სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის ახალ ვიცე-პრეზიდენტებს წარადგენს

23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელზეც თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბანკის გენერალური დირექტორის სამ ახალ მოადგილეს წარადგენს.

მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების ტოპ მენეჯერები - გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და დავით წიკლაური თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ხდებიან. მათ უმაღლესი მენეჯერული პოზიციები დატოვეს ისეთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Barclays საინვესტიციო ბანკი, UniCredit Group და Deutsche Bank და თიბისი ბანკში სხვადასხვა მიმართულებები ჩაიბარეს. გიორგი თხელიძე რისკების მართვას უხელმძღვანელებს, ნიკა ქურდიანი მიკროფინანსებს, დავით წიკლაური კი კორპორატიულ საბანკო მიმათულებას.

თიბისი ბანკის ახალ მენეჯერებს საზოგადოება პრეს-კონფერენციაზე გაიცნობს. მათ წარდგენას დაესწრება თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც.

გიორგი თხელიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების მართვა

გიორგი თხელიძეს ფინანსურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი თიბისი ბანკს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, Barclays საინვესტიციო ბანკიდან შემოუერთდა, სადაც 2011 წლიდან ფინანსური ინსტიტუციების ჯგუფის (FIG) ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებდა.

მანამდე, ორი წლის განმავლობაში, გიორგი თხეილძე Barclays კორპორატიული ბანკის სესხების ფინანსირებისა და რესტრუქტურიზაციის გუნდის ასოცირებული დირექტორი იყო.

ინგლისში გამგზავრებამდე, გიორგი თხელიძეს წარმატებული ბიზნეს კარიერა ჰქონდა საქართველოში. მას 2001 წლიდან ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, 2005-2007 წლებში იყო „ალდაგის“ გენერალური დირექტორი.

გიორგი თხელიძემ 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002 წელს მოიპოვა საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრის ხარისხი(LL.M) ნოტინგემის უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან ფლობს ბიზნესის ადმისისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ლონდონის ბიზნეს სკოლიდან.

ნიკოლოზ ქურდიანი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მიკროფინანსები

ნიკა ქურდიანს აქვს საბანკო სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებული აქცენტით ყიდვის შემდგომ ინტეგრაციაში, რესტრუქტურიზაციასა და საცალო საბანკო ბიზნესში. 5 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები UniCredit Group-ში ავსტრიისა და ყაზახეთის რეგიონებში.

2008-2010 წლების განმავლობაში, ნიკა ქურდიანი მუშაობდა გაყიდვების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე Bank Austria-ში (UniCredit Goup) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საცალო საბანკო ბიზნესის მიმართულებაში და პასუხისმგებელი იყო თურქეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და სერბეთის ბაზრებზე. 2010-2013 წლების განმავლობაში მას ეკავა იგივე ამ მიმართულების ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა და პარალელურად წარუძღვა ATF Bank-ის (UniCredit Group) საცალო საბანკო ბიზნესს ყაზახეთში.

თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ნიკა ქურდიანს ეკავა ყაზახეთის ერთ-ერთი ლიდერი ბანკის, Kaspi Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. 2007 წლამდე იგი მოღვაწეობდა ბან კრესპუბლიკაში (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი), როგორც საცალო საბანკო სექტორის უფროსი. 2003-2006 წლებში ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს ბანკში

ნიკა ქურდიანმა დაასრულა ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) Ruhr University Bochum-ში და კავკასიის ბიზნეს სკოლაში. მას ასევე აქვს მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის საერთაშორისო ეკონომიკაში. ამასთან, იგი ფლობს ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) IE Business School-დან.

დავით წიკლაური

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, კორპორატიული საბანკო მიმართულება

დავით წიკლაურს საბანკო სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ბანკში, Deutsche Bank-ში სხვადასხვა თანამდებობაზე. კერძოდ, 2007-2011 წლებში იყო Deusche Bank-ის ფინანსური ინსტიტუციებისა (FIG) და სუვერენული (SSA) ჯგუფის ასოცირებული ბანკირი. 2011 წლიდან ეკავა Deutsche Bank -ის კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

საბანკო კარიერა თიბისი ბანკში 2004 წელს დაიწყო, სადაც ორი წლის განმავლობაში ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ( MBA) ლონდონის ბიზნეს სკოლიდან, ასევე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კავშირგაბმულობის ინჟინერიის მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100