მეთხუთმეტე საუკუნის წიგნი 35 ათას დოლარად შეაფასეს
„ნიურნბერგის ქრონიკების“ ერთ–ერთი ეგზემპლარი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნით თარიღდება და რომელიც, მიმდინარე წლის აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს, 35 ათას ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.
ამ დროისათვის წიგნი ერთ–ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში, იუტას შტატში ინახება, მაღაზიის მფლობელი კი ამერიკელი კენ სანდერსია. სწორედ სანდერსმა აღმოაჩინა ეს უნიკალური ეგზემპლარი ერთ–ერთ საქველმოქმედო აქციაზე.
„ნიურნბერგის ქრონიკები“ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი, პირველი ნაბეჭდი წიგნია. იგი ისტორიულ ქრონიკებს მოიცავს მსოფლიოს შექმნიდან მეთხუთმეტე საუკუნის ჩათვლით. წიგი ორი ათასზე მეტ ილუსტრაციას მოიცავს. წიგნი გერმანელი ექიმის, გარტმან შედელის ავტორობით 1493 წელს დაიბეჭდა და დღეისათვის სულ 700 ეგზემპლარია შემონახული.
ექსპერტების თქმით, წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი უნიკალურ მდგომარეობაშია და მათი ღირებულება თავისუფლად შეიძლება მილიონ დოლარამდეც ავიდეს. რაც შეეხება იუტაში აღმოჩენილ ახალ ეგზემპლარს, იგი მილიონამდე ვერ ავა, რადგან ძალიან დაზიანებულია, ნახევარზე მეტი გვერდი წიგნში არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ წიგნი კოლექციონერებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს ატარებს.
კომენტარი