სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ნოღაიდელი - „პოლიტიკური შიდსი“

ზურაბ ნოღაიდელი პარლამენტარიც იყო, ორგზის მინისტრიც და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ ვერა და ვერ იქცა პოლიტიკურ ფიგურად. ეგ კი არა, მის სულელურ გადაწყვეტილებებზე კომენტარებს სხვები აკეთებდნენ. მაშინ ამბობდნენ, ნოღაიდელი სიტყვაძუნწი კაცია, ბევრი ლაპარაკი არ უყვარსო.

რაც ოპოზიციაში გადავიდა, დღეს არ აცდენს, ბრიფინგი არ გამართოს, კომენტარები არ აკეთოს, ყველგან ეჩრება, ეკითხებიან თუ არა. მოკლედ, ნოღაიდელს ლაპარაკის საღერღელი აეშალა, კაცი იფიქრებს, რაც ბოლო წლებში დუმდა, იმის ანაზღაურებას ცდილობს.

ერთი კია, ნოღაიდელი მაინც ნოღაიდელია, სიტყვაძუნწი თუ სიტყვაუხვი, მაინც ერთია - ჭკვიანურს მისგან ვერაფერს გაიგებს კაცი.
ვანო ჩხარტიშვილის საქართველოდან გაქრობას ნოღაიდელმა ჯერ ბრიფინგი მიუძღვნა, ახლა კი, ინტერვიუში, ნახეთ რეებს ჩმახავს. ამბობს: "ჩხარტიშვილს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი სთხოვდნენ და აიძულებდნენ ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. ამის გამო ვანო ჩხარტიშვილი იძულებული შეიქმნა ქვეყნიდან წასულიყო, რის შემდეგაც 21 დღის განმავლობაში მისი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილი – პატარა გოგონა მძევლად ჰყავდათ აყვანილი, არ აძლევდნენ ქვეყნის დატოვების უფლებას. ამ გზით ცდილობდნენ, იძულებული გაეხადათ ვანო ჩხარტიშვილი დაბრუნებულიყო საქართველოში და მიეცა ჩვენება ჩემს წინააღმდეგ. მადლობა ღმერთს, მისმა ოჯახმა მოახერხა გაპარვა ქვეყნიდან და უკვე სამშვიდობოსაა".

ახლა მივყვეთ ამ აბდაუბდას. რა გამოდის? მერაბიშვილმა და ადეიშვილმა ჩხარტიშვილი დაიბარეს, უთხრეს, რაც ნოღაიდელზე კომპრომატები იცი, გვითხარიო. არაო, იუარა ვანომ და გაუშვეს. ვანო მოსკოვში გაიქცა (ჩხარტიშვილი). მერე ვანომ (მერაბიშვილმა) და ზურაბ ადეიშვილმა მძევლად აიყვანეს მისი ოჯახი და ვანოს დაუმესიჯეს, სანამ არ ჩამოხვალ, არ გავუშვებთო?
„ვირო“ (დაღლილო), შევეცადე, მაგრამ შენი სიზმრიდან საშუალო დონის ზღაპრის სიუჟეტიც კი ვერ გამოვიყვანე. ზღაპარში მეტია სიმართლე, ვიდრე ამ უნიჭობაში, ჟურნალისტებს სკანდალურად რომ აჩეჩებთ. თუ ჩხარტიშვილი დაკავებული ჰყავდათ, რატომღა გამოუშვეს. დაკავებულებს ეგრე იოლად როდის უშვებდნენ ძალოვნები. მეორეც, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა ის ვერ იფიქრეს, რომ ჩხარტიშვილი საქართველოს დატოვებდა, თუ მენავთობე-ბანკირმა დედა დაიფიცა და დაუჯერეს?
რაც შეეხება თქვენს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ამაზე ქვემოთ. ჯერ ჩხარტიშვილის ცოლ-შვილი გავათავისუფლოთ ტყვეობიდან. თურმე 21 დღე მძევლად ჰყავდათ ორი ქალბატონი და ერთი ბავშვი და მათ მოახერხეს ქვეყნიდან გაპარვა.
თუ მძევლად ჰყავდათ აყვანილი, მათ დაცვასაც დაუყენებდნენ და ერთი გაიკითხეთ, ზურაბ ბატონო, მერაბიშვილის დაყენებულ დაცვას ოდესმე ვინმე გაქცევია? კარგი, სახლიდან გაიქცნენ, ჯანდაბას, ეს მოახერხეს და, ვთქვათ, დაგიჯერებთ ამ ნაწილში, მაგრამ ქვეყანა როგორ დატოვეს ისე, კაციშვილმა რომ ვერ გაიგო? ახლა ის ვთქვათ, როგორ ეძალებოდნენ მერაბიშვილი და ადეიშვილი ჩხარტიშვილს, ჩვენება მოგვეცი ნოღაიდელის წინააღმდეგ, დაგვაჭერინეო. ორ წელიწადში გამილიონერებული ოლიგარქის დაჭერას რად უნდა ჩხარტიშვილის ჩვენება?
ქართულ პრესაში მრავლად დასტამბულა, მათ შორის "დრონი.ჯი"-შიც, კონტროლის პალატის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოწმების დასკვნები. მარტო ეს დასკვნები შეიცავს უამრავ სისხლის სამართლის ნიშნებს და ს\ს საქმის აღძვრა უპრობლემოდ შეიძლება. ამ დასკვნების თანახმად, იმ უკანონობაზე, რაც სამინისტროში ხდებოდა, ნოღაიდელს ეკისრება პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, ამ დასკვნებს ხელს შევარდნაძის დროინდელი კონტროლის პალატის შეფი, სულხან მოლაშვილი აწერს. იმ ფირმების უკან, რომელთაც ფინანსთა სამინისტროს ტენდერები ჩაწყობით აქვთ მოგებული, თქვენი ნათესავ-მეგობრები დგანან. რაღა ჩხარტიშვილს მიადგებოდნენ, მოგვეცი ჩვენებაო? ბარე ოციოდე კაცია ისეთი, ერთი რომ დაუღრიალო, მეტი არ უნდა, "პასტას" ვერ გააგდებინებ, იმდენ კომპრომატს ჩამოყრის ნოღაიდელზე.

ნოღაიდელის დაჭერას არაფერი უნდა, საკმარისია კონტროლის პალატის შემოწმების იმ ოქმებიდან, ზემოთ რომ ვახსენე, ერთი ფურცელი ამოიღოს პროკურატურამ და ზურიკო "ვირის აბანოში" ამოყოფს თავს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამ კაცის არდაჭერას პოლიტიკის სუნი უდის, ეს ის მომენტია, როცა პოლიტიკა სიმართლეზე მაღლა დგას.

ნოღაიდელი ოპოზიციამ თავის დროზე არ მიიღო. შარშან, 9 აპრილის აქციებიდან გამოაგდეს. მერე ფული დახარჯა, ოპოზიციის ნაწილი მოისყიდა, მაგრამ მაინც ვერ იქცა გამოკვეთილ ლიდერად, რეიტინგი აქვს ნული და ეს თავადაც კარგად იცის. ახლა, ნოღაიდელისთვის ციხის კამერა "პოლიტიკური ცხონებაა", მაშინვე აიწევა მისი რეიტინგი. ხომ გახსოვთ, ირაკლი ოქრუაშვილი როცა ციხეში ჩაჯდა, მონანიებამდე ხალხი გმირად რაცხავდა. ნოღაიდელსაც ეგ უნდა, დაიჭირონ, რასაც საკუთარი ჭკუით, რუსული ფულითა და პეტრე მამრაძის მარიფათით ვერ ახერხებს, ის საქმე მუქთად გაუკეთონ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა.

ახლა ისევ ინტერვიუს მივხედოთ. ჟურნალისტი ზურიკოს ეკითხება: გავიგე გენო მალაზონიამ, "ენერგო ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა თქვენი და ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცაო. ზურიკო თავს იგიჟებს: ქრთამი არ ამიღია, ამიტომ ვერაფერს დამიმტკიცებენ, ცილისწამების უფლებას არავის მივცემ, მათ შორის არც გენო მალაზონიას. ეს ვინ ლაპარაკობს, ცილისწამების უფლებას არავის მივცემო? "პოლიტიკურ შიდსად" შერაცხული ნოღაიდელი?

ეს ის ნოღაიდელი არ არის, საქვეყნოდ, პრესით, ტელევიზიიით თუ ინტერნეტგამოცემებით ქართველი პოლიტიკოსები ხაზინის ქურდს, უსინდისოს, მექრთამეს, უზნეო ადამიანს, პენსიების ქურდს, ღარიბ-ღატაკთა მტერს, ქართველების ჯიბიდან კაპიკების ამომღებს და კიდევ ათას უბედურებას რომ უწოდებდნენ და უწოდებენ? თან ვინ, ახლანდელი ოპოზიციონერები, მისი ყოფილი თანაგუნდელებიც, მათ შორის: ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, კობა დავითაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გოგა ხაინდრავა, კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ძმები ბერძენიშვილები, გია ხუხაშვილი, სოსო ცისკარიშვილი... და მაშინ ამ ადამიანებიდან ზოგიერთი ე.წ. ქუჩის ოპოზიცია კი არ იყო, ზოგი დეპუტატი იყო, ზოგი – მინისტრი, ზოგიც – საკრებულოს წევრი.
რა უნდა ახლა ნოღაიდელს, რომ დაგვიმტკიცოს? გენო მალაზონიამ თუ დანაშაულში ამხილა, ის ცილისწამებაა, მის მიმართ ზემოთ გამოთქმული კი – მტრედების ღუღუნი? არც ერთ ბრალდებაზე ნოღაიდელს პასუხი არ გაუცია, მას რომ ღირსება ჰქონდეს, იმ ბრალდებებს უპასუხებს, მაგრამ ეს ყველაფერი ნოღაიდელმა შეირგო, ბევრმაც, ცხადია, დაიჯერა, რომ ეს კაცი არის მექრთამე, კორუმპირებული, პენსიებისა და ხაზინის ქურდი, ამიტომაც სათოფეზე არ ეკარებიან. ეს ის ნოღაიდელი არ არის, არჩევნების წინ რომ იმუქრებოდა: თუ გაყალბდა არჩევნები, მიშას ხელ-ფეხს მოვამტვრევო? გამოვიდა არჩევნების მერე და თქვა – გაყალბდაო. რაღაც არა გვსმენია, ნოღაიდელს ვინმესთვის ბუზი აეფრინოს.

ახლა ისეთ რამეს წაიკითხავთ, მართლა იტყვით, ზურაბ ნოღაიდელს სინდის-ნამუსი ქობულეთში დარჩა და ისე წამოვიდა იქიდანო: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებამ დახარჯა 200 მილიონი დოლარი, რაც დიდძალი ფულია, ეს თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან. უკვე დატრიალდა დაპატიმრებისა და ფულის შეწერის ახალი წრე. საქმე ის არის, რომ საქმიან ადამიანებს, რომლებსაც თავისიანად მიიჩნევენ, უკვე დიდი ხნის წინ წაართვეს ფული. მაგათ არ ესმით, რომ ჭკვიანი და წარმატებული მხოლოდ შენი ახლობელი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ვერ იქნება.

ჩვენ ამაზე ყოველთვის გვქონდა კამათი ჩემი ფინანასთა მინისტრობიდან დაწყებული, როდესაც ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანია იყო პრემიერი. "ნაცმოძრაობის" იმ ფრთას, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ყოველთვის სურდა რეპრესიების გატარება ბიზნესმენების წინააღმდეგ. ეს გაგრძელდა ჩემი პრემიერმინისტრობის დროსაც. მეც და ზურაბ ჟვანიასაც გვესმოდა, რომ ბიზნესს მხოლოდ შენი ახლობელი ვერ აწარმოებს, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ამ პროცესის შეჩერებას.
მოდით, გავიხსენოთ ის ფაქტები, რომლებიც დღესაც ხელზე აქვს დახვეული ოპოზიციას და ბიზნესზე ზეწოლად არა მარტო მათგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც და ექსპერტებისგანაც ასე შეფასდა: 1) "ნიკალაში" ნიღბიანები რომ შეცვივდნენ და ხალხი ააწიოკეს, ის ნიღბიანები ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი იყო, ფინანსური პოლიცია ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, მინისტრი კი ნოღაიდელი იყო; 2) გოჩა გოგოლაძეს რუსთაველზე, "სონის" ოფისი და კაფე რომ წაართვეს, მაშინ ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრი იყო და მისდამი დაქვემდებარებული ფინანსური პოლიცია აჯანაჯღარებდა გოგოლაძეს და ამ მაღაზიის გარდა კაფე "რუსთაველის" დათმობასაც სთხოვდა.
ამაზე საერთაშორისო სკანდალი ატყდა, მაგრამ ნოღაიდელს ყური არ შეუბერტყია; 3) "ბადაგონის" ცნობილი სკანდალი. ნოღაიდელი უკვე პრემიერ-მინისტრია, მაგრამ ისევ ფეხებზე დაიკიდა კერძო მესაკუთრის სამართლიანი უფლებები; 4) "შინხოფერის" საერთაშორისო სკანდალი. ასეულ ათასობით დოლარის საქონელი საბაჟოზე აუყროლეს "შინხოფერს", მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ნოღაიდელის ყურს ვერ მისწვდა. ავსტრიის კანცლერმა ვენაში კატეგორიულად მოსთხოვა პრემიერ ნოღაიდელს, ჩემს თანამემამულე ბიზნესმენს ნუ ავიწროებთო და მერე, როცა ნოღაიდელი დაბრუნდა ავსტრიიიდან, ძლივს ეღირსა "შინხოფერის" დაპატიმრებულ პროდუქციას ამნისტია. 5) "დელისის" მეტროსთან კერძო საკუთრების ობიექტების ბულდოზერებით ნგრევა. ნოღაიდელი ამ დროს ახალი დანიშნული იყო პრემიერად, ეტყობა, იმიტომ გამოეპარა; 6) თაბუკაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსიდან ხალხის გამოსახლება და ამ კორპუსის დანგრევა. ამ დროს თითქმის ორი წლის გაპრემიერებული იყო "ქობულეთელი ცალტვინა", როგორც გიორგი გუგავა იტყოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ამ სიის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა. ნოღაიდელი მაშინ პრესა-ტელევიზიით ამტკიცებდა, უკანონობას ვებრძვითო, ჩვენ მართლები ვართ, ეგენი – დამნაშავენი და ამიტომაც ვანგრევთ, ვართმევთ და ვავიწროვებთო. ახლა კი ჭიკჭიკებს, წინააღმდეგი ვიყავით მე და ჟვანიაო. თუ წინააღმდეგი იყავი, გაჩუმებულიყავი მაინც, რაღას ამართლებდი იმ ხალხს, ვინც შენი აზრით, უკანონობას სჩადიოდა?
სხვათა შორის, არც ზურაბ ჟვანიას პროტესტი გვახსენდება! ვკამათობდითო – იძახის ნოღაიდელი. კი არ უნდა გეკამათათ, უნდა ამდგარიყავით, პროტესტის ნიშნად დაგეტოვებინათ პოსტი და საქვეყნოდ გეყვირათ – უკანონობაა ქვეყანაში, თვალს ვერ დავხუჭავთ, ხელს ვერ შევუწყობთ და მივდივართო. მაგრამ მაგის შნო ვინ მოგცა, ზურიკო ბატონო, სააკაშვილი წარბს რომ ასწევდა, "ჩესტზე" დგებოდი და თანაც იმ მაღალ და კომფორტულ, ათასგვარი სიკეთის მომტან პოსტს საკუთარი ნებით როგორ დატოვებდი? სანამ არ გამოგაპანღურეს მთავრობიდან, მანამდე შენი ერთი საპროტესტო სიტყვა არავის გაუგია "ნაციონალთა" ხელმრუდობისა თუ რეკეტიორობის შესახებ. "ნაცმოძრაობის" იმ ფრთაზე კი იმიტომ ხარ გაბრაზებული, რომ სწორედ ეგ ფრთა იყო, პრემიერობიდან რომ მოგაცურეს.
ახლა ამ 200 მილიონზეც ვთქვათ. თქვენ რომ მთავრობაში იყავით, მაშინ "ნაციონალებმა" ოთხ არჩევნებში გაიმარჯვეს: საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის საპარლამენტო არჩევნებში. იმ არჩევნებში ერთი თეთრი არ დახარჯულა "რეპრესირებული ბიზნესმენებისა" და რაც თქვენ წამოხვედით, მას აქეთ გაფუჭდა ეგ ხალხი?
თუ მაშინაც უკანონოდ მოძიებულ თანხას ხარჯავდნენ, რატომ არ იღებდით ხმას და თუ თქვენი გაოპოზიციონერების მერე დაიწყეს რეპრესიები და მანამდე ვერ ბედავდნენ, მაშინ თქვენ ყოფილხართ "ნაცმოძრაობისა" და ამ ქვეყნის ბურჯი, მამამთავარი და მამამარჩენალი.
სხვათა შორის, ჟურნალისტი ნოღაიდელს ბიზნესმენის დაშანტაჟების, ქონების წართმევის ორ ფაქტს – ვალერი გელაშვილს, ქიბარ ხალვაშს და მათ ბიზნესს ახსენებს, ეუბნება, ეგ ხომ თქვენ დროს მოხდა, გამოდის, მსგავსი ფაქტები თქვენ დროსაც ხდებოდაო. ნოღაიდელი უარყოფს, არა, ტყუილია, არ ხდებოდაო. ქიბარ ხალვაშზე და ვალერი გელბახიანზე არ უნდა ლაპარაკი, "კონკრეტულ მაგალითებზე ლაპარაკი არ მსურსო".
ვირო (დაღლილო), ჩხარტიშვილზე იმხელა მონოლოგი ჩამოარაკრაკე, გენო მალაზონიაზე ლაპარაკი ძლივს შეგაწყვეტინა ჟურნალისტმა, რაღა ქიბარ ხალვაშის და ვალერი გელაშვილის "კონკრეტულ მაგალითებზე" არა ხარ ლაპარაკის ხასიათზე? ბარემ თქვი, რომ თუ ამ ორ ბიზნესმენს რამე უკანონობა დამართეს, ჩემი ხელიც ურევია-თქო. აი, ეს იქნება სიმართლე, მაგრამ არ გაწყობს. ქიბარ ხალვაში შენი პოტენციური პოლიტპარტნიორის, ირაკლი ოქრუაშვილის ძმაკაცია, ვალერი გელაშვილი – ყოფილი "რესპუბლიკელი", ვინ იცის, იქნებ გელაშვილთანაც გამონახოთ საერთო ენა, რატომ ილაპარაკებთ მათზე? რაც თქვი ადრე, ცხადია, იმასაც ნანობ. აბა, რას წარმოიდგენდი, მთავრობიდან თუ მოგისროდნენ და მერე გაოპოზიციონერდებოდი?

ნოღაიდელი სულ გიჟდება, როცა "ეროვნული საბჭოდან" მის გარიცხვაზე ეკითხებიან. რა მჭირს ვინმეს გასარიცხი, "ეროვნული საბჭო" წინასაარჩევნოდ შეიქმნა და მერე დაიშალა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს "კონსერვატორებს" და "ხალხის პარტიასო". ჟურნალისტი არ ცხრება, დოკუმენტი არსებობს, სადაც წერია, რომ თქვენი ორგანიზაცია გარიცხეს "ეროვნული საბჭოდანო". აი, რას პასუხობს ნოღაიდელი: "მაგათი ლაპარაკი სულ ფეხებზე მკიდია, წარუმატებელი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს". ისე, რა დახვეწილი ლექსიკაა?! თან იცით, ვინ ჰკიდია ფეხებზე ნოღაიდელს? კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური.
ამათ ეძახის წარუმატებელ ადამიანებს, ჰო, რას ამბობთ, ვიდრე გაერთიანდებოდით, დავითაშვილი და ძიძიგური ვარსკვლავებს ეთამაშებოდნენ და მერე როცა დაიშალეთ, წარუმატებლები აღმოჩნდნენ. აი, ასეთი პოლიტპარტნიორია ნოღაიდელი. პოლიტიკური გვამი კომადან გამოიყვანეს და ამაგს ასე უფასებს თავის ყოფილ პარტნიორებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100