მე კეთროვანი არ ვარ!
დღეს გვინდა ერთი ლამაზი, ახალგაზრდა და სიცოცხლით აღსავსე გოგონას – ნინო ხუბუას საშინელი ისტორია გიამბოთ. ნინო ზუგდიდის რაიონის, სოფელ კოკიდანაა, თბილისის მერის, ბატონი დავით ნარმანიას მშობლიური სოფლიდან. ნინო უკვე მრავალი წელია ექიმებისთვის უცნობი საშინელი სენით იტანჯება. ტკივილები იმდენად ძლიერია, რომ ნინოს ეპილეფსიური შეტევები ემართება.
8 წლის წინ ნინოს ფეხები ასტკივდა, კანი დაუსკდა და ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. როდესაც დაავადებამ პროგრესირება დაიწყო, და მთელი მუცელი მოიცვა, ნინოს ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა.
უკვე 8 წელია ნინო ყოველ დღე იბრძვის გადარჩენისთვის, ამარცხებს შიშს და გაუსაძლის ტკივილს. ძალიან ძნელი მოსასმენია, ძნელი დასაწერია, ძნელი სანახავია... მაგრამ ეს ახალგაზრდა გოგონა ცოცხლად ლპება და ვერავინ ვერაფერს შველის. ფიზიკურ ტკივილზე მეტად ნინო სულიერ ტანჯვას განიცდის. ავადმყოფობის შემდეგ, მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს ნაცნობებმა, მასთან აღარ მოდიან მეგობრები და მეზობლებიც გვერდს უვლიან მის სახლს.
ნინოს ოჯახში არავინ მუშაობს, ერთადერთი შემოსავალი, სოციალური შემწეობაა. მაგრამ ის უბრალო ტკივილგამაყუჩებლების შესაძენადაც არაა საკმარისი.
არ დავიწყებთ ნინოს საშინელი საცხოვრებელი პირობების აღწერას. ნახევრად დანგრეული სახლის სახურავიდან ოთახში წვიმა ჩადის, ავეჯი ფაქტობრივად არ არის, ნინო მორყეულ ტახტზე წევს, მშიერი და სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების გარეშე... მაგრამ ამ ისტორიაში ეს მეორეხარისხოვანია! მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდა გოგონა ტკივილისგან გონებას კარგავს, როდესაც მუცელზე საფენები აქვს გამოსაცვლელი. გადახვევის დროს ნინო უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გადაჰყავს... ასე იტანჯება ნინო უკვე 8 წელი!
გამოჯანმრთელების იმედი მომავლის შიშმა და სასოწარკვეთამ შეცვალა. არაერთხელ უფიქრია ნინოს თვითმკვლელობაზე...
ჩერნოვეცკის ფონდი ვერ დატოვებს ნინო ხუბუას მარტო! ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას თანხის შესაგროვებლად. ნინოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოკვლევის ჩატარება, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, გადასახვევი საშუალებები და ახალი საწოლი. თანხა ამ ნივთების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ხუბუა) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/190-khubua/
მეგობრებო, არ დარჩეთ გულგრილი ნინოს გასაჭირის მიმართ, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი დახმარება საჭირო კი არა უბრალოდ აუცილებელია!
კომენტარი