სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერთი მიზნით, რომ საქმე ერთად გავაკეთოთ

სალომე ზურაბიშვილი - ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერთი მიზნით, რომ საქმე ერთად გავაკეთოთ ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერთი მიზნით, რომ საქმე ერთად გავაკეთოთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.


როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით არ უნდა იყოს კონფრონტაცია სხვადასხვა სახელისუფლებო შტოსთან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის განმარტებით, ეს არ ნიშნავს მორჩილებას.

„საქმისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც უნდა გამოვიდეთ ყველანაირი კონფრონტაციიდან. საკმარისად ვთქვი, შიგნით არ უნდა იყოს არანაირი დაპირისპირება, თუ გვინდა, რომ ვიყოთ ისეთი შეკრული საზოგადოება, რომელიც რეალურად ქვეყანას სჭირდება და ქვეყანას აძლევს ნიადაგს, რომელიც მას სჭირდება. არაკონფრონტაცია პრეზიდენტსა და სხვა ინსტიტუტებს შორის, არაკონფრონტაცია მთავრობასთან, პარლამენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რადგან ეს ყველაფერი გვაფერხებს. ეს არ ნიშნავს მორჩილებას, არ ნიშნავს, რომ შენი პრინციპები არ გაქვს.

ამ ხედვას ყველა ფორმით, ყველანაირად წინ წაწევ და გაუზიარებ, ეს ნიშნავს, რომ გაიგე, ამ ქვეყანას საქმის გასაკეთებლად სჭირდება თანამშრომლობა. არაკონფრონტაცია გარეთ, რამეთუ ჩვენი რეგიონი ყოველდღიურად უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი საფრთხის მომცველი ხდება. ვართ სტაბილური ქვეყანა, ასევე ვართ სტაბილურობის კუნძული ამ რეგიონში.

ამიტომ საჭიროა, ამ რეგიონში ჩვენ კი არ შევქმნათ დამატებითი დაძაბულობის ადგილი, არამედ უნდა ვიყოთ ყურადღებით, გაგებითა და გათვლებით, ასევე უნდა ვიყოთ სიფრთხილითა და გამბედაობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფიცის დადების შემდეგ, მისი მთავარი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა იქნება. „ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე წავალ. დიდი იმედი მაქვს, ამ ქვეყნის მთავარსარდალი არასოდეს გავხდები, რადგან თუ გავხდი, ვიქნებით საომარ მდგომარეობაში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ მივიდეთ ამ ზღვრამდე. თუ საჭირო იქნება, არ ვიქნები წასული რომელიმე ხიდსა თუ საზღვარზე. გარეთ ამ ქვეყნის ლობისტი ვიქნები. ყოველდღიურად ვიქნები ამ ქვეყნის კულტურის, იდენტობის ლობისტი, რათა საქართველო ევროპასა და მსოფლიოში გავიტანოთ. ძალიან ბევრი გვაქვს მისაცემი მსოფლიოსთვის, სწორედ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელთაც ზოგიერთები ფეხქვეშ თელავენ.

ეს არის ის, რაც არის განუმეორებელი, რისთვისაც საქართველო არის უნიკალური თუ არა, ძალიან ღირებული მსოფლიოსთვის. იმ მსოფლიოსთვის, რომელიც ზოგჯერ ორიენტაციას კარგავს და ეძებს ამ სულიერ ფასეულობებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, დაიცავს ადამიანის უფლებებს, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს, მიმართოს პრეზიდენტს. „ეს ისე იქნება ორგანიზებული ადმინისტრაციაში, რომ საზოგადოებასა და პრეზიდენტს შორის რამე გადაულახავი უფსკრული არ იყოს, პირიქით, უნდა ვისმენდე თქვენს ხმას, რომ თქვენი ხმა მივიტანო ხელისუფლებამდე, მთავრობამდე, პარლამენტამდე, სადაც საჭიროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100