„სტალინი და ფინელები“ - პოლიტიკური სახელმძღვანელო ქართველებისათვის
ევროპის ჩრდილოეთში ცხოვრობს თავისი სიმამაცითა და ეროვნული სულისკვეთებით გამორჩეული, ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერი - ფინელები. გასულ საუკუნეში ამ ხალხის უმაგალითო გმირობამ განაცვიფრა მთელი სამყარო, როდესაც პატარა ერმა ყველა სხვა ქვეყნებისათვის სანიმუშოდ თავი არ მოუხარა უდიდეს იმპერიებს და ისეთ სამეზობლოში, როგორიც იყო საბჭოური რუსეთი და ფაშისტური გერმანია, სისხლში გამოატარა თავისი ქვეყნის თავისუფლება და თვითმყოფადობა. თუ რა იყო ფინელი ხალხის წარმმართველი და მამოძრავებელი ძალა ამ უთანასწორო ჭიდილში, ამას აგვიწერს თავის წიგნში „სტალინი და ფინელები" ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმო ვიჰავაინენი. ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, როგორც ბედისწერისადმი დაუმორჩილებლობის სახელმძღვანელო - თუ რა უნდა იღონოს ერმა, რათა თვით სრულიად უიმედო ვითარებაშიც კი დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და საზღვრების სიმტკიცე.
საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ ბატონი ტიმო ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარი და კეთილისმსურველია. იგი კოლეგებთან ერთად შარშან იმყოფებოდა თბილისში და მათ ერთობლივად დაწერეს წიგნი საქართველოზე, რომელიც ამ წლის ბოლოს გამოიცემა ფინეთში. რაც შეეხება მის ნაშრომს „სტალინი და ფინელები", ეს წიგნი ოქტომბრის თვეში გამოქვეყნდება ქართულ ენაზე. ანონსის სახით, ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტს ქართველი მკითხველისათვის განკუთვნილ ავტორის წინასიტყვაობიდან:
ავტორის წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის
„ჩემთვის უაღრესად სასიხარულო და საამაყოა, რომ ახალი თარგმანი სწორედ ქართულ ენაზეა შესრულებული. საქართველოს ფინელები იცნობენ, როგორც უძველესი ცივილიზაციის, ღვინისა და გმირების ქვეყანას, მაგრამ ბევრი არ იციან მის შესახებ. ამიტომ, ფინელ მეცნიერთა და ჟურნალისტთა ჯგუფმა, მათ შორის ამ სტრიქონების ავტორმა, განვიზრახეთ თანამემამულეებისათვის დაგვეწერა წიგნი საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე. წიგნი ფინეთში გამოიცემა 2012 წლის ბოლოსათვის.
ახალი თაობის ფინელთა უმეტესობისათვის საქართველო დღემდე აღიქმება მაღალი მთების, უძველესი ტრადიციების და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობის ქვეყნად; თითქმის ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველი იყო სტალინი. მაგრამ ცოტას თუ სმენია, რომ ჩვენს ხალხებს შორის საკმაოდ დიდი კონტაქტები იყო უკვე მე-19 საუკუნიდან: იმპერიული არმიის შემადგენლობაში ფინელი ოფიცრები მსახურობდნენ საქართველოში; შემდეგ რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციის პერიოდში სახელმწიფო „დუმაში" ქართველი დეპუტატები იყვნენ ფინეთის დიდი სამთავროს ყველაზე თავგამოდებული დამცველები, როდესაც რუსეთის სამეფო ხელისუფლება ცდილობდა მის გაუქმებას; სავსებით ბუნებრივია, რომ ფინელებიც, თავის მხრივ, ცდილობდნენ საქართველოს დაცვას ერთა ლიგაში, როდესაც საბჭოთა ჯარები მხეცურად ახშობდნენ 1924 წლის აჯანყებას.
საქართველოს არ გაუმართლა. მის თავისუფლებას ხელყოფდნენ ბოლშევიკები ამ მიწა-წყლის შვილის - სტალინის მეთაურობით. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, როგორც სტალინის ტერორის პერიოდში, ისე - მეორე მსოფლიო ომში. დღემდე გამოცანად ქცეული ბედისწერის მეოხებით ფინეთმა შეძლო აეცდინა საბჭოთა რესპუბლიკების ხვედრი. წინამდებარე წიგნი მოგითხრობთ იმ ფათერაკებიან მომენტებზე, როდესაც ფინეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა გოლიათი მეზობელი ქვეყნის დიქტატორის ნებით, მაგრამ, ავად თუ კარგად, ფინეთმა შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, გარკვეული დროის მანძილზე ჩვენს ხალხს ემუქრებოდა სხვაგვარი ხიფათი - ახალგაზრდობა გაბრუებული იყო სოციალიზმის ბანგით, რაც სინამდვილეში იყო სტალინიზმი.
ჩვენს დროში სოციალიზმის საცდური უკვე წარსულს ჩაბარდა. ჩრდილოეთის საზღვრები ახლა მშვიდობიანად გვეჩვენება. მაგრამ ისტორია არ დამთავრებულა. წარსული სულ უნდა გვახსოვდეს. მაშინ უფრო გაგვიადვილდება მომავლის გამოწვევებთან გამკლავება. ამ წიგნის ავტორს მთელი გულით სურს, რომ თანამედროვე საქართველოს ეროვნული პრობლემები გადაჭრილიყოს ყველაზე საუკეთესო გზით. მას აგრეთვე დიდ კმაყოფილებას მიანიჭებს, თუ ამ მოკრძალებული წიგნის ფურცლებზე მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოსა და სასარგებლოს".
ტიმო ვიჰავაინენი
რუსეთის კვლევათა პროფესორი
ჰელსინკის უნივერსიტეტი
კომენტარი