მიხეილ სააკაშვილი: რაღაც, არ მახსენდება, ჩვენს მეფეებს სიმინდის ყანები ჰქონოდათ...
ოქტომბერში წინანდალში ღვინის ინსტიტუტის გახსნა იგეგმება - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „სპეციალური რეპორტაჟი“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის მეღვინეობა სტრატეგიული მიმართულებაა.
სოფლის მეურნეობის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ახალი სტრატეგიის დამსახურებით, ეკონომიკის ამ სფეროში წინსვლა შეინიშნება.
„ამ წელს ჩვენ 2010 წელთან შედარებით ბოსტნეულის 150% -ით მეტი მოსავალი გვექნება. უკვე რეალიზებულია ღვინის 52%, ხორბლის მოსავლის მატება 70% შეადგენს. იმედი მაქვს, რომ სიმინდის მოსავალი 100%-ით მეტი გვექნება. ეს რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის შედეგია, ერთ-ერთი მათგანი კი ხელისუფლების ორგანიზებულობაა. ძალიან ხშირად მესმის პრეტენზია, თითქოს ჩვენ ამოვძირკვეთ და უარი ვთქვით უძველეს ქართულ სიმინდზე. უკაცრავად, მაგრამ ევროპაში სიმინდი კოლუმბმა არ შემოიტანა? რაღაც, არ მახსენდება, რომ ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს სიმინდის მინდვრები და ყანები ჰქონოდათ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ მეტის მიღწევაა დაგეგმილი და აღნიშნა, რომ კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა მოსავალი 4-5-ჯერ გაიზრდება, ხოლო სოფლის მოსახლეობას სტაბილური შემოსავალი ექნება.
კომენტარი