სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სატელეფონო საუბრების გაყალბება, პრაქტიკულად, შეუძლებელია

საკმაოდ დიდი ხანია, ამ წერილის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ჩავთვალე, რომ მისი დაწერის საჭიროება აღარაა, რადგან იმის შესახებ, რაზეც მინდა ქვემოთ საუბარი ეჭვები აღარ უნდა არსებულიყო...

ამ სახის სტატიის დაწერის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც სექტემბრის ბოლო დეკადაში მოვისმინეთ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების აუდიოჩანაწერები. აზრი ამ აუდიოჩანაწერებზე ორადაა გაყოფილი - მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერები (ნაც.მოძრაობა) ამ ფარულ აუდიოჩანაწერებს მართლად და გაუყალბებლად მიიჩნევენ, ხოლო კოალიცია ქართული ოცნების ელიტ.ნაწილი და მათი მხარდამჭერები კი - შეთხზულსა და სიყალბეს უწოდებენ.

შევეცდები, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაწვრილებითა და ვრცლად ჩავწვდეთ ტელეფონით საუბრის ტექნოლოგიურ პროცესს - რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს და როგორაა ნათქვამი სიტყვა წარმოდგენილი ელექტრონულ ვერსიაში, რამდენად უნიკალური და განსხვავებულია წარმოთქმული სიტყვა ნებისმიერი ადამიანის მიერ წარმოთქმული იგივე სიტყვისაგან.

თავიდანვე ვიტყვი: აუდიოჩანაწერები, რომლებიც საზოგადოებამ მოისმინა, უტყუარია და მისი გაყალბება რაიმე ფორმით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით: ტექნოლოგიური ენით, სიგნალის გადაცემა ხდება ორგვარი ფორმით: ანალოგ-სიგნალი და ციფრული სიგნალი. ჩვენი საუბარი, როცა ადამიანს პირისპირ ვესაუბრებით, არის ანალოგ-სიგნალი. იგი მასალის მთავარ ნახატზეა წარმოდგენილი. ადამიანის ყური აღიქვამს მხოლოდ ანალოგ-სიგნალს.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტელეფონით, ჩვენი პირის ღრუდან გამოსული ხმის კონვერტაცია ხდება ელექტროობაში. ხმას, ტემბრს, ბიჯს და ადამიანის ხმისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა თვისებებს და ვარიაციებს აქვთ სხვადასხვა ელექტრული ძაბვა, სიხშირე, დენის სიმძლავრე და მუხტი. ყველა ეს კომპონენტი კომბინაციაში ჩვენი ხმის თავისებურებებს და თვისებებს გადმოსცემს ისეთ ფორმაში, რასაც ნახატზე ხედავთ. იგივე სიტყვა, უკვე სხვა ადამიანის მიერ წარმოთქმული, განსხვავებულია ამ სურათისაგან.

უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში, საჭირო გახდა ანალოგ-სიგნალის ძირფესვიანად შესწავლა, რომ იგი უკვე დიგიტალურ (ციფრულ) სიგნალში ყოფილიყო გადაყვანილი ყველა თავისი თავისებურებებისა და თვისებების შენარჩუნებით. საკმაოდ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა შექმნეს პროცესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპარატურის გამოყენებით ანალოგ-სიგნალი ციფრული სიგნალის ფორმაში გადავიყვანოთ.

ეს პროცესები ეყრდნობა ნაიქვისტის (Nyquist) თეორიას, რომელიც მდგომარეობს შემდგომში:

1. საშუალოდ ადამიანის ყურმა შეიძლება აღიქვას 20-20,000 ჰერცი.

2. ადამიანის ლაპარაკი მერყეობს 200-9000 ჰერცის ფარგლებში

3. ტელეფონს შეუძლია გადასცეს 300-3,400 ჰერცის დიაპაზონში

4. ნაიქვისტის თეორიის თანახმად, შესაძლებელია აღადგინოს სიხშირე 300-4000 ჰერცის სიხშირის ფარგლებში.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, „თუ ადამიანის ლაპარაკის სიხშირე 200-9,000 ჰერცის ფარგლებშია ჩამჯდარი და თუ სატელეფონო საუბრის დროს სატელეფონო არხს შეუძლია 300-3,400 ჰერცის სიხშირის დიაპაზონში მუშაობა, მაშ როგორ შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის საუბარი ტელეფონის მეშვეობით? - ნამდვილად კარგი შენიშნვაა!

კვლევებმა აღმოაჩინა, რომ სატელეფონო აპარატურას შეუძლია ადამიანის საუბრის სიხშირის აკურატულად გადაცემა და რომ სატელეფონო არხების სიხშირის დიაპაზონი ( 300-3,400) გვაძლევს საკმარის ხმის ხარისხს. ასევე აკურატულად შეგვიძლია განვასხვავოთ სატელეფონო ხაზზე მყოფი მეორე ადამიანის ხმა და მის ხმაში შემავალი თავისებურებები, რომელიც განასხვავებს მას სხვა ადამიანებისაგან.

კვანტიზაციის პროცესი ანუ ანალოგ-სიგნალის გადაყვანა ციფრულ ფორმატში

1 ბაიტი ინფორმაცია მერყეობს 0 – 255 ფარგლებში. ქვედა ნახატზე წარმოდგენილია ხმის კვანტიზაციის სკალა: Y ღერძს ვყოფთ 0-დან +127(პოზიტიური) და 0-დან -127-მდე (ნეგატიური). სიხშირის ყოველ დანაყოფს, როგორც ნახატზე ჩანს, აქვს საკუთარი სიდიდე ვოლტებში.

სიხშირის ყოველი დანაყოფი რომელიც არის 1 ბაიტის სიდიდის (1 ბაიტში შედის 8 ბიტი სხვადასხვა ვარიაციაში) და ასეთი კი საუბრის 1-წამიან მონაკვეთში გვაქვს 8,000 ბაიტი, ეს კი ჯამში გვაძლევს 64,000 ბიტს. ანუ სატელეფონო საუბრის 1-წამიან მონაკვეთში შედის (0-ისა და 1-იანების 64,000 კომბინაცია)....

მაგალითი = 01111100100011111001011111100000000011111010101010010 და ასე 64,000-მდე.

ამ სიდიდეში შედის ადამიანის ხმის ყველა ის თვისება და თავისებურება, რაც ერთ ადამიანის ხმას მეორე ადამიანისაგან განასხვავებს. წარმოვიდგინოთ სატელეფონო საუბრის თუნდაც ერთ წუთიანი მონაკვეთი... ეს უკვე წარმოუდგნლად დიდი ციფრია.

დასკვნის სახით - ანალოგ-სიგნალის გადაყვანამ ციფრულ ფორმატში ანუ კვანტიზაციის პროცესის ახსნამ გვიჩვენა, რომ ადამიანის საუბრის გაყალბება, იქნება ეს ჩვეულებრივი, პირისპირ საუბარი თუ სატელეფონო საუბარი, პრაქტიკულად, შეუძლებელია!

პ.ს. შესაძლებელი იყო თემის გაგრძელება, თუ როგორ ხდება სიგნალის გადაცემა, სიგნალის კოდირება, შეკუმშვა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უკვე სხვა თემას ეხება და არა იმას, რის გამოც ეს სტატია დაიწერა.

ავტორი: თამაზ ალვანელი

CCIE (Written) - Cisco Certified Internetwork Expert).

CCNP - Cisco Certified Network Professional (BSCI, BCMSN, ISCW, ONT).

CCVP - Cisco Certified Voice Professional (CIPT1, CIPT2).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100