რატომ დაუპირისპირდა მრევლი ეპისკოპოსს დედოფლისწყაროში?
დაპირისპირება დედოფლისწყაროში - ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსს მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს დაუპირისპირდა.
მიზეზი მეუფეს გადაწყვეტილება-მამა ნიკოლოზის სამთაწყაროს სამლოცველო სახლში გადაყვანა გახდა. მრევლმა ამის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ეკლესიაში სალოცავად მივიდა. ისინი პროტესტის ნიშნად ლოცვას არ დაესწრნენ.
მოსახლეობის თქმით, მეუფემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და ისინი მამა ნიკოლოზის დედოფლისწყაროს ეკლესიაში დაბრუნებას პატრიარქს სთხოვენ, რისთვისაც ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.
მომხდართან დაკავშირებით, მეუფე კომენტარს არ აკეთებს. ეპარქიაში მოლაპარაკების შემდეგ მამა ნიკოლოზმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მორწმუნეები დაიშალნენ.
დედოფლიწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში დღეს მუსლიმთა პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარება იგეგმება. სამთაწყაროში ჩასვლას აპირებს საქართველოს სახალხო დამცველი.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე დააკვირდებიან ლოცვის მიმდინარეობას.
სამთაწყაროში ადგილობრივ მოსახლეობასა და აჭარელ მუსლიმებს შორის კონფლიქტი ორი თვის წინ დაიწყო. სამთაწყაროელები სოფელში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნას აპროტესტებენ.
კომენტარი