სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

ინფორმაცია კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ / ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8 % (1 363 493 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველთა 15:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, პირველ ტურზე აქტივობამ შეადგინა 30.98 %, (1 085 730 ამომრჩეველი).

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა და კიდევ ერთხელ, საჯაროდაც შეახსენებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, - ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, რაც არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ამომრჩეველი კაბინაში კეცავს ბიულეტენს, გადაკეცილ ბიულეტენს ათავსებს ჯერ სპეციალურ კონვერტში და შემდეგ საარჩევნო ყუთში. აღნიშნული პროცედურის ამსახველი პოსტერები ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია ყველა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში გაიხსნა საარჩევნო უბნები და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით, ასევე გაიხსნება საარჩევნო უბნები კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„დღეს, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“,- აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზების შესახებ:

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას, მას გაუუქმდა ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტაცია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში, რამდენადაც პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგების დანიშნულება ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითებაა; ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი მიტოვებულია.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევა - ხულოს #1 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა, არ იმყოფებოდა სახლში, ის გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მის მაგივრად მისმა მეუღლემ მისცა ხმა. ვინაიდან დაირღვა პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2-მა ამომრჩეველმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. ერთ შემთხვევაში, მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, უბრალოდ ის იყო დიდი ხნის აღებული და გაცრეცილი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი - პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა. დიდუბის #11-ე უბანზე იმყოფებოდა უფლებამოსილი პირი არასამთავრობო ორგანიზაციიდან - „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“; ის უბნის შესასვლელთან ამომრჩეველთა მონაცემებს ამუშავებდა; საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ზომები და აღნიშნულ პირს დაატოვებინეს უბანი. “,-განაცხადა ანა მიქელაძემ.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100