კარელიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 44 ადამიანი ემსხვერპლა
კომპანია "РусЭйр"-ის კუთვნილმა „ტუ-134“-მა, რომელიც სამოქალაქო რეისს მოსკოვიდან პეტროზავოდსკის მიმართულებით ასრულებდა, დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 44 ადამიანი დაიღუპა.
კატასტროფის მომენტში ლაინერის ბორტზე 43 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, პეტროზავოდსკის აეროპორტში დასაფრენი ზოლის განათების გამორთვა გახდა. 44 ადამიანი დაიღუპა, 8 მოქალაქე კი, მათ შორის 10 წლის ბავშვი, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
რუსული მედიის მონაცემებით, დაღუპულთა შორის ერთი შვეციის მოქალაქეა. არ გამორიცხავენ, რომ მგზავრებს შორის ცნობილი რუსი ფეხბურთის მსაჯი, ვლადიმირ პეტაი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან პეტროზავოდსკის მიმართულებით მოსკოვის დროით 22:30 საათზე, 20 წუთის დაგვიანებით აფრინდა. კარელიის დედაქალაქში იგი 23.50 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, ტრაგედია კი 23.40 საათზე მოხდა. თვითმფრინავი პეტროზავოდსკის აეროპორტში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ეშვებოდა: ირგვლივ ნისლი იდგა და ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. დაშვება აეროპორტიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, პეტროზავოდსკ-სუოიარვის გზატკეცილზე განხორციელდა, თუმცა, ეს მცდელობა კატასტროფით დასრულდა. კომპანია "РусЭйр"-ში, რომელსაც „ტუ-134“ ეკუთვნოდა, აცხადებენ, რომ თვითმფრინავი გამართული იყო.
კომენტარი