„გრეჩიხა“, „უცნობი“, ხაინდრავა და ყარყარაშვილი 28 აპრილს თბილისში მანიფესტაციას აანონსებენ
28 აპრილს თბილისის ქუჩებში თავისუფალი ქართველების მონაწილეობით გაიმართება მანიფესტაცია, სახელწოდებით "თავისუფალი არჩევნებისთვის" , - ამის შესახებ დღეს, ოპოზიციონერმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ "ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოვიდა ყველაზე წარმატებული ქართველი და ყველა ქართველს და საქართველოს მიეცა შანსი, რომ ცხოვრებაში მიაღწიოს იმას, რასაც ნატრობდა.
გაჩეჩილაძის განცხადებით, პირადად მას პოლიტიკური ამბიცია არ გააჩნია, თუმცა იდგება იქ, სადაც დღეს დგას და აპირებს, ბრძოლა გააგრძელოს. მისი განმარტებით, ეს იქნება ბრძოლა თავისუფალი ქართველისა და თავისუფალი ამომრჩევლისთვის, საბოლოოდ კი, თავისუფალი საქართველოსთვის.
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში "ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. "ამომრჩეველთა ლიგას", რომელიც ყოფილმა პარლამენტარმა კოკა გუნცაძემ, მსახიობმა ნანა შონიამ და იურისტმა ლევან ჩიკვაიძემ დააფუძნეს, დღეს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და გია ყარყარაშვილი შეუერთდნენ.
კომენტარი