სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით კაჭარავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - პროცესი საავადმყოფოში გაიმართა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, დავით კაჭარავას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა, სადაც კაჭარავაა მოთავსებული. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები.

დავით კაჭარავას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას მიიღო დაზიანება ფეხზე. ანა კალანდაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაჭარავა დაჭრილია, პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო.

ადვოკატის თქმით, კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს. ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმის მასალებში დარღვევებია, თუმცა მან ჟურნალისტებთან დეტალები არ დააკონკრეტა.

„ჩვენ ვშუამდგომლობდით, რომ მის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა, ვინაიდან საქმის მასალაში არის არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა“- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე 18 დეკემბერს მოხდა. პოლიციამ კაჭარავასთან ერთად კიდევ ორი პირი დააკავა. თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულს მხოლოდ პრეზიდენტის სიძის მეგობარს ედავებიან. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ირაკლი რამიშვილს საქალაქო სასამართლომ ორდღიანი, ზურა რაზმაძეს კი ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100