სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იქნებ ცარიელ ოთახებსაც სტკივათ საკუთარი ექო“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გაგა ჩაფიძესთან

უამრავ ჩვენთაგანს შეხვედრია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ლექსები თუ ფრაზები, რომლებიც ძალიან მოგვწონებია და გაგვიზიარებია, თუმცა მისი ავტორებით არ დავინტერესებულვართ. დღევანდელი ჩვენი ინტერვიუს გმირი სწორედ ერთ-ერთი იმ უცნობ ავტორთაგანია, რომელსაც ბევრი საინტერესო ლექსი, ფრაზა თუ ესე აქვს დაწერილი, უამრავი მათგანი სოციალურ ქსელშიც პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ავტორის ვინაობა უცნობია. გაგა ჩაფიძე ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტია, რომლის შესახებ საზოგადოებამ ალბათ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე საჭიროა:

-გაგა, მოგვიყევი შენს შესახებ, სად დაიბადე და როგორ გაატარე ბავშობა?

-დავიბადე ქობულეთში, დედულეთში... ბავშვობის წლები გავატარე 90-იანების ქუთაისში და როგორც ყველას, მეც მძიმედ მახსოვს იმდროინდელი მასობრივი სიბნელის პერიოდები. ვიზრდებოდი პატარა ოჯახში, სადაც მე, დედა და მამა ვცხოვრობდით მხოლოდ. შესაბამისად ჩვენს სახლში სიჩუმე უფრო მეტი იყო ვიდრე სიცოცხლის სხვა დამახასიათებელი ნიშანი, სწორედ ამ დროიდან ჩემს თავში სიჩუმეს ვერბძვი, სიჩუმეს რომელიც დუმილზე მეტია და მრავლისმთქმელი. მახსოვს, ხშირად მიწევდა მარტო ყოფნა, მარტო მყოფს კი ისღა დამრჩენოდა რომ მეფიქრა, მეფიქრა თუნდაც იმაზე რაზეც ჩემს ასაკში არავინ ფიქრობდა. ბავშვობის კასკადმა მეტწილად განაპირობა ჩემი ამჟამინდელი ხასიათი და სწრაფვა შეუცნობლად აღსაქმნელი მატერიებისკენ. ბევრი რომ არ ვისაუბრო, ოჯახში ბედნიერება დგებოდა მაშინ როცა საღამოთი სულ რაღაც სამი ადამიანი მაგიდას მივუსხდებოდით და ვახშმისას განვიხილავდით ათას წვრილმან დეტალს, რაც დღის განმავლობაში გადაგვხვდა თავს... ერთი სიტყვით არაფრით გამორჩეული ბავშვობა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით წაკითხული წიგნების გმირებით(ში) ცხოვრებას, საინტერსოდ მეჩვენებოდა თუნდაც იმ გმირად ქცევა რომელსაც ეკავა მაშინ ჩემი ქვეცნობიერის ნაწილი და ბედნიერებას მგვრიდა იმის პერსპექტივა რომ მეც შემეძლო, ერთ დღესაც გმირი გავმხდარიყავი.

-რა ასაკში დაიწყე ლექსების წერა?

-ბავშვობიდან ჩვევად მქონდა წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემი ემოციების აღბეჭდვა პირად ჩანაწერებში. ვწერდი ერთგვარ კრტიკულ განხილვას, რა მიმაჩნდა ძლიერ და სუსტ მხარეებად წიგნის, რაც შეეხება უშუალოდ ლექსების წერას დაახლოებით 9 წლის ასაკში დავწერე პირველი ლექსი ( თუ შეიძლება ასე ეწოდოს), რომელიც სამშობლოზე იყო, რა თქმა უნდა ეს ნაწერი დღეს უკვე აღარ არსებობს მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული სამშობლოზე ძალიან ცოტა რამ მაქვს დაწერილი, ჩემი ნაწერების უმეტესი ნაწილი ეხება ადამიანის სულიერ და სოციალურ მხარეებს, ცხოვრებისეულ ამაოებას და ა.შ. ის რასაც ვწერ ჩემზეა და თუ ერთი ადამიანის გულამდე მაინც აღწევს, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ცხოვრება ხომ განცდებისა და განცდილის ერთობლიობაა და ის რასაც მე ან სხვა განიცდის, ერთიანობად კრავს იმ ემოციას რომელიც თითქოს შენშია ან შენია... ამ მდგომარეობას დაცემინების წინა პერიოდს ვადარებ ხოლმე, როცა გრძნობ რომ უნდა დააცემინო და ცხვირის ნესტოები გიფართოვდება, ასეა, საერთო ემოციაც ვიღაცამ თქვა და თითქოს მისმა სიტყვამ შენში გამტარივით გაიარა.

-გარდა ლექსებისა, რომელი შემოქმედებითი საქმიანობით ხარ კიდევ დაკავებული?

-გარდა ლექსებისა, დიდი ხანია ვწერ რომანს რომელსაც ვერა და ვერ მოვაბი თავი, ასევე ვცდილობ ვხატო, მართალია, არც ისე კარგად გამომდის და ყველა მცდელობა კატასტროფულად მთავრდება მაგრამ შინაგანად ჩემთვის პროცესია საინტერესო რასაც ხატვისას განვიცდი და არა ის რაც ჩემი ხელიდან გადმოიცემა.

-რა პროფესიის ხარ, რას საქმიანობდი წარსულში და რას საქმიანობ ახლა?

-ჩემი პროფესია რადიკალურად განსხვავდება იმისგან რაზეც ზემოთ ვისაუბრე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ, პროფესიით რამდენიმე წლის წინ ვმუშაობდი კიდეც, შემდეგ იყო დრო როცა ვწერდი სტატიებს გლობალურად აქტუალურ მოვლენებზე, . გარკვეულ სივრცეებს ვგრძნობდი რომელზეც მსურდა რომ მეწერა, თუმცა საბოლოოდწყლის ნაყვას ჰგავს ეს ყველაფერი, როცა ამისთვის კეთილი ნება არ არსებობს, სამწუხაროდ აგერ უკვე საუკუნის მეოთხედია წრეზე ვტრიალებთ და ქვეყანაში მოსული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ჰერმეტულად დახშულ პოზიციაშია.... სისტემა საჭიროებს შეცვლას.

-რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

-ინსპირაციის წყაროდ ბევრი რამ შეიძლება გამოდგეს, დროის და მოცემულობის შესაბამისად. გარემო ხშირად განაპირობებს ინსპირაციულ შესაძლებლობებს... საკუთარი თავის შეცნობის პროცესიც შეიძლება ჩაითვალოს ამ ყველაფრის ნაწილად. ალბათ, ჩემთვის ეს არის ინსპირაცია, რაღაც ვიწრო სივრცული მდგომარეობიდან გონებრივი გრავიტაციის გარღვევა, ნებისმიერ შემთხვევაში ინსპირაციულობა თავისთავად გულისხმობს ახლის ძიებას და რა თქმა უნდა ახლის დაბადება ხდება რაღაც წინარეს ჩანაცვლებით, უარყოფით, მსხვრევით, გარღვევით და ა.შ. და ა.შ.

-როგორა ხელოვანისთვის იდეალური გარემო?

-ხელოვანისთვის იდეალური გარემო არის ის სადაც თავს კომფორტულად გრძნობს, ყველა თავისთავად ირჩევს იდეალურ სივრცეს სადაც იდეალიზაციას ახდენს საკუთარი სურვილების, თუმცა ვთვლი რომ ნებისმიერ გარემოში თავისუფლება ამოსავალი წერტილია. რაც მთავარია, ხელოვნების რომელ ჯგუფსაც არ უნდა ეკუთვნებოდეს ადმიანი, საჭიროა სიმართლე საკუთარი თავისადმი და შემოქმედებისადმი. არ მიყვარს ის ხალხი რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირდებიან და შემდეგ ძალიან შესამჩნევია მათ შემოქმედებაში ეს ყოველივე. ხელოვანი თავისი არსით პროტესტის მატარებელი უნდა იყოს, ვინაიდან სისტემა არასდროს გახდება იმდენად კარგი რომ ჩაგრულები არ იყვნენ რომელიმე მხარეს. ამიტომ გარკვეული მოვალეობაც არის შენი შესაძლებლობებით მუსიკით, წერით, ხატვით და ყველა ხელთ არსებული რესურსით გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს...

-რას ისურვებდი ყველაზე მეტად?

-ვისურვებდი იმას რომ არავის შიოდეს, არავის ციოდეს სახლის არ ქონის გამო... მძიმე სანახავია, როცა ქუჩაში ადამიანი ცრემლიანი თვალებით ითხოვს შემწეობას, შენ კიდევ მთელი დღის მანძილზე უნდა გაგყვეს ის ფიქრი რომ ერთჯერადად მისთვის მიცემული თანხა, ვერ მოახდენს გაჭირვების პრევენციას. მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფა და დახმარება სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენთან კი როგორც წესი ამას არც ისე კარგად აკეთებენ...



კანონის ჭეშმარიტად აღსრულებას ვისურვებდი, შერჩევითობის გარეშე...



კიდევ ვისურვებდი იმას რომ ერთმანეთი შევიყვაროთ. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება...



სურვილებს რა დალევს, მაგრამმთავარი ის არის რომ ყველამ ერთად შევძლოთ და ერთმანეთის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ...

***

ახლა ზღვაშია ქვიშის მარილი,
როგორც შენ ჩემში გიდგას დროება,
რამდენი რამე გვქონდა საზიდი,
თუმცა ესგვექცა უთანხომებად.

რომ სიყვარულის პირი გლუვია,
შეცდომა ლესავს ჩვენზე ამინდებს,
ვერ ვიკურნებით ასე სრულიად,
და ეს ტალღებიც სადმე წაგვიღებს.

სადაც ქარები მძიმე ვერტიკალს,
შეაცურებენ ნავივით ცაში,
ჩვენ აღარავინ არ მოგვიკითხავს,
და ერთად ყოფნა გვერქმევა მაშინ

მყარი ჯებირი ვიქნებით მერე,
როცა ამინდი სხვისთვის გამოვა,
და გამოჩნდება რარიგად ვსერეთ,
ჩვენი გულები, გრძნობის საზომად.

ახლაზღვაშია ქვიშის მარილი,
როგორც შენ ჩემში გიდგას დროება,
და ვით ფსკერზე მყოფი ყვავილი
გულში გინახავ უმანკოებად...


***

ნუ მოხვალ იცოდე.

ჩემს ფიქრებში ნუღარ დაწვები,

შეიძლება გზებზე ციოდეს

და შენი ღაწვები.

გაიყინება.



ნუ მოხვალ ჩემთან,

ნუღარ დაწვები, ცივი ღაწვების

ღამის გუშაგად მე ნუ დამტოვებ,

დაიმახსოვრე რომ ჩემთან წვები,

როცა არ წვები ანდა ვერ მტოვებ...



გაიმეორე...



ნუ მოხვალ ჩემთან.

ჩემს ფიქრებში მკერდს ნუ გადაშლი

რომ მე დავმარცხდე

და სადმე ძილ წაშლილს

მომელანდოს, როგორ დამაცხრე...



ნუ მოხვალ ძვირფასო,

ძილის წინ ნუ მოხვალ

რადგან ძვირს ფასობ

ფიქრებს გამოვხრავ



ოღონდაც...

ნუ ოხრავ

ისედაც ნაოხრალ ფიქრში

ჩემთან ნუ მოხვალ...


***

მივდივარ...

უბრალოდ არა, ისე მივდივარ,

რომ ჩემმა ლანდმაც ჯვარი აგვყარა

მივდივარ,

როგორც თაგვი მინდვრიდან,

ყანებს თავი რომ ვერ შეაყვარა...



მივდივარ...

რადგან ჩემ თავს გიტოვებ,

ფსკერისკენ წასულ უხმო კაპიტანს,

დრო თავისთავად ჩამოიტოვებს,

რაც ღირდა ძვირი და რაც კაპიკად



მივდივარ...

ისე რომ ჩემი მხრები,

ცას ეხეთქება ამ წვიმის დარად,

სახლში მისული იმ ნარზე ვწვები,

რომელიც ადრე შენ გქონდა კარად...



მივდივარ...

მაშინ როცა ნისლები

ბზარავენ გულის მძიმე ნაბიჯებს

მუდამ ხმებიან სევდით ისლები,

ადექი...

მიდი...

გადამაბიჯე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100