სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხამენეი აჰმადინეჯადის წინააღმდეგ - ირანში ულტრაკონსერვატორები გააქტიურდნენ

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უჩვეულო სიტუაცია იქმნება. ლიბიის და სირიის მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მიმართ დასავლური მედიის ყურადღება თითქოს შეანელა.

ამასობაში კი, აქ მთელი რიგი ნიშნები მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტი აჰმადინეჯადი აიათოლა ხამენეისაგან დიდ წინააღმდეგობას და ზეწოლას განიცდის და შესაბამისად, ვითარებაც რადიკალურად იცვლება.ბოლო ხანს, კულუარებიდან გამოსული ხმების თანახმად, ირანის რეალური მმართველი პრეზიდენტის წინააღმდეგ ნამდვილ შეტევაზე გადავიდა. აჰმადინეჯადმა მცირე ხნის წინ, ირანული დაზვერვის შეფი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რამდენიმე პროტოკოლური ღონისძიების შემდეგ კი, საერთოდ დაიკარგა: შეწყვიტა სამუშაო ადგილზე გამოჩენა, პარლამენტში მისვლა და ასე შემდეგ. მოგვიანებით ერთხელ მივიდა პარლამენტში და კვლავ დაიკარგა. ირკვევა, რომ საპრეზიდენტო პოსტზე ხამენეის თავისი კაცის, ძლიერ გავლენიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რაჰიმ მაშაის არჩევა–დანიშვნა სურს.

მოვლენები მკვეთრად რომ იცვლება, ამაზე დასავლეთში წარმოქმნილი ერთი ტენდენციაც მეტყველებს: ებრაულმა და ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა ბოლო ორი სამი თვეა აჰმადინეჯადის პიროვნების მუქ ფერებში წარმოჩენა შეწყვიტეს. მეტიც, უკანასკნელ პერიოდში, ირანის პრეზიდენტი ისრაელისთვის გაცილებით ნეიტრალური და სავარაუდოდ, მისაღები ფიგურაც კი გახდა, რაც აჰმადინეჯადის არჩევის დღიდან ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო.

ამერიკელები და ებრაელები ირანის პოლიტიკასაც ისე ძალიან აღარ აკრიტიკებენ. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, აითოლა ხამენეის და მისი რადიკალური გუნდის გაძლიერების საფრთხეა, რომელიც დასავლეთისთვის აჰმადინეჯადზე გაცილებით საშიშია.

ირანის სახელისუფლო თამაშებს თუ გადავხედავთ, აჰმადინეჯადიც საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, მაგრამ მწვავე კონფლიქტი თეოკრატისთან მაინც ძალიან უჭირს. მოკლედ, არის ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხი ნაკლებადაა. სავარაუდოდ, ირანს აზიის კონტინენტზე თავისი სტრატეგიის გადახედვა სურს და დიდი შანსია, ტრადიციული გეგმების გვერდზე გადადებაც მოუწიოს.

ექსპერტების ვარაუდით, შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს არაბული რევოლუციებით დაშინებული კონსერვატიული და ულტრარადიკალური ფრთა, რომელიც ისლამური რევოლუციის გადარჩენას, როგორც ჩანს, ქვეყანაში კონსერვატიზმის გამკაცრებაში და თეოკრატიის გაძლიერებაში ხედავს.

რა როლი დაეკისრება ამ პროცესებში აჰმადინეჯადს, მოიშორებს თუ არა მას აიათოლა და რამდენად გააკეთებს ფსონს აქამდე „საფრთხობელად“ ქცეულ აჰმადინეჯადზე ირანში ვითარების ესკალაციით შეფიქრიანებული დასავლეთი, ახლო მომავალში გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100