სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა მალაშხია: სსრკ-ში დასაბრუნებელი ბილეთების გაყიდვის ოცნებაც ჩაფლავდება

გაზეთი „ყველა სიხალე“ აქვეყნებს ინტერვიუს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარესთან, შოთა მალაშხიასთან. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს:

-აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი - 50%-ზე მეტი, ეს ელექტორატი პოზიციას შეიცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეიცვლის კურსსა და ორიენტაციას, რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით პრობლემა არა აქვს. გადავინაცვლოთ ოპოზიციაში, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ელექტორატის მხარდაჭერის რაღაც პროცენტები.

ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდა რუსული ძალა. უბრალოდ, წარმოუდგენელია რუსეთში ნაშოვნი ამდენი მილიარდის პატრონი ადამიანი არ იყოს დავალებული რუსეთის ხელისუფლებისგან. კრემლი ყველა ბიზნესს აკონტროლებს რუსეთში და ამას დიდწილად იყენებს პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ მის ფარგლებს გარეთ თავისი გავლენისა და კონტროლის აღსადგენად. ვინც არ ექვემდებარება კრემლის კონტროლს, ის ან ციხეშია - ხოდორკოვსკი გავიხსენოთ, ან გაქცეულია რუსეთიდან. ჩვენთან კრემლის დავალებით ადამიანების მოსყიდვის არეალი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ არაფერი გამოუვათ.

ამგვარი რამ უკვე გავიარეთ და ვნახეთ პატარკაციშვილის იმედის ჩაფლავება, ახლა ივანიშვილის ოცნების ჩაფლავებასაც ვნახავთ, რადგანაც საქართველოში წარმოუდგენელია უკან, საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად ვინმემ მოახერხოს და ოცნების ბილეთები გაყიდოს. საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ იყოს პოლიტიკოსი და ამბობდეს, თავის ტერიტორიაზე ომი საქართველომ დაიწყოო. ასეთი ერთი-ორი მარგინალი მოიძებნება, მაგალითად, პეტრე მამრაძე და მისთანები. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პატრიარქმა ლამის სიტყვასიტყვით გაიმეორა პუტინის განცხადება, საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო. ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთში რომელიმე ბიზნესმენი დამოუკიდებელია? ივანიშვილი რომ რუსული პროექტია, ამის განსჯა არც ღირს, უბრალოდ, ამ პროექტს განხორციელების საშუალება არ უნდა მივცეთ არც ხელისუფლებამ და მისმა შესაბამისმა სამსახურებმა და არც მოსახლეობამ.

თუკი ვინმე კარგ პროექტში ჩადებს ფულს, აუცილებლად მივცემთ ამის საშუალებას, მეტიც - დავეხმარებით. იყოს თუნდაც პუტინის ფული, მთავარია, კარგ საქმეს მოხმარდეს. ჩვენ, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან რუსეთის გაწევრებას მხარი დავუჭირეთ და ამით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, თქვენი აზრით, ეს ცუდია? ასე არ შეიძლება საკითხის დასმა, საკითხი ასე უნდა დავსვათ: გაკეთებული საქმე წაადგება საქართველოს? თუ წაადგება, გინდა პუტინის გაკეთებული იყოს, გინდა - მედვედევის და გინდა - სარკოზის.

თუ ეს არ წაადგება საქართველოს, აი იქ გვჭირდება სიმკაცრე. თუ პუტინი ხვალ უკან დაიხევს და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას უკან წაიღებს, ბუნებრივია, მისაღები იქნება ჩვენთვის. ბიძინა ივანიშვილიც თუ მხოლოდ ქველმოქმედებისთვის გასწევს ქველმოქმედებას და არა საზოგადოების მოსყიდვისთვის, ჩვენ მომავალშიც აუცილებლად შევუწყობთ ხელს. პრინციპული საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, უნდა იყოს: ტაბუირებული თემები: არავინ უნდა კამათობდეს ომის დაწყების თემაზე; რუსეთთან არავინ უნდა ამბობდეს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა ვცნოთ. მე ნორმალურ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ, თორემ მარგინალები ყოველთვის ილაპარაკებენ ათას სისულელეს.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას ივანიშვილთან დაკავშირებით. პატრიარქს ყოველთვის ექნება სურვილი, რომ ყველაფერი მშვიდად და კარგად იყოს, ეს არის მისი მოწოდება. ქართული კანონმდებლობის მიხედვით ივანიშვილს კანონიერად გაუუქმეს მოქალაქეობა. საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია, მათი ურთიერთობა კონკორდატითაა განსაზღვრული, ეს რომ იყოს სახელმწიფო რელიგია, სახელმწიფოც ჩაერეოდა ეკლესიის საკითხებში და ეკლესიასაც ექნებოდა სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება. დღეს ასე არ არის. პატრიარქის განცხადებას მორალური მნიშვნელობის აქვს, მაგრამ სხვაა სამართლებრივი მხარე.

გაზეთი "ყველა სიახლე".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100