ვინ, სად და რა გააპროტესტა დღეს საქართველოში?
დღეს, 2012 წლის 26 დეკემბერს სხვადასხვა მიზეზებით, საპროტესტქო აქციები საქართველოს 5 ქალაქში გაიმართა.
საპროტესტო აქცია თელავში-დასუფთავების სამსახურის 50-მდე თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს.
აქცია თავდაპირველად თელავის გამგეობის შენობასთან იყო დაგეგმილი, თუმცა დასუფთავების სამსახურის მანქანები კეთილმოწყობის სამსახურმა გამგეობასთან არ მიუშვა და აქცია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ და საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძეს მის მფარველობაში ადანაშაულებენ, რომელიც ამ სამსახურის 100-პროცენტიანი წილის მფლობელია.
არც დასუფთავების სამსახურის უფროსი და არც საკრებულოს თავმჯდომარე კომენტარს არ აკეთებენ. თანამშრომლებმა დასუფთავების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რათა პროკურატურას მიმართონ.
საპროტესტო აქცია რუსთავში-ბრიტანულ-ინდური მინი მეტალურგიული საწარმო "ჯეოსტილის" 300-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია.
მუშები დღეს დილიდან საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მემორანდუმი შეიმუშავეს და საწარმოს ინდოელ ხელმძღვანელს გადასცეს.
გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მანამდე არ აპირებენ, სანამ დირექცია ხელფასების გაზრდაზე თანხმობას არ მისცემს.
საპროტესტო აქცია ქუთაისში - ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტი პარლამენტის შენობის წინ გამოხატეს. ისინი მოითხოვენ, კვლავ საკოლმეურნეო ბაზარში იმუშაონ და არა ახლად აშენებულ სავაჭრო ცენტრში.
აქციის მონაწილეების თქმით, სავაჭრო ცენტრში გაზრდილია დახლის გადასახადი. თუ საკოლმეურნეო ბაზარში ფართისთვის ისინი ყოველთვიურად 90 ლარს იხდიდნენ, სავაჭრო ცენტრში ეს გადასახადი 300 ლარი იქნება.
პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მოვაჭრეებმა უკვე მიმართეს რაიონის გამგეობას და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებს დღეს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შეხვდება.
საპროტესტო აქციები მარტვილში - "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დღეს მარტვილის გამგეობისა და საკრებულოს შენობების პიკეტირება განაახლეს. აქციის მონაწილეების თქმით, გამგებელმა მამუკა დანელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიამ დაარღვიეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გუშინ გამგებელი უნდა გადამდგარიყო.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომამდე არ დაიშლებიან. პიკეტის გამო, გამგეობის თანამშრომლები მუშაობას ვერ ახერხებენ. საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის თქმით, წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის შენობის პიკეტირება მათ მუშაობაში განსაკუთრებულად უშლის ხელს, რადგან მისაღებია ბიუჯეტი, გასაცემია ხელფასები და საახალწლო დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.
"ქართული ოცნების" 25-დღიანი პროტესტი მარტვილის გამგეობასთან ერთი კვირის წინ, მოლაპარაკების შემდეგ შეწყდა.
საპროტესტო აქცია თბილისში - იპოთეკარებისგან დაზარალებულმა ოჯახებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი ბრალდებებს კოკა ყანდიაშვილს და მის ოჯახს უყენებენ და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ კოკა ყანდიაშვილს შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც, რიგით ადამიანებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდნენ და ბინებს საკუთარი ნებით იპოთეკით ატვირთინებდნენ, ხოლო მოგვიანებით კი აღმოაჩენდნენ, რომ მათი ბინები რამდენჯერმე გადაყიდული იყო.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ თაღლითური სქემის შედეგად ათეულობით ოჯახი დაზარალდა, ნაწილი კი უკვე ბინებიდან გამოასახლეს.
კომენტარი