სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით იჩენს.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულების დროულად რატიფიცირების მნიშვნელობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები და ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შედეგები.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. მოხარული ვარ, რომ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრის რანგში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და იმედი მაქვს, ჩვენი ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა სებასტიან კურცმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობის მიმართულებით თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100