სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველა მსხვილმან-წვრილმანი რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე (განახლებადი)

The Guardian პუტინის ოპოზიციის მიერ სოციალურ ქსელებზე გაკეთებულ კომენტარებს აქვეყნებს

დასავლური მედია აქტიურად აქვეყნებს ახალ ცნობებს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბრიტანული The Guardian პუტინის ოპოზიციის მიერ სოციალურ ქსელებზე გაკეთებულ კომენტარებს აქვეყნებს.

პუტინის პირველი პრეზიდენტობის დროს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი წარმომადგენელი ვლადიმერ მილოვი Tweeter-ზე წერს: "ნუ შევიქმნით განწყობას, რომ პუტინის გამარჯვება აუცილებლად უნდა ვცნოთ. გუშინდელი დღე იყო არჩევნების მასობრივი გაყალბების პროცედურა. ეს არ არის გამარჯვება".

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები, გუშინ გაიმართა და დასავლური მედიის მიხედვით გაყალბების საკმაოდ მაღალი პროცენტი დაფიქსირდა. იქ ადამიანები ხმას რამდენიმეჯერ აძლევდნენ.- (პრაიმტაიმნიუსი)

CNN: პუტინმა არჩევნები საკმაოდ ოსტატურად გააყალბა (15.00 სთ)

რუსეთის არჩევნებს დასავლური მედია აქტიურად ეხმაურება. CNN-ის თქმით, ვლადიმერ პუტინმა არჩევნები ძალიან ოსტატურად გააყალბა. 2004 წელთან შედარებით მისი გამარჯვების შანსი ძალიან მცირე იყო.

იმისთვის, რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო, პუტინს ხმების 50%-ზე მეტი სჭირდებოდა, ამიტომ არჩევნების გაყალბება მისთვის ერთადერთი გზა იყო.

ოპოზიციონერი და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი პუტინის მომხრეებს თაღლითობაში სდებს ბრალს და ხმების მოპარვაში ადანაშაულებს.

CNN ვლადიმერ პუტინს წარსულს უხსენებს და მას "კა-გე-ბეს" აგენტს უწოდებს. გარდა ამისა, ტელეკომპანია მას დეკემბერში გამართულ დუმის არჩევნებსაც ახსენებს და მის არალეგიტიმურობაზე საუბრობს. - (პრაიმტაიმნიუსი)

რუსული ვებ-კამერები არჩევნებზე: ცეკვა, სუფრა, ძილი და შიშველი უკანალი უბნებზე (ვიდეო)

მიხეილ პროხოროვის შტაბმა არჩევნებში 4 ათასზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა (12.00 სთ)

არჩევნების დროს აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობენ მიხეილ პროხოროვის საარჩევნო შტაბში. მათი თქმით, საერთო ჯამში, შტაბმა უკვე 4 ათასზე მეტი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორისაა ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და კარუსელები. მიხეილ პროხოროვმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის შეუერთდება საპროტესტო აქციას, რომელიც 19.00 საათზე პუშკინის მოედანზეა დაგეგმილი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აშშ-შიც გააპროტესტებენ (12.00 სთ)

რუსული მედიის ცნობით, აშშ-ში მცხოვრები რუსები საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ ტოტალურ დარღვევებს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიც გააპროტესტებენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია საპროტესტო აქციები აშშ-ში რუსეთის საელჩოსთან.

ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პრესკონფერენცია გადადო

11 საათზე დაგეგმილი პრესკონფერენცია გადადო ვლადიმირ ჟირინოვსკიმ. მისმა გარემოცვამ პკ-ს გადადების მიზეზად ის დაასახელა, რომ ჟირინოვსკიმ უკვე თქვა ყველაფერი, რის თქმაც უნდოდა, ორშაბათის 11 საათი კი ძალიან ადრეა იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები შეჯამდეს. ჟირინოვსკის განცხადებით, პკ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

რუსეთში ბიულეტენების 99% დათვალეს: პუტინის პროცენტულმა მხარდაჭერამ მოიმატა - 64%

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმირვ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად თითქმის 45 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა. პროცენტულად ეს მაჩვენებელი 64% უდრის.

ცესკოს მონაცემებით, მეორე ადგილზე გავიდა გენადი ზიუგანოვი, რომელმაც ხმების 17,9% მიიღო, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 6,23%, მიხეილ პროხოროვმა 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღო.

ცნობილია ისიც, თუ რა რაოდენობით მიიღეს ხმები კანდიდატებმა რეგიონში: მოსკოვის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა 50%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, დედაქალაქში მეორე ადგილზე რუსი მილიარდერი პროხოროვია, მესამეზე კი ზიუგანოვი.

რაც შეეხება ჩეჩნეთს, აქ ვლადიმირ პუტინს, არც მეტი, არც ნაკლები, ამომრჩეველთა 99,73%-მა დაუჭირა მხარი. როგორც გაირკვა, პუტინის გარდა სხვა ვერავინ წარმოუდგენიათ ინგუშეთშიც - 92%, ამდენივე - 92% უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს დაღესტანშიც, ხოლო ყარაჩაი-ჩერქეზეთში პუტინს მხარდაჭერა 90,54% გამოუცხადა.

ცხინვალის რეგიონში ვლადიმირ პუტინს მხარი „რესპუბლიკის“ ამომრჩეველთა 92,77%-მა დაუჭირა მხარი.

ვლადიმირ პუტინს გამარჯვება წუხელვე მიულოცეს ვლადიმირ ჟირინოვსკიმ და სერგეი მირონოვმა.

არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს გენადი ზიუგანოვი. ოპოზიცია ორშაბათს მანეჟის მოედანზე 19.00 საათზე დაგეგმილ მიტინგს აანონსებს, რომელიც სანქცირებულია.

დაღესტანში საარჩევნო უბანს ცეცხლი გაუხსნეს, მოკლულია სამი პოლიციელი

ხასავიურთის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, მისი დაკეტვიდან ერთი საათის შემდეგ ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ , რასაც 3 პოლიციელის და ერთი თავდამსხმელის დაღუპვა მოყვა. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის და თავდამსხმელების ვინაობის შესახებ არ გჰავრცელებულა, თუმცა შსს-მ უკვე დაადასტურა თავდასხმისა და პოლიციელების დახოცვის ფაქტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100