სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლამაზად ჩაცმის სიყვარულმა ვეტერინარი დიზაინერად აქცია - ინტერვიუ ულამაზეს და უნიჭიერეს სალომე ცაბაძესთან

ეს 23 წლის ნიჭიერი და ლამაზი გოგონა ექიმიც გახლავთ და დიზაინერიც. სალომე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს წარმატებული და შემდგარი ქალი. მისი შექმნილი ორიგინალური სამოსი ნამდვილად მოიგებს თქვენს გულს, თუმცა დრონი.ჯი ამჯერად მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა:

გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერ და ვეტერინარ სალომე ცაბაძესთან.

-საზოგადოებას შენი თავი უკეთ რომ გავაცნოთ, მოგვიყევი შენს შესახებ...

- მოდით, დავიწყოთ ასაკით. ვარ 23 წლის, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. პროფესიით მომავალი ვეტერინარი გახლავართ. ბუნებით ძალიან მრავალფეროვანი ვარ, შესაბამისად, ხასიათის ეს თვისება ჩემს ცხოვრებაზეც აისახება. მედიცინასთან ერთად გატაცებული ვარ ხელოვნებით.

დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩემი ოცნების ასრულება დავიწყე და შევქმენი ქართული სამოსის ბრენდი TSVALE''.

ჩემთვის TSVALE”- მუდმივ ცვლილებებთან ასოცირდება, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი წინაპირობაა, იყო განსხვავებული და მრავალფეროვანი.

-რამდენი ხანია, რაც შენში დიზაინერის ნიჭი აღმოაჩინე და ტანსაცმლის შექმნა დაიწყე?

-რასაც დღეს ვაკეთებ, დედას დამსახურებაა - პირველად მან აღმოაჩინა ჩემში ეს ნიჭი, შემდეგ კი სრული თავისუფლება მივიღე მისგან, თუმცა ყოველთვის ხელს მიწყობდა ჩემი ინდივიდუალიზმი გამომევლინა და, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს განვითარების საშუალებას მომცემდა. პატარა ასაკიდან დავიწყე საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვა. სამოსის შექმნა ის პროცესია, რომელშიც მე ვერ ვგრძნობ ვერც დროის ფაქტორს , ვერც დაღლილობას და ამასთან, ვიღებ დიდ სიამოვნებას. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთგვარ განტვირთვასთან ასოცირდება. დაახლოებით 17 წლიდან სერიოზულად დავიწყე ფიქრი, რომ მხოლოდ ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნვა არ იყო საკმარისი და მინდოდა ის ყველაფერი, რასაც მე ვქმნდი, სხვისთვისაც მოსაწონი და ამავდროულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. 21 წლის ასაკში დავიწყე ამ იდეის განხორციელება და ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემთვის ჩემი ძმა აღმოჩნდა.

-რთულია, ერთდროულად იყო ექიმიც და დიზაინერიც?

-ამ დროისთვის ჩამოყალიბებული ექიმი-ვეტერინარი არ ვარ, თუმცა გავდიოდი პრაქტიკებს და მიწევდა კლინიკაში მუშაობა, პარალელურად სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემი ბრენდის შექმნაზეც ვმუშაობდი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი რამხელა შრომაა საჭირო წარმატებისთვის, მით უმეტეს, როდესაც ორივე სფეროში დამწყები ვარ.

-შეყვარებული ხარ?

-შეყვარებული არ ვარ.

-გეგმავ თუ არა ღონისძიებას შენი შექმნილი სამოსის პრეზენტაციისთვის?

-მომავალში აუცილებლად ვაპირებ, უფრო მეტი ნამუშევარი გავაცნო საზოგადოებას.

-გარდა დიზაინერობისა, რითი ხარ დაკავებული?

-სულ რამდენიმე თვეა, რაც გამიტაცა თიხაზე მუშაობამ და თავისუფალ დროს ამ საქმით ვარ დაკავებული. დარჩენილ დროს კი ვუნაწილებ ოჯახსა და მეგობრებს, მათ ვისაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

-ძალიან ახალგაზრდა ხარ და ალბათ, ბევრის დათმობა გიწევს იმისთვის, რომ იყო წარმატებული. რას ურჩევ შენი ასაკის დამწყებ დიზაინრებს?

-ნამდვილად რთულია ამ ასაკში შეითავსო ორი პროფესია, რომელზეც ორიენტირებული ვარ და არ მიწევდეს ბევრი რამის დათმობა, თუმცა მიზნის მისაღწევად გარკვეულ საკითხზე არჩევანის გაკეთება მაინც აუცილებელია. როდესაც შრომიდან მიღებულ შედეგს ვიღებ, დანაკლისს არ განვიცდი.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ: შე-‘’TSVALE’’ სტანდარტი და იყავი გამორჩეული.

-სამომავლო გეგმები?

-რაც შეეხება ჩემს ბრენდს, აუცილებლად ვგეგმავ შევქმნა ისეთი სამოსი, რომ მყავდეს მუდმივი და რაც მთავარია, კმაყოფილი მომხმარებელი. უფრო მეტი არჩევანი შევთავაზო მათ, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ სამოსს, ვაპირებ ჩემს ბრენდს დავამატო აქსესუარები და ამ განვითარების ლოგიკური გაგრძელება იქნება საკუთარი მაღაზიის გახსნა.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ განხრით არ მაქვს პროფესიული განათლება მიღებული და თვითნასწავლი ვარ, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, პროფესიულად დავეუფლო ამ სფეროს.

რაც შეეხება ჩემს პროფესიულ კარიერას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო წარმატებული ექიმი-ვეტერინარი.


Posted by Tsvale on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2019

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100