პრობლემა ის კი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ისაა, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი თანაგუნდელების მსგავსად ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა. მან ყველას მოუწოდა, არჩევნებზე კონცენტრირდნენ, მედია კი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი და ექსპერტიზა, რომ ამას ვხვდებოდეთ ჩვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის და არც აპირებს ჩამოსვლას. პრობლემა ის კი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემა ისაა, რომ ასე მასხრად იგდებს საკუთარ მხარდამჭერებს. ცოტა ხანში ხომ თვითონ გაარკვევენ მისი მხარდამჭერები, რომ მან და ენმ-მ კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდეს. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, "შეუძლებელია ის დაამტკიცო, რაც არ არსებობს".
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.
კომენტარი