მანანა ნაჭყებია: „ეს იქნება პოლიტიკური სიკვდილი ზურაბ ნოღაიდელისთვის“
ოპოზიციის რიგებში დიდი დაპირისპირებაა. ნაწილი პრაიმერისთვის ემზადება, ნაწილი კი პრაიმერის მომხრე პარტიებს ზურაბ ნოღაიდელის გამო ემიჯნება. „ალიანსი საქართველოსთვის“ გაურკვეველია ზურაბ ნოღაიდელის ფუნქცია ოპოზიციაში, „გამორიცხული არ არის, ნოღაიდელი იყოს ხელისუფლებიდან შემოგდებული ადამიანი, რომელიც ეცდება მთელი ოპოზიცია ჩაძიროს, მოაგროვოს ერთად და შემდეგ ჩარეცხოს“, - აცხადებს „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი წევრი მანანა ნაჭყებია.
- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ირაკლი ალასანიას პოზიცია, იგი, ასე ვთქვათ, ფორმულას – „ყველა მინუს ერთი“ არ დაეთანხმა და ნოღაიდელს არ გაემიჯნა...
- ზურაბ ნოღაიდელი ალასანიასთვისაც მიუღებელია თავისი მსოფლმხედველობის გამო, განსაკუთრებით რუსეთთან მისი დამოკიდებულების გამო და ალასანიაც არ აპირებს, ისევე როგორც „ალიანსის“ დანარჩენი წევრები, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ, ვაფრთხილებდით ალასანიას, რომ თუ ის წავა პრაიმერზე, ბუნებრივია, იქ აუცილებლად მოიაზრება ნოღაიდელიც და ეს ჩვენთვის მიუღებელია.
ვერ გეტყვით იმას, რომ ირაკლიმ თავისი პოზიცია საბოლოოდ გამოკვეთა და ნოღაიდელთან ერთად იზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ალასანია არის არჩევანის ზღვარზე. ჩვენ, მას მივეცით თავისუფლება, ისევე როგორც ის ამბობს, რომ მოგვცა თავისუფლება. ჩვენ, ველოდებით ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას, ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ნოღაიდელი თავისი პოლიტიკური წარსულის და იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ის აწარმოებს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენთვის მიუღებელია.
- ნოღაიდელმა ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ალასანიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აქვე აღნიშნა, რომ ფორმულა - „ყველა მინუს ერთი“ აღარ არსებობს.
- იცით, ეს ემოციები და ლირიკული გადახვევები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ალასანია ამ მადლობას იღებს და ხდება ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტნიორი. ეს შეხვედრა იყო დიდი ემოციებით გაჯერებული. ვერ გეტყვით, რომ მომეწონა დარბაზმა ტაში რომ დაუკრა ზურაბ ნოღაიდელს.
ნოღაიდელის პოლიტიკური ფიგურის მიმართ საზოგადოებაში ბევრად უფრო ნეგატიური განწყობა უნდა იყოს მისი წარსულის და დღევანდელი პოლიტიკის გამო. რას მივაწერო ეს ტაში, არც კი ვიცი. იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იყო ჭადრაკის სასახლეში, ტაშს უკრავდა ოპოზიციის გაერთიანების სურვილს და არა ზურაბ ნოღაიდელს.
- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ალასანიას პოზიციის რადიკალური ცვლილება. ერთ-ერთი ვერსიით, მიუნხენში ლავროვმა მიანიშნა მას ნოღაიდელთან ურთიერთობის აუცილებლობაზე.…
- ამ ვერსიას გამოვრიცხავ, რადგან ჩვენ, კარგად გვქონდა გარკვეული ჩვენი კურსი და სწორედ ამით იყო გამორჩეული „ალიანსი“. იმედია, „ალიანსი“ შენარჩუნდება იმ სახით, როგორიც იყო, თუმცაღა ალასანიას გარეშეც „ალიანსი“ დარჩება „ალიანსად საქართველოსთვის“. ჩვენ, ჩვენი კურსი დემოკრატიაზე, სვლა დასავლეთისკენ ცალსახად გვქონდა გამოკვეთილი და ეჭვი არ მეპარება, რომ ირაკლი ალასანია დღესაც რჩება ამ კურსის მიმდევარი. არჩევანი მასზეა, მას შეუძლია თავისი პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ლავროვი არაფერ შუაშია, რადიკალური განსხვავება ნოღაიდელის ნაბიჯებსა და ალასანიას ქმედებას შორის გამოკვეთილია.
ზურაბ ნოღაიდელმა გააფორმა ხელშეკრულება „ედინაია რასიასთან“, რითიც პრაქტიკულად მისი პოლიტიკური პარტია გახდა „ედინაია რასიას“ ფილიალი საქართველოში. ირაკლი კი მიუნხენში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პოლიტიკა ასეთ შეხვედრებს ითვალისწინებს. მეტსაც გეტყვით, ნოღაიდელის ქმედება მიმაჩნია მის ძალიან დიდ პოლიტიკურ შეცდომად.
ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს ქართულ პოლიტიკაში დარჩენაზე და ერთ-ერთ ლიდერად გამოკვეთაზე, ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს. ჩვენ, ძალიან ბევრი შენიშვნები გვქონდა ნოღაიდელის მიმართ და გვაქვს მისი პოლიტიკური წარსულის გამო. დაწყებული მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ პრემიერმინისტრობაზე.
ჩვენ, გვქონდა ბევრი კითხვები იმ ფულთან დაკავშირებით, რომელიც უცებ სახელმწიფო მოხელეს, ზურაბ ნოღაიდელს გაუჩნდა. მიგვაჩნია, რომ ამ ფულს ასდის ცუდი სუნი.Aაი, ამიტომ ეს ფიგურა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ, ვფიქრობთ, რომ მენტალიტეტიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა და იმედია, დღესაც აქვს ალასანიას, ნოღაიდელი პოლიტიკურ პარტნიორად მისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა, ვნახოთ. როგორ არჩევანს გააკეთებს ალასანია.
- ამბობენ, პრაიმერს ნოღაიდელი აფინანსებსო, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?
- ხელაღებით ამის მტკიცება გამიჭირდება, თუმცაღა შემიძლია დავიმოწმო მისივე თანაპარტიელის, პეტრე მამრაძის სიტყვები, რომელიც ამბობს, ვერავინ აგვიკრძალავს მონაწილეობა მივიღოთ პრაიმერის დაფინანსებაშიო. ასე რომ, ამას ამბობს თვითონ პრაიმერში ერთ-ერთი მონაწილე პოლიტიკური ძალა. ჩვენ, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა არ გვიღირს იმის ფასად, რომ ვითანამშრომლოთ ნოღაიდელთან და დავკარგოთ მორალური პრინციპები.
- ალასანია ნოღაიდელს თუ არ გაემიჯნება, თქვენი გზები გაიყოფა, ანუ „ალიანსი“ დაიშლება?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალასანია არის არჩევანის ზღვარზე და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. რაც შეეხება „ალიანსს“, ის არ იშლება, საუბარი შეიძლება იყოს ალასანიას „ალიანსიდან“ გასვლაზე.
- კუკავამ განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორი თქვენთვის ყურით მოთრეული მიზეზია და რეალურად, თქვენ გსურდათ ყველა გაერთიანებულიყო თქვენი მერობის კანდიდატის, ალასანიას ირგვლივ და ამიტომ არ უერთდებით მათ.
- ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ალასანია არის ყველაზე რეიტინგული კანდიდატი, ამასვე აჩვენებდა სოციოლოგიური კვლევები. ეს ძალიან კარგად იცოდა ხელისუფლებამ და სწორედ ამიტომ მოიფიქრა ასეთი ხაფანგი ალასანიასთვის.
მართალია, ვამბობდით, რომ არ სჭირდება ამას პრაიმერი და მოდით, გავერთიანდეთ ძლიერის ირგვლივ, ანუ ალასანიას ირგვლივ, თუმცა ჩვენ, ერთიანი ლიდერის გამოსავლენად პროცესზე არ წავალთ-თქო - არ გვითქვამს. ჩვენ, ადრეც დავაფიქსირეთ, რომ `ალიანსი~ მზად არის, ოპოზიციას ერთობის ფორმულაზე მოელაპარაკოს, ოღონდ ამ ერთობის ფორმულა უნდა იყოს „ყველას მინუს ნოღაიდელი“. იმ დღესვე გვიპასუხეს ძიძიგურმა და დავითაშვილმა, რომ ეს მათთვის მიუღებელი იყო. თუ ისინი შეცვლიან თავის პოზიციას, ეს განსახილველი და მომავლის საკითხი იქნება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი თავიანთ პოზიციაზე ბოლომდე დარჩებიან.
- თქვენ არ შეიცვლით აზრს და არ შეუერთდებით პრაიმერში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის ზურაბ ნოღაიდელს?
- რა თქმა უნდა, არ შევცვლით პოზიციას. „ალიანსმა საქართველოსთვის“, „ახალმა მემარჯვენეებმა“, „რესპუბლიკელებმა“ და სოზარ სუბარმა საზოგადოებას დაანახეს, რომ ჩვენ, შეგვიძლია გადავდოთ საკუთარი ამბიციები და შევქმნათ ერთობა. „ალიანსი“ თვითონ იყო ერთობა. დღეს, სიტუაცია შემობრუნდა ისე, რომ ეს მოძრაობა გახდა არა ერთობის შემქმნელი, არამედ დამშლელი. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, შესაძლებელი იყო მოგვეფიქრებინა უკეთესი ფორმულა. რას ვიზამთ, პოლიტიკოსები თვითონ ირჩევენ.
- ვრცელდება ხმები, რომ ალასანია გაჩეჩილაძემ გადაიბირა ნოღაიდელის მითითებით!
- ვერ გეტყვით, უბრალოდ, მინდა შევახსენო საზოგადოებას და თვითონ ლევან გაჩეჩილაძეს თავისი პოზიცია. ის ამბობდა, რომ არ აპირებს მერის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას.
- და როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა პოზიცია თავად გაჩეჩილაძემ?
- ვერ გეტყვით, როგორც ჩანს, მას ეს ჩანაფიქრი თავიდანვე ჰქონდა, ან ვიღაცამ აზრი შეაცვლევინა. ძნელია ვიმსჯელო, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ლევან გაჩეჩილაძე, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა გაჩეჩილაძეს ღიად დაეჭირა მხარი ალასანიასთვის და ეთქვა: მე ჩემი კალო ვლეწე იმ ფრონტზე, რასაც ჰქვია ხელისუფლების წასვლა და დღეს, ჩემს წილ გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებ ალასანიასთან ერთადო, მაგრამ, როგორც ჩანს, გაჩეჩილაძემ სხვა არჩევანი გააკეთა.
- ამბობენ, ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას სურს, რომ გაჩეჩილაძე გამოიკვეთოს ოპოზიციის ერთიან კანდიდატად და შემდეგ ხელისუფლების დამხობა სცადონ.
- ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ქვეყნისთვის რევოლუცია ნამდვილად არ იქნება კარგი. ჩვენ, ამ პოზიციას ვიცავდით და დავიცავთ ყოველთვის. იმ დემოკრატიულ ფრონტს, რომელსაც დღეს წარმოადგენს „ალიანსი“, აქვს შანსი გაიმარჯვოს არჩევნებში, სამწუხაროდ, ვიღაცამ ეს არ დაიჯერა, ვიღაცამ ვიღაცას ეჭვი გაუჩინა და ა.შ.
- თქვენი აზრით, რატომ დაუმეგობრდნენ „კონსერვატორები“ და „ხალხის პარტია“ ნოღაიდელს?
- არ მინდა დავიჯერო და ღმერთმა დამიფაროს ვიფიქრო, რომ მათ ფინანსების მიმართ ინტერესები ჰქონდათ. ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ პრაიმერი აუცილებელია და მიიჩნიეს, რომ ნოღაიდელის შემოერთება მათ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებდა, რაც იყო დიდი შეცდომა.
- ოპოზიციური სპექტრიდან რუსეთში ჩამსვლელთა რიცხვი მატულობს, ამას როგორ აფასებთ?
- ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაალაგოს ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან, მაგრამ ოპოზიციას არაფერი ესაქმება პუტინთან და მედვედევთან. თუ რუსეთმა საქართველოში დასაყრდენი მოძებნა ნოღაიდელის სახით, რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში ქვეყნის პრობლემა, მაგრამ ეს ასევე იქნება პოლიტიკური სიკვდილი ზურაბ ნოღაიდელისთვის.
- თქვენ ამბობდით, რომ ნოღაიდელმა თქვენი პარტიიდან ხალხი გადაიბირა ფულის მეშვეობით, კიდევ ხომ არ ჰქონია მსგავს ფაქტებს ადგილი?
- ასეთი რამდენიმე სამწუხარო ფაქტი იყო და ჩვენ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნოღაიდელი პატიოსან თამაშს არ თამაშობდა. რომც მოვიდეს შენთან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ამას უნდა შეხედო ეჭვის თვალით და არ უნდა წაახალისო მისი მცდელობა. ჩვენი საჩხერის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ფული იყო ერთ-ერთი დამაინტერესებელი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნოღაიდელი ოპოზიციაში საეჭვო და გაურკვეველ როლს ასრულებს.
ჩვენთვის გაურკვეველია, რა ფუნქციით არის ზურაბ ნოღაიდელი დღეს ოპოზიციაში, არ არის გამორიცხული, ის იყოს ხელისუფლებიდან შემოგდებული ადამიანი, რომელიც ეცდება მთელი ოპოზიცია ჩაძიროს, მოაგროვოს ერთად და შემდეგ ჩარეცხოს. თუმცაღა, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა სწორად ჭვრეტს მოვლენებს, ხვდება რას რა მოჰყვება და ნოღაიდელს გადასაჩეხად არ გაჰყვა.
კომენტარი