სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: „თვით „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს იმხელა ნდობა, რამდენიც პოლიციას“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატებს, ძირითადად, პოლიციის პოლიტიზირებისა და დემილიტარიზაციის, ასევე რეფორმების მიმდინარეობის საკითხები აინტერესებდათ.

„საქართველოს პოლიციის დემილიტარიზაცია დღის წესრიგში არ დგას, რადგან იგი ყველაზე მსუბუქად შეიარაღებული პოლიციაა“, - განაცხადა სამთავრობო საათზე საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, საქართველოს პოლიციას არა აქვს კონფლიქტის ზონებთან მძიმე შეიარაღებით განლაგების უფლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს „გარკვეულწილად, უთანასწორობაა, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს კბილებამდე შეიარაღებულები დგანან“.

ვანო მერაბიშვილმა რეფორმირებული პოლიციის მუშაობის პირველი და ბოლო წლები შეადარა და განაცხადა, რომ პროგრესი აშკარად სახეზეა:

„უნდა ითქვას, რომ რეფორმების შემდეგ, პირველ პერიოდში, როცა ჩვენი ხელისუფლებისა და, თავისთავად, პოლიციის წინააღმდეგ მუშაობდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები და მას-მედიის ნაწილი, ჩვენ გვქონდა დაძაბული პერიოდი. ამ დაძაბულობის გამო შეიარაღებული შეტაკების დროს დაიღუპნენ როგორც ეჭვმიტანილები, ასევე პოლიციელები. მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში არცერთი მოქალაქე არ დაღუპულა პოლიციელის ხელით და მეტიც, საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში არ მომხდარა ფაქტი, როცა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. ეს უნიკალური შემთხვევაა და ანალოგი არ მოიპოვება არც სკანდინავიურ ქვეყნებში, არც დანარჩენ ევროპაში“, - თქვა შს მინისტრმა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, სწორედ ამ და სხვა წარმატებული საქმიანობის შედეგია ის, რომ პოლიციას მაღალი რეიტინგი აქვს:

„არცერთ პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, თვით „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი არა აქვს იმხელა ნდობის რეიტინგი, რამდენიც პოლიციას. პოლიციის ნდობის რეიტინგი 87%-ია“, - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ შსს არ აფარებს ხელს არცერთ თანამშრომელს, რომელიც კანონს ან ეთიკურ ნორმებს არღვევს. მისივე თქმით, ეს წესი სხვა სახელმწიფო მოხელეებზეც ვრცელდება:

„ამასწინათ აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან არაეთიკური ქცევისთვის გავათავისუფლეთ თანამდებობიდან. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში სხავადსხვა დანაშაულისთვის 78 პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ამ რიცხვში არ შედიან კორუფციის ბრალდებით დაკავებულები, ეს სხვა თემაა“, - თქვა შს მინისტრმა. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულია 6 მინისტრის მოადგილე, სამი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 200-ზე მეტი საგადასახდო ინსპექციის თანამშრომელი, 40 პროკურორი და 38 მოსამართლე.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე, ზოგადად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა:

„ბატონი ალასანიას განცხადება საბაბად გამოიყენეს და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მგონია, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება პარლამენტში ან მის გარეთ შეიძება გაკეთდეს, მოზომილი უნდა იყოს, რათა საერთო საქმეს ზიანი არ მიადგეს. ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთს არაფერში არ სჭირდება. მას ეს რეგიონები სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ. იმედია, არ არის დარბაზში ვინმე, ვინც ამას არ იზიარებს“.

შს მინიტრი შეეხო ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვასაც იმის შესახებ, რომ თითქოს შსს-მ იცის ომის დროს გაქცეული რამდენიმე ჩინოვნიკის ვინაობა და მათ ხელს აფარებს:

„ ეს იყო ჩვენი ომი. ომი, სადაც ჯარისკაცებთან ერთად, პოლიციელებიც იმყოფებოდნენ და ჩვენ დაჭრილებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვიწევდა. ქართულმა პოლიციამ დანაკარგი განიცადა იმ ომში და, რა ვალი უნდა გვქონდეს რომელიმე ჩინოვნიკის, რომ ხელს ვაფარებდეთ მის გაქცევას, თუკი გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ?“.

ვანო მერაბიშვილმა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასაც მიმართა:

„ბატონო ჯონდი, მე მიჩვეული ვარ თქვენი მხრიდან გამოხტომებს, რადგან თქვენ მეგობრობდით იმათთან, ვისაც ჩვენ ვაკრიტიკებდით, ჯერ კიდევ ადრე. და თქვენ გვაკრიტიკებდით ჩვენ და არა მათ. მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენ თანამოაზრეები გავხდებით, თუნდაც მაშინ, როცა არც თქვენ და არც მე აღარ ვიქნებით პოლიტიკაში. მაგრამ თქვენ უფრო ადრე მოგიწევთ, რადგან მე კიდევ დიდხანს ვაპირებ დარჩენას... ეს - ხუმრობით, იმედია, გესმით“, - თქვა ვანო მერაბიშვილმა, დასასრულს კი ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ დეპუტატთა მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ვერ უპასუხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100