სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს რიგებში გია კოდუას ყოფნის საკითხი არ იხილება

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში “ფეისბუქზე” მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს პასუხობს. პასუხების გამოქვეყნებამდე გვერდის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელზე შემოსულ უამრავ კითხვას ადრესატი ეტაპობრივად უპასუხებს. ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ უკვე პასუხგაცემულ კითხვებზე გამოხმაურება უპასუხოდ დარჩება.

ბიძინა ივანიშვილმა უკვე უპასუხა რამდენიმე საინტერესო შეკითხვას.

ძირითადად, ეს შეკითხვები რადიო “უცნობის” მიერ იყო დასმული. შეკითხვის ავტორი დაინტერესდა, გამოცხადდება თუ არა სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში, რაზეც ბიზნესმენმა უპასუხა:

„ვფიქრობ გულწრფელი რწმენა და რელიგიურობა არაა დამოკიდებული მართლმადიდებლური ეკლესიის სამართლებრივ სტატუსზე, თუმცა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს მათ შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელიც შესაძლოა მეტ კონკრეტიზირებას მოითხოვდეს. დაუშვებლად მიმაჩნია ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დისკრედიტაციის და დაქვემდებარების მცდელობები, ისევე როგორც პოლიტიკური ძალების სპეკულაციები რელიგიურ თემებზე.“

კიდევ ერთი შეკითხვა უკვე საქართველოს საგარეო პოლიტიკას შეეხო. ავტორი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის საქართველოს შეყვანას “ევრაზიის კავშირში”. ბიძინა ივანიშვილმა კითხვას უარყოფითად უპასუხა და საქართველოს მთავარ საგარეო ორიენტირად ევროკავშირი დაასახელა, ისე, რომ არც “ევრაზიის კავშირის” მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოუმჟღავნებია და საქართველოს სამომავლო მიზნად არც ნატო დაუსახელებია.

ბიძინა ივანიშვილის სრული პასუხი ამ შეკითხვაზე („აპირებთ თუ არა საქართველოს შეყვანას ევრაზიის კავშირში?“) ასეთია:

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ ამ სტრატეგიას. ევრაზიის კავშირში საქართველოს შეყვანას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რაც გულისხმობს როგორც განვითარებულ ეკონომიკას, ასევე მაღალი ხარისხის დემოკრატიას.”

შეკითხვებს შორის აღმოჩნდა ერთი საინტერესო შეკითხვაც, ბიძინა ივანიშვილის ბანაკში გიორგი კოდუას შესაძლო გამოჩენის შესახებ:

შეკითხვა: “იქნება თუ არა თქვენს რიგებში გიორგი კოდუა?”
პასუხი: “მოგესალმებით. ეს საკითხი არ იხილება.”

დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ წუთებშიც გრძელდება. ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ “დრონი.ჯი”–ს მთავარი რედაქტორის, ლაშა ბერულავას მიერ შეკითხვების მიღების პირველივე დღეს დასმული სამი შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელია. შეკითხვები გამოქვეყნებულია ოფიციალური გვერდის ფორუმზე, შეკითხვების განყოფილებაში, მესამე გვერდზე. “დრონი.ჯი” ხაზს უსვამს, რომ შეკითხვები წაშლილი არ არის და იმედს იტოვებს, რომ ისინი პასუხგაცემულთა შორის აღმოჩნდება. დღეს უკვე გაცემული პასუხებიდან ერთ–ერთმა, ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ერთ–ერთ შეკითხვას უპასუხა. “დრონი.ჯი” სარგებლობს შემთხვევით და აქვეუნებს შეკითხვებს, რომლებიც “დრონი.ჯი”–ს მთავარმა რედაქტორმა ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა:

ლაშა ბერულავა:

"გამარჯობა! რამდენიმე შეკითხვა მაქვს, უკაცრავად, თუ რომელიმე უკვე დასვეს:

1. როგორ ფიქრობთ, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში თქვენი ცნობილი განცხადება საქართველოს მხრიდან 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებასთან? თქვენ მაშინ ჰაიდი ტალიავინის დასკვნა მოიშველიეთ. გვითხარით, მომავალ პრესკონფერენციაზე აპირებთ მედვედევის გუშინდელი განცხადება მოიშველიოთ, როცა ომის დაწყებასთან დაკავშირებით შეკითხვას დაგისვამენ?

2. ცნობილია რუსეთის მიზანი, რაც ევრაზიის კავშირის შექმნისკენ მისწრაფებაში გამოიხატება. უკვე გამოჩნდნენ რუსი პოლიტიკოსები და ინტელიგენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ევრაზიის კავშირი საქართველოს გარეშე ღარიბი იქნება". თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ხელსაყრელი არ არის და უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გამოსავალი ნატოში შესვლაა. ბატონო ბიძინა, შეგიძლიათ თუ არა საჯაროდ დაადასტუროთ, რომ საქართველო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს უჭერს მხარს, არ გახდება რუსეთის მონაწილეობით შექმნილი პოლიტიკური, სამხედრო ან ეკონომიკური კავშირის (გაერთიანების) წევრი იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ შეიქმნება და თქვენ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოხვალთ?

(მინაწერი: ფაქტობრივად, ამ შეკითხვას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე უპასუხა)

3. ბატონო ბიძინა! ძალიან ხშირად, როცა თქვენთვის არასასურველ შეკითხვას გისვამენ, თქვენ მასზე პასუხის გაცემას თავს არიდებთ ფრაზით: "ეს საზოგადოებას არ აინტერესებს". გთხოვთ გვიპასუხოთ, რა კრიტერიუმი გაგაჩნიათ იმის განსასაზღვრად, რა აინტერესებს საზოგადოებას: რამდენადაც ცნობილია, თქვენთან ასოცირებულ არცერთ საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფს სოციალური გამოკითხვა ამასთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია, თქვენ კი პოლიტიკოსის რანგში ჯერ არ გქონიათ წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩევლებთან არც დედაქალაქში და არც რეგიონში. ამ პირობებში, რას ემყარება თქვენი შეფასების კრიტერიუმი?
დიდი მადლობა პასუხებისთვის, იმედია, ჩემი შეკითხვების თქვენამდე არმიტანაში ამ ფორუმის ადმინისტრაცია არ იზრუნებს და არ ჩათვლის, რომ ეს შეკითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100