სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ინიციატივები გააცნო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ღარიბაშვილს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა ტალებ რიფაის თბილისში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა მალე ახალ ფაზაში გადავა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

მხარეებმა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და ბოლო დროს ტურიზმის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ--ერთი ყველაზე მზარდი სექტორია და მისი განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საერთო ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს წევრ სახელმწიფოებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საკურორტო-ტურისტულ ზონებში მიმდინარე საინვესტიო პროექტებზე.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან გამოითქვა საინტერესო ინიციატივები საქართველოში სასოფლო და საქალაქო ტურიზმის, ასევე სამთო -სათხილამურო ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასოფლო ტურიზმს, საქალაქო ტურიზმსა და სამთო--სათხილამურო ტურიზმს შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდენოს ეკონომიკაზე, ასევე დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,"--განაცხადა ტალებ რიფაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, ევროპის რეგიონალური პროგრამის კოორდინატორი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ბექა ჯაყელი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი სიგუა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი დაესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100