სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი თვლის, რომ ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს არჩევნებზე თავის სასარგებლოდ ქულების დაწერას.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის ასეთი სახით წამოწევა და აჟიტირება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. რაც შეეხება პროკურატურას, მამუკა ხაზარაძე უწყებას უნდობლობას უცხადებს.

„როდესაც ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში, ვფიქრობ, ის, რაც ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას შეიძლება დავუკავშიროთ. ძალიან სახიფათო თემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვსაუბრობთ ჩვენს მიწებზე და არ ვაპირებთ მის დათმობას, რადგან უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ნაბიჯები და არა ის, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. პროკურატურის არ მჯერა, რადგან პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე განმარტავს, რომ პროკურატურას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული უწყება, „ქართული ოცნების“ თაოსნობით, მუშაობს ემოციური ფონის გაღვივებაზე, დავით გარეჯი კი საქართველოსთვის სენსიტიური თემაა. „მხოლოდ მე კი არა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ ენდობა პროკურატურას. ახლა მიდის ემოციებზე მუშაობა და ამ ემოციების გაღვივება, “ოცნება” კი ამ ყველაფრის საარჩევნოდ გამოყენებას შეეცდება. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან სწორად ვერ გათვალეს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და სცდება წინასაარჩევნო კალენდარს. თვითონ ის ფაქტი, რომ 14 წლის წინანდელ ამბავს არჩევნების წინ ასაჯაროებენ, მათზე მეტყველებს უარყოფითად, რადგან მთელი 8 წელი ამ ამბით არ ინტერესდებოდნენ და მხოლოდ ახლა, ოქტომბრის არჩევნებისთვის გაახსენდათ. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ის არჩევნებს აგებს და ასეთი სენტიმენტალური საკითხით ცდილობს ხმების მოპოვებას, რაც არის პოპულიზმი,“ - აცხადებს ხაზარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100