"ალ ქაიდა" აშშ-ში ტერაქტებს გეგმავდა
11 სექტემბრის მოვლენებიდან 10 წლისთავზე, "ალ ქაიდა" აშშ-ში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ბინ ლადენის სახლში კომპუტერულ დისკებზე ჩაწერილ ინფორმაციას გაეცნენ.
”ალ-ქაიდას" მებრძოლები აშშ-ში მატარებლების აფეთქების შესაძლებლობას სწავლობდნენ. "ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის რკინიგზის რომელიმე მონაკვეთს რეალური ტერორისტული საფრთხე ემუქრება. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, ჩვენს პარტნიორებს სავარაუდო შეთქმულების შესახებ შევატყობინოთ", - განაცხადა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ ჩანდლერმა.
სამინისტრომ სამართალდამცავ ორგანოებს უწყება დაუგზავნა იმის შესახებ, რომ 2010 წლის თებერვალში ექსტრემისტები აშშ-ში ხიდზე ან სხვა ადგილებზე რომელიმე მატარებლის აფეთქების შესაძლებლობას სწავლობდნენ.
"ჯერჯერობით უცნობია, იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტები 2010 წლის თებერვლის შემდეგაც", - აღნიშნა ჩანდლერმა.
ამერიკული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ "ნომერ პირველი ტერორისტის" ლიკვიდაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ხელში ჩაიგდეს 5 კომპიუტერი, 10 მყარი დისკი და ასობით სხვა ინფორმაციის ციფრული მატარებელი. მასალები შესასწავლად ვირჯინიის შტატში გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
2001 წლის 11 სექტემბერს "ალ ქაიდამ" აშშ-ში ტერაქტი განახორციელა, რომლის დროსაც 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
კომენტარი