"ის ერთ-ერთია, ვისაც პუტინი უსმენს" - ვინ არის რუსეთში გავლენიანი ფიგურა ნიკოლაი პატრუშევი, რომელსაც პრეზიდენტის შემცვლელად მოიხსენიებენ?
ბოლო დღეებია, ანტიკრემლისტურ რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ პუტინის სტაჟიანი მომხრისა და ადგილობრივ პოლიტ-ელიტაში ძალზე გავლენიანი ფიგურის ნიკოლაი პატრუშევის როლს უკრაინის ომში. "პუტინის ქვეყანა, პატრუშევის რეჟიმი" - ასე ეხმიანება svoboda.org პატრუშევის გარშემო ატეხილ სკანდალს. გამოცემასთან საუბარში, Левада-центр -ის დირექტორი, სოციოლოგი დენის ვოლკოვი, რომელიც რუსეთში უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს, ამბობს, რომ პუტინმა ძველ მეგობარს განსაკუთრებული სითბოთი მიულოცა 70 წლის იუბილე და მადლობა უთხრა, ნდობისთვის. რა არის ცნობილი პუტინის მარჯვენა ხელზე? პუტინის უახლოესი გარემოცვა პატრუშევს თვალდახუჭული ენდობა, ამის დასტურია ის, რომ 2000 წლიდან ის ФСБ -ს შეუცვლელი ხელმძღვანელია. პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეის შეფასებით, პატრუშევი ძალოვნებში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს და პუტინთან ყველაზე დაახლოებული პირია. პატრუშევი ამუშავებს სტრატეგიას, რომელსაც შემდეგ პუტინი ამტკიცებს. ამ სტრატეგიის არსი ახლა ძალიან მარტივია - როგორმე რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს... პუტინისა და პატრუშევის შინაგანი სტრუქტურა ერთნაირია, ამიტომ უგებენ ერთმანეთს ასე კარგად. მათ შორის ერთი მკაფიო განსხვავებაა, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ძალიან მძიმედ არის ავად, ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი... რაც შეეხება პატრუშევის საქმიანობას, ის მოსახლეობას ძალიან მარტივი, თითქმის პრიმიტიული მეთოდებით აჯერებს, რომ რუსეთის დასუსტებას ჯერ კიდევ ასეული წლების წინ ცდილობდნენ, "თუმცა უშედეგოდ". "ახლა ჩვენ ვუყურებთ მსგავს სიტუაციას, როდესაც ამერიკა და ევროკავშირი ყველა გზით ცდილობენ რუსეთზე იერიშიც მიტანას ანუ ასეული წლების შემდეგაც რუსოფობიული პრაქტიკა იგივე რჩება, როგორც ასი წლის წინ იყო..." - ეს არის მისი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ტვინის გამორეცხვის ეს ძალზე მარტივი მეთოდი ყველაზე კარგად მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობაში. სოციოლოგი დენის ვოლკოვი მიიჩნევს, რომ პატრუშევის და მისი მსგავსი იდეოლოგების დამსახურებით, რუსეთის მოსახლეობაში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობები მატულობს. "ანტიევროპული განწყობების ზრდა 2014-2015 წლიდან დაიწყო, შემდეგ შემცირდა, ახლა კი ერთბაშად იფეთქა. რაც შეეხება ანტიამერიკულ განწყობებს ის 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და მას შემდეგ სტაბილურად იზრდება..." - ამბობს ვოლკოვი. ცნობილია, რომ პატრუშევს წვდომა აქვს საკადრო პოლიტიკაზეც და მას ლავრენტი ბერიასაც კი ამსგავსებენ, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებაში მაღალი პოსტი არ ეჭირა, მაგრამ ხალხი ყველა სფეროში ჰყავდა და სიტუაციასაც აკონტროლებდა. რუსული გამოცემა 1rre.ru ავრცელებს The Washington Post-ის მიერ მომზადებულ სტატიას, რომლის თანახმადაც, პატრუშევს კრემლში პუტინის შემცვლელადაც კი მოიხსენიებენ. წლების წინ ერთ-ერთ გამოსვლაში უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და პუტინის ახლო მოკავშირემ, პატრუშევმა პუტინს აცნობა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული სიტუაციის უკან ამერიკა იდგა და რუსეთის დანგრევას ცდილობდა. ამიტომ, მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა იყო. სწორედ პატრუშევის იდეოლოგიის ნაწილია ის, რომ ევროპა ვერ გაუძლებდა გლობალურ ლტოლვილთა და სასურსათო კრიზისებს, ხოლო უკრაინა რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშლება. ამასთან, ის მომხრეა, რომ რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში აღდგეს ისტორიული ტრადიციებისა და გულწრფელი პატრიოტების მიმართულება. კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი The Washington Post-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პატრუშევით პუტინის შეცვლაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, რუსი ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად წერს, რომ "პატრუშევის დრო დადგა", რადგან ის ერთ-ერთია იმ ცოტა ადამიანიდან, ვისაც პუტინი უსმენს“.
კომენტარი