი ფლირტის მცდელობა კი მათი აქტიურობის (გამოიწვია და რა ექნა) ან სასმელის “მოულოდნელი” ზემოქმედების (დათვრა და კაცის ამბავი ხომ იცი) შედეგია.

ცოტაც და…

უხეშობა უშუალობაში გერევა, უსაქმურობა – უიღბლობაში, მფლანგველობა – უშურველობაში.

კარგი, რა, კარგი… ჩემო კარგო :).

თავის მოტყუებას არ გირჩევნია, ახირებაზე (სხვა სახელს ამას ვერ დაარქმევ) უარი თქვა და ისეთი ადამიანის ძებნას შეუდგე, ვის გამოც გაწითლება არ მოგიწევს და აღარც, შენი აზრით, საჭირო და აუცილებელი, მაგრამ აშკარად არარსებული თვისებების ოცნებით შევსება დაგჭირდება?

ცხოვრება ხომ არც ისეთი გრძელია, რომ დრო უაზრო იმედებისა და მერე, ამ იმედების მსხვრევით გამოწვეული, ტკივილების მოსაშუშებლად არ გენანებოდეს. რამდენჯერ შეიძლება გახდე ავად ერთი და იგივე სნეულებით – განა უკეთესი არ იქნება, წარმოსახვის უნარი რეალობიდან გასაქცევად კი არა, უკეთესი რეალობის შესაქმნელად გამოიყენო?!

ჰოდა, შევთანხდეთ: ამ სტატიის კითხვას რომ დაასრულებ, მტკიცე გადაწყვეტილებით და ყურადღებით ჩახედე თვალებში მას, ვინც ამჯერად სტუმრობს შენს ოცნებებს და თუ იქ არეკლილმა საკუთარმა გამოსახულებამ არ დაგაკმაყოფილა (უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მის გვერდით არ ხარ, ვის გვერდითაც უნდა იყო), ღიმილით დაემშვიდობე და გზა უშიშრად გააგრძელე – მთავარია, საკუთარი თავი არ დაკარგო, დანარჩენს კი… „ვინც ეძებს, ის პოულობს!“



წყარო: http://pink.ge/articles/love-sex/ocnebis-koshki/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100