პრემიერის შეხვედრები, მოსახლეობის პროტესტი და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 12 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
ილია II - მ სამების ტაძარში დღეს მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. "თუ ჩვენ უფლისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულით ვიცხოვრებთ, საქართველო დამშვიდდება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ შეისმინოს ჩვენი ლოცვა და აკურთხოს საქართველო მშვიდობით, სიხარულით, სიყვარულით. მოგვმადლოს ჩვენ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში ახალი მავთულხლართები გაჩნდა. რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებულმა უკანონო საზღვარმა ქართულ სოფლებში ზოგიერთი ოჯახის ეზოებსა და ბაღებზე გაიარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ბაღების და საძოვრების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ისინი საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასაც ვეღარ ახერხებენ. შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს. გორისა და კასპის რაიონის საზღვრისპირა სოფლებში დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა ახლად გავლებული საზღვარი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პრემიერ მინისტრის შეხვედრები - ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის უფროსს შეხვდა. პრემიერმა საიმონ ფრეიზერთან ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობები განიხილა. დღესვე პრემიერ-მინისტრი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ვერა მაშადოს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სამომავლო ურთიერთობებსა და გეგმებზე ისაუბრეს. 2013 წელს საქართველო-ბრაზილია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს აღნიშნავს. მხარეებმა თანამშრომლობის ახალი ფორმატები შეიმუშავეს. დღესვე პრემიერ-მინისტრი ექსპერტებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტში ინიცირებული ის საკონსტიტუციო ინიციატივა იყო, რომლის გათვალისწინებით იზღუდება ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით.
ვენეციის კომისიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე "საერთო სასამართლოების" შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. 11-გვერდიანი დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში წერია, რომ კომისიის წევრების აზრით, მომზადებული ცვლილებები კანონს ევროპულ სტანდარტებთან უფრო მიახლოებულს გახდის. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თემას, რომელიც ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად იქცა, რეკომენდაციის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრებს ვადის ამოწურვამდე უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ. საბოლოო დასკვნაში იგივე წერია, რაც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დასკვნის პროექტში ჩაიდო. კომისიის წევრების რეკომენდაციაა - კანონპროექტიდან საერთოდ ამოიღონ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოქმედ წევრს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. დასკვნაში საუბარია სასამართლოებში კამერების დაშვების საკითხზე, ის რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება უფლება - გადაიღოს პროცესები და სხვა მედიასაშუალებებს გადასცეს. ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და მისი გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
განათლების მინისტრი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, სასწავლო დაწესებულებას საშუალება აქვს ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაცია ხელახლა მიიღოს. სტუდენტები კი ამბობენ, რომ მინისტრისგან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს და მარგველაშვილმა მათი თხოვნა, რომ დაეთვალიერებინა დაწესებულება და გაცნობოდა ვითარებას, არ გაითვალისწინა. აგრარული უნივერსიტეტის იურისტები კი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგემავენ. მათი თქმით, ჯერ წერილობითი დასკვნა არ მიუღიათ, თუმცა, როგორც ზეპირად განუმარტეს, ისინი მიიჩნევენ, რომ ხარისხის კონტროლის სამსახურის დასკვნა სამართლებრივ დარღვევებს არ ეხება და უსაფუძვლოა. შეგახსენებთ რომ აგრალური უნივერსიტეტისთვის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება გუშინ გვიან საღამოს იქნა მიღებული.
ჩუღურეთის მოსახლეობა ნინოშვილის ქუჩაზე ავტოსადგომის მშენებლობას აპროტესტებს. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ დოლიძე მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც დეპუტატი აცხადებს, ავტოსადგომი 200- მდე სატვირთო მანქანაზე არის გათვლილი და მშენებლობა გოგოლის. ნინოშვილისა და ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ შენობებს დააზიანებს. მოსახლეობამ მერიას განცხადებით უკვე მიმართა.
ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკანონოდ შესახლებულებმა დღეს აქცია გამართეს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილამდე ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ ულტიმატუმი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებას არ აპირებენ. ისინი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ არსებული სიტუაციის ადგილზე შესწავლას, რადგან მათი განცხადებით, აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის რეალურ გადაჭრას არ ცდილობს. უკანონოდ შესახლებულები მძიმე სოციალურ და ყოფით პრობლემებზე საუბრობენ, ოთხი თვის განმავლობაში მათ არა აქვთ წყალი და ელექტროენერგია. ტერიტორია თვითნებურად ეკომიგრანტებმა და სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ 1 ოქტომბრიდან დაიკავა და ამჟამად იქ 700-მდე ოჯახი ცხოვრობს.
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დღეს გორში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი იყო ძირითადად დევნილთა საკითხებზე და ცხინვალის რეგიონის იზოლატორში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ თემებზე მუშაობდნენ, დღეს ომბუდსმენს საკუთარი მუშაობის შედეგები გააცნეს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ნანუაშვილისგან მიიღეს. როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაკავებულების გაცვლის თაობაზე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმით გათვალისწინებულია ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ მსჯავრდებულთა დახმარება, მათთვის სპექტაკლებისა და კონცერტების ორგანიზება, ასევე შეხვედრები სახელოვნებო სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან. მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოაწერეს.
ენერგეტიკის სამინისტრო დედაქალაქის სტაბილური ენერგომომარაგების კონტროლს ამკაცრებს. ენერგეტიკის მინისტრი დღეს კომპანია “თელასის” სერვისცენტრების მენეჯერებს შეხვდა და ელექტროენერგიის გეგმური და არაგეგმური გათიშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. კახი კალაძის განცხადებით, მინისტრის პირადი კონტროლის ქვეშ სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ცენტრალური სადისპეტჩეროდან გათიშვების შესახებ ინფორმაციას 24-საათიან რეჟიმში მიიღებს.
კახეთის გუბერნატორმა გურჯაანსა და სოფელ ჩუმლაყში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ის ოჯახები მოინახულა, რომლებსაც თებერვლიდან სოციალური შემწეობები შეუწყდათ. ზურაბ ჭიაბერაშვილი რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდა. ჭიაბერაშვილის თქმით, 2013 წლის თებერვლიდან კახეთის რეგიონში სულ 5 ათას ბენეფიციარს შეუწყდა სოციალური დახმარება.
კომენტარი