სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სხვისი სახლი" ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის და NETPAC-ის პრიზის მფლობელი გახდა

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. ეს ფილმისთვის რიგით მესამე მთავარი საერთაშორისო ჯილდოა. "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის და ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია.
ფილმს ასევე გადაეცა NETPAC-ის პრიზი. NETPAC საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციაა, რომელიც კინემატოგრაფისტებს, კინოკრიტიკოსებს და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს აერთიანებს.
მოპოვებული პრიზები ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს სალომე დემურიას და ფილმის პროდიუსერს კატერინა გეჩმენ-ვალდეკს გადაეცათ.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს სწორედ რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" შეირჩა.გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში" მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100