სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოდან ვიყავი ერთადერთი წარმომადგენელი და ვიმღერე „ტრიალებს“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ცხადაძესთან

ახმეტელის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე დრონი.ჯი-ს ესაუბრება საკუთარ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე. მას უამრავი საინტერესო როლი აქვს ნათამაშები და ამასთან, პროექტ ნიჭიერიდან ყველას ახსოვს მისი მრავალმხრივი ნიჭი. გიორგი დაახლოებით ორი თვის წინ სერიოზულ კონცერტში იყო ჩართული, სადაც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას, მან კი საქართველო წარადგინა სიმღერით „ტრიალებს“.

დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა მსახიობ და მომღერალ გიორგი ცხადაძესთან.

-შენ ახმეტელის თეატრის მსახიობი ხარ. რა შეცვალა შენში ახმეტელის თეატრმა. როგორი იყო და როგორია დღეს გიორგი ცხადაძე?

-დავიწყებ იმით, რომ ძალიან შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში და შემთხვევით გავხდი მსახიობი. ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა და სულ სხვა მიმართულებით ვგეგმავდი კარიერის აწყობას. მეთერთმტე კლასში გადავწყვიტე ექსტერნად ჩამებარებინა, ერთი წელი შემესვენა და კარგად გადამეწყვიტა თუ რა მინდოდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ თუ არ ჩავაბარებდი, ჯარში წამიყვანდნენ და ამიტომ, გამოსავალი მარტივად და სწრაფად უნდა მეპოვნა. სცენა ძალიან მიყვარდა და თან მაღალი ქულები არ იყო ეროვნულზე საჭირო, ამიტომაც გადავწყვიტე ჩაბარება თეატრალურზე. თურმე სულაც არ ყოფილა მარტივი აქ ჩაბარება. ჩემდა საბედნიეროდ, სრული დაფინანსებით მოვხვდი. მოხდა ისე, რომ ყველაზე კარგ ჯგუფში ჩავირიცხე და აქედან მოვიწამლე თეატრითა და მსახიობობით. იმდენად მომწონდა, რომ სრულიად დავივიწყე სიმღერა. მეოთხე კურსზე მივიღე ჰუგო გარინის როლი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. აქედან აღმომაჩინა ირაკლი გოგიამ, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა (მადლობა მას ამისთვის). მასშემდეგ ძალიან ბევრი წარმატებული პრემიერა ვითამაშე და იგივეს ვგეგმავ მომავალშიც.

-როგორ ფიქრობ, რა უნარი უნდა ჰქონდეს მსახიობს, რომ როგორი უმნიშვნელო როლიც არ უნდა ჰქონდეს, მაყურებლის გამორჩეული ყურადღება მიიქციოს?

-ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამისი - შეიძლება მსახიობს ერთი გავლა ჰქონოდა სცენაზე, მაგრამ ამ სპექტაკლის ყველაფერი ყოფილიყო. შემდეგ მთელი ისტორიები იქმნებოდა ამ ერთ გადავლაზე. ბევრი ამბობს „დიდი და პატარა როლები არ არსებობსო“, იცით, მთავარია როლში შენი სათქმელი კარგად თქვა და საზოგადოებას სწორად მიაწოდო.


-ყველამ იცის, რომ მღერი და ამ კუთხით ვითარებ შენს თავს. როგორც მსახიობს, რამდენად გეხმარება სიმღერის ნიჭი და სად უფრო კონფორტულად გრძნობ თავს?

-ბავშვობას თუ არ ჩავთვლით, სერიოზულ სცენაზე არ მიმღერია. ბავშვობაში ერისიონში ვიყავი. ცხრაჯერ გვქონდა გასტროლი საფრანგეთში, დიდ ანსამბლში ვმღეროდი, ცოტა პოპულარული ბავშვიც გავხდი და მოკლედ, ძალიან მაგარი იყო ჩემი ბავშვობა. იდეალური შეგრძებაა, როდესაც პარიზში კონგრესის სასახლეში გამოდიხარ კონცერტზე . ათასობით ადამიანი ტაშს გიკრავს, შენ რვა წლის ხარ და ბოლოს ვიღაც შენზე უფროსი და ძალიან ლამაზი გოგოები ავტოგრაფს გთხოვენ. ეს ძალიან სახალისო და კარგი იყო. ყველა ჩემი მეგობარი გვერდში მიდგას დღეს, რომ ავმღერდე. ივანე ფრანკოვსკში ვიყავით მიწვეული, ევროპის საბჭომ დააჯილდოვა ეს ქალაქი ევროპული იდეის საუკეთესო განვითარებისთვის. დიდი კონცერტი იყო, მთელი მსოფლიოდან იყვნენ, სხვათაშორის ძალიან ცნობილი მომღერლებიც. საქართველოდან ვიყავი ერთადერთი წარმომადგენელი და ვიმღერე „ტრიალებს“, მეორე - მათი ტრადიციული სიმღერა. ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ბავშვობის მერე სიმღერის თვალსაზრისით. ასევე ვიყავი „ნიჭიერში“ - ვიყავით მეგობრების ტრიო. უამრავ ინსტრუმენტზე ვუკრავდით და ნახევარფინალშიც მოვხვდით.

-ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და როგორც წესი, ისინი ბევრს ითხოვენ შემოქმედისგან. რას ეტყოდი მათ?

-ჩემი გულშემატკივრები ის ადამიანები არიან, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, ამით ვცოცხლობ ალბათ. სპექტაკლის შემდეგ რომ გარეთ დამხვდებიან, ზოგი კომპლიმენტს მეტყვის, ზოგი ფოტოს გადაიღებს, ზოგი ჩამეხუტება. აი, ამ ყველაფრით ვივსები და მათი უსაზღვრო მადლიერი ვარ.

-ზოგადად, ადამიანი, როგორი წარმატებულიც უნდა იყოს, მას ყოველთვის აქვს ოცნება, ამბიცია მეტის მიღწევის. რას აკეთებ იმისთვის, რომ იგი რეალობად აქციო?

-ოცნება არ მაქვს, უფრო მიზნებს დავარქმევდი. თუნდაც ის, რომ მინდა სხვდასხვა ინსტრუმენტზე დავუკრა, ან ის რომ სიმღერის კუთხით მინდა დავანახო საზოგადოებას ჩემი თავი, თუნდაც ის, რომ თეატრში მეტი გამოცდილება მივიღო და ჩვენმა თეატრმა უფრო მეტ საერთაშორისო ფესტივალებებზე მიიღოს მონაწილეობა. არასდროს მაქვს ნათამაშები სრულმეტრაჟიან ფილმში. ვიყავი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და „ჩვენს გვერდით“-ში, ასევე რეკლამებში, მაგრამ ჩემი მიზანია განვვითარდე და ვითამაშო სრულმეტრაჟიან ფილმში. მიუზიკლები მიყვარს ძალიან, რადგან ვმღერი და ვფიქრობ, კარგად გამომივა ასეთ ფილმში თამაში.

- რა სიახლეები გაქვს, რითაც შენი გულშემატკივრები დაინტერესდებიან?

-მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მინდა მონაწილეობა მივიღო პროექტ „მხოლოდ ქართულში“. დაიწყო უკვე ქასთინგები და ვნახოთ რა იქნება.

-როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?

- აქტიური და ნაყოფიერი დღის შემდეგ დაღლილი სახლში რომ ჩამოვჯდები ტელევიზორთან, პოპკორნს ჩემით მოვიმზადებ და დიდ ეკრანზე ფილმს ვუყურებ. კინოში არც ერთ პრემიერას არ „ვმაზავ“, მაგრამ როდესაც იქ არ არის, სახლში ასე განვიტვირთები და ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

-და ბოლოს, ერთი სიტყვა, ე.წ. ეპითეტი, რითაც შენს თაობას დაახასიათებდი...

-„თავისუფალი“ (იცინის).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100