სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებამ გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებამ გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის ივნისში ღუმელებიდან გამოშვებული ლითონების რაოდენობამ 19 400 ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 27 წლის მანძილზე, მსგავსი ოდენობის წარმოება არ ყოფილა.


შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განმარტებით, წარმოების ზრდა სწორი ტექნოლოგიების ხარჯზე მოხდა.
„წარმოება გაიზარდა სწორი ტექნოლოგიების ხარჯზე, ბევრი ნიუანსია გასათვლელი. შეიძლება, წარმოება გაზარდო, მაგრამ სადღაც წააგო. მაგალითად, გაიზარდოს ელექტროენერგიის, სხვა ნედლეულის ხარჯი, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან წინასწარ გავითვალისწინეთ ყველაფერი, რათა მიგვეღო დიდი წარმოება და ნაკლები ხარჯი. გაზრდილი წარმოება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის. სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს მეტ ვალუტას, კომპანიის თანამშრომლებისთვის კი გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებს.

ვთვლით, რომ ივლისის თვეშიც მსგავსი ოდენობის ლითონს ვაწარმოებთ, თუმცა, შესაძლოა, რიცხვი გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი წარმოება გარემოზე უარყოფითად არ ასახულა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჭიათურაში წერეთლის ღია კარიერი, რომელიც გარემოს ზიანს აყენებდა, დავხურეთ და ამჟამად რეკულტივიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კომპანია “Georgian American Alloys”-ის აქციონერმა, ურიელ ლაბირმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთობლივი საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც, ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, 12 ივნისს მის მიერ სასამართლოსთვის იქნა წარდგენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100