ირაკლი მელაშვილი: დაგეგმილი აქციებით არაფერი შეიცვლება
მას შემდეგ, რაც ,,ეროვნული ფორუმი’’ ირაკლი მელაშვილმა დატოვა, ის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე "ოპოზიციური რვიანის" წევრია და ახლა მხოლოდ ამ საკითხითაა დაკავებული. თუმცა, მელაშვილს ძველი კოლეგები არ დავიწყებია და არც პოლიტიკური პროცესების დინამიკას ჩამორჩება. ფორუმიდან წასვლის მიზეზებსა და ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ საქმიანობაზე, ,,პრესა.ჯი’’–ს ირაკლი მელაშვილი ესაუბრა.
– რას საქმიანობს ამჟამად ,,ეროვნული ფორუმის’’ ყოფილი წევრი?
– ამჟამად, რვიანის ექსპერტი ვარ, რომელიც საარჩევნო გარემოს გუმჯობესებაზე მუშაობს. ვიბრძვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოში ნორმალური არჩევნების ჩატარებას. ახლა ეს არის ჩემი მოღვაწეობის მთავარი ამოცანა.
– თქვენს მიერ ,,ეროვნული ფორუმის’’ დატოვებას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა, საუბრობდნენ დაპირისპირებაზეც, რა გახდა სინამდვილეში თქვენ მიერ პარტიის დატოვების მიზეზი?
– როდესაც არსებობს შეხედულებები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა და ამ დროს შენ ხარ უმცირესობაში, მაშინ უნდა ადგე და წახვიდე. მე შევინარჩუნე კარგი ურთიერთობები ჩემ მეგობრებთან. უმჯობესია მათ საკუთარი აზრებისა და საქმის განხორციელების საშუალება მიეცეთ და მე ჩემი. არ ყოფილა არც სკანდალები და არც ჩხუბი, რაც არაერთხელ ხდება ხოლმე. ,,ეროვნულ ფორუმთან’’ ვითანამშრომლებ ისე, როგორც ვითანამშრომლებ სხვა პარტიებთან.
– როდესაც თქვენ ფორუმის წევრი იყავით, თქვენი განცხადებები არასდროს ყოფილა რადიკალურად განსხვავებული პარტიის წევრებისგან, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში?
– სანამ ხარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვალდებული ხარ მიჰყვე იმ პარტიის იდეოლოგიასა და მიზნებს. მე ახლაც კი ვაცხადებ, რომ სრულად ვარ პასუხისმგებელი პარტიის საქმიანობაზე, როდესაც მე მის რიგებში ვირიცხებოდი. შიდა სამზარეულოს ამბები და პოლიტიკური ჭორაობა ხელისუფლებისგან მოდის, ეს შემდეგ ოპოზიციონერებმაც აიტაცეს. არის წესი, არც პოლიტიკოსისა და არც რიგითი მოქალაქისგან, რომ დაიწყო ჭორაობა პრესასთან, მას შემდეგ, რაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დატოვებ. პარტიიდან გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ეთიკის და ურთიერთობის ნორმები უნდა დაივიწყო.
– თქვენ აცხადებთ რომ ,,ეროვნული ფორუმის’’ ლიდერებთან აზრთასხვადასხვაობა გქონდათ, არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი პარტია, რომელთა მიზნები და შეხედულებები თქვენსას ემთხვევა?
– ასე კონრეტულად არა. მე ვხდები თქვენი კითხვის არსს. არ ვაპირებ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას, რადგან ეს საკითხი ამ შემთხვევაში ჩემთვის საკმაოდ რთულია. ჩემი პარტიული საქმიანობა ძალიან რთულად წარმოსადგენია. იმდენად ახლო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ,,ეროვნული ფორუმი’’, იმის შემდეგ ძალიან გამიჭირდება ვინმეს პოლიტიკურ პლატფორმას მოვერგო.
– თუ გქონდათ შემოთავაზება, რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან გაწევრიანებულიყავით მათ რიგებში?
– მათ იციან ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. ამიტომ, კონსულტაციასაც კი აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში. არ ვგეგმავ, რომელიმე პოლიტიკური პარტის წევრი ვიყო და განცხადებები ვაკეთო.
– ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი მოკვდა და ეს საკითხი არასდროს მოგვარდება. თქვენ ხართ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ეთანხმებით ოპოზიციის ამ ნაწილის შეფასებას?
– რომ ვფიქრობდე, რომ ამ თემაზე საუბარი მოკვდა და აღარაფერი გვეშველება, მუშაობას შევწყვეტდით. ის საკითხები, რაც ჩვენ დავაყენეთ, ამის შედეგად ხელისუფლება ჩიხშია შესული. მმართველ გუნდს მოუწევს ან თქვას, რომ ის არ აპირებს არასდროს, ჩაატაროს საქართველოში სამართლიანი არჩევნები და, რომ არასდროს ექნება ქვეყანაში ერთ მოქალაქეს, მხოლოდ ერთი საარჩევნო ხმა, ან გაითვალისწინოს რეკომენდაციები და შენიშვნები. ამის თქმა, ძალიან რთულია. ვერ იტყვის ამას ხელისუფლება. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებისგანაც ის სერიოზულ ზეწოლას განიცდის. ამიტომ, ნააადრევია იმის თქმა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი მოკვდა.
– მაგრამ ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე ოცნებაც კი აღარ შეიძლება და აქციებით იმუქრება...
– ბუნებრივია, თუკი ქვეყანაში არჩევნები არასდროს ჩატარდება სამართლიანად და ვერ გაიმარჯვეს ხალხის რჩეული, ოპოზიციას სხვა აღარაფერი დარჩება, თუ არა ის, რომ იფიქროს რეჟიმის სხვა ფორმით შეცვლაზე. მიმაჩნია, რომ ოპოზიცია წინ უსწრებს მოვლენებს და ჯერ კიდევ არის შანსი, ჩავატაროთ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები. რაც შეეხება აქციებს, არა მგონია, რამე კონკრეტული შედეგი მოიტანოს ამ აქციებმა. თუმცა გააჩნია, რა მოთხოვნით გაიმართება აქციები.
– მიტინგების გამართვის მთავარი მიზეზი, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა იქნებ...
– საშიშროებას ვხედავ, რომ თუკი ხელისუფლებამ დაინახა, რომ რვიანის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ აქვს და საზოგადოების ზეწოლაც ძლიერი იქნება, მაშინ სააკაშვილი გამოვა და იტყვის, აი ხალხი გამოვიდა, ითხოვს არჩევნებს და მეც ვნიშნავ. ეს არჩევნები კი, წინასწარვე ყველამ იცის, რომ მმართველი გუნდის გამარჯვებით დასრულდება. ეს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია.
ოპოზიციის რესურსი ყოველთვის არის ხალხი. თუ ხალხი გამოყვება, აქვს შანსი რაიმე კონკრეტულ შედეგს მიაღწიოს. ზოგადად, აუცილებელია ძალიან სერიოზული კონსულტაციები პოლიტიკურ პატიებს შორის, რომ ის უმსგავსობები,რაც ბოლო პერიოდში ხდება, ოპოზიციონერთა მხრიდან ერთმანეთის ლანძღვა–გინება უნდა შეწყდეს. უნდა მოხდეს მთელი რესურსის მობილიზება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ.
– როგორ ფიქრობთ, საერთო მიზნისთვის შესაძლებელია ბურჯანაძე–გაჩეჩილაძის გაერთიანება?
– ეგ საკითხი ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოხდება მათი გაერთიანება. თუმცა ეჭვი მეპარება, ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე კვლავ ბარიკადების ერთ მხარეს ვიხილოთ.
– რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ახსენეთ დაპირისპირება და ოპონენტებთან ბინძური ხერხებით ბრძოლა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, 2005 წლის იპოდრომის აქციის დეტალები, ლევან გაჩეჩილაძეს აქვს მორალური უფლება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ სთხოვოს ქუჩაში გამოსვლა და მხარდაჭერა?
– შეცდომები ყველას აქვს დაშვებული, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. თუ ლევანი ფიქრობს, რომ ის ვერ გაჩერდება და უნდა იბრძოლოს, მას აქვს უფლება საზოგადოებას შესთავაზოს თავისი თავი, როგორც ერთ–ერთი ლიდერი. გაყვება თუ არა მას საზოგადოება, ეს კი მხოლოდ ხალხის გადასაწყვეტია.
კომენტარი