სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში, ხილის მოპარვის გამო მეზობელმა ბავშვი პლასტმასის მილით სცემა, შარვალი გახადა და ქუჩაში შიშველი გაუშვა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR აცხადებს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 12 წლის ბავშვის უფლებებს იცავს, რომელსაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე.

„მეორე პირმა ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც“ – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ითხოვდა ბავშვის დაზარალებულად ცნობას დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, თუმცა პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა.

„PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე.

PHR-მა ერთი პირის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და მეორე პირის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის მუხლით დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებას, სასამართლოს განმარტების თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა მოიაზრებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობას.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.

სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“ – იუწყება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ორგანიზაციის ცნობით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100