თვალსაზრისი: ქალიშვილობის ინსტიტუტი - ერის ღირსების ნიშანი?
გასული წლის დამლევს, ზნეობრიობასთან დაკავშირებული ერთ–ერთი სატელევიზიო შოუს პროგრამით, ინტერვიუს სთხოვდნენ ქუჩაში შემთხვევით გამვლელებს, რომელთაც ეკითხებოდნენ – რა აზრისანი იყვნენ ქალიშვილობის ინსტიტუტზე. საყოველთაო მხიარულება გამოიწვია ახალგაზრდა გოგონას პასუხმა, რომ ის სიამოვნებით ჩააბარებდა და ისწავლიდა ასეთ ინსტიტუტში. არადა, აცდენილ რეგისტრს თუ გვერდზე გადავდებთ, გოგონას პასუხს ჰქონდა თავისი გამართლება – ასეთი ინსტიტუტები რეალურად არსებობდა არცთუ შორეულ წარსულში – ეგრეთ წოდებული „კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტები“ (მაგალითად, რუსეთში, შვეიცარიაში), სადაც ასწავლიდნენ უცხო ენებს, მუსიკას, ცეკვებს, ეტიკეტს, არისტოკრატიულ მანერებს, მეოჯახეობას და ა.შ.
რაც შეეხება ზოგადად ტერმინ „ინსტიტუტის“ განმარტებას, შეიძლება სხვასაც ბევრს მოსვლოდა შეცდომა: ტერმინს ორმაგი დატვირთვა გააჩნია და გარდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა, ნიშნავს კიდევ ადამიანთა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს, წეს–ჩვეულებებს, ტრადიციებს. ამ თვალსაზრისით, „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ გულისხმობს ამა თუ იმ საზოგადოებაში ქალიშვილების მიერ უბიწოების დაცვას ქორწინებამდე.
ხოლო რას ნიშნავს უბიწოების დაცვა? ეს ნიშნავს არც მეტი, არც ნაკლები – საქალწულე აპკის დაურღვევლობას. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ თუკი ნებისმიერი სხვა ორგანო ადამიანთან ერთად აქვს სხვადასხვა ძუძუმწოვარს, საქალწულე აპკი პრაქტიკულად აქვს მხოლოდ ადამიანს. მეცნიერები ვერ მიდიან საერთო დასკვნამდე მის როლსა და დანიშნულებაზე, ზოგჯერ ატავიზმადაც კი მიიჩნევენ, მაგრამ ერთობლივად თანხმდებიან, რომ შემოქმედი არაფერს გააჩენდა ისე უბრალოდ. ხოლო უბრალო რომ არაა, ამაზე მეტყველებს თვით სახელწოდება – ლათინურად საქალწულე აპკი არის „ჰიმენ“, რომელიც მოგვაგონებს ტერმინ – „ჰიმნს“, მაგრამ მხოლოდ მოგვაგონებს?
ჩავხედოთ ისტორიისა და ლიტერატურის მატიანეებს – „ჰიმენე“ ქორწინების და საქორწინო კავშირის ღმერთია ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში. ჰიმენემ გამოიგონა ქორწილის ჰიმნი. „ჰიმნი“ თავდაპირველად საქორწინო სიმღერა იყო, შემდეგ ზოგადად სახოტბო სიმღერად იქცა, ვიდრე არ ამაღლდა ეროვნული დიდების საგალობლის დონემდე!
ამდენად, დღეისათვის ეროვნული იდენტიფიკაციის მელოდიურ ნიშანს და საქალწულე აპკს ერთიდაიგივე სახელები აქვთ – „ჰიმენი“ (“ჰიმნი“) და ეს არ არის შემთხვევითი – უბიწოების ანატომიური ექვივალენტი არის ერთადერთი ზოგადსაკაცობრიო სულიერ–მატერიალური ფასეულობა!
აკი წმიდა მამები ოდითგანვე გვაფრთხილებენ: „დაღუპულია ის საზოგადოება, სადაც იღუპება ქალის უბიწოება“; ხოლო იოანე კიბისაღმწერელი კიდევ უფრო მკაცრ შეგონებას გვთავაზობს: „მრავალმოწყალე უფლისაგან ჩვენზე ზრუნვის გამოხატულებაა, რომ დედათა სქესის ურცხვობას, როგორც აღვირი, ამოდებული აქვს მორცხვობა. ქალებს თავად რომ შეეძლოთ მამაკაცების გამოწვევა, ძე–ხორციელი ვერ გადარჩებოდა!“
ვინც წერილის დასაწყისში მოხსენიებულ სატელევიზიო გადაცემას გაიხსენებს, უთუოდ აღიდგენს გონებაში ერთი სტუმრის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ, როდესაც ჰიტლერმა სთხოვა თანამოსაგრეებს, შეესწავლათ რუსი ხალხი, მათ უპასუხეს – შეუძლებელია იმ ერის დამარცხება, სადაც ქალწულთა რიცხვი 80%–იაო!
თუკი იზლერის ბაღგამოვლილ რუსეთს ჰქონდა ამ მხრივ დასაქადი, მით უმეტეს, ქართველებს რატომ არ უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი ქართველი მანდილოსნების უმანკოება, ერთგულება, თავდაჭერილობა და კდემამოსილება – განა მათი მეოხებით არ ვამარცხებდით ხაკან ხაზართა მეფის, რუმის სულთან რუქნ ად–დინისა და სპარსეთის შაჰ აბასის თავგასულობას?
ჰოდა, თუკი თვით ფაშისტთა მოსაზრებითაც, ქალის უმანკოება აპირობებს ერის მედეგობას, გამძლეობას და დაუმარცხებლობას, დღეს ტელეგონიის მონაცემებით დგინდება საოცარი მოვლენა – პირველი მამაკაცის კვალი ქალის ორგანიზმში, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი არის ერის ღირსების ნიშანი! დაკვირვებები მეტყველებენ ქალწულობის დაცვის პრიორიტეტებზე და იცავენ ამ ფასეულობათა შემნარჩუნებელი ქვეყნების შეურყეველ ავტორიტეტს. თუმცა, ეს უკვე სხვა მასალის თემაა და საგანგებო მსჯელობას მოითხოვს ხსენებულ საკითხზე.
კომენტარი