სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა მასონებმა „წიწილები დაითვალეს“ და დაასკვნეს, რომ მათი რიცხვი იზრდება

როგორც თავად ამბობენ და წერენ, მასონისთვის დრო ყველაზე დიდი მეგობარი და, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უკვე ორი წელია, რაც საქართველოში მასონთა (თავისუფალ, ძველ და აღიარებულ ქვისმთლელთა) ჯგუფი მოქმედებს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში (შემდგომ, ალბათ, სხვა ქალაქებშიც) მასონური ლოჟების გახსნასა და მათი მეშვეობით ქართული დიდი ლოჟის აღორძინებას.

ქართული მასონური ჯგუფის პირველი შეხება საზოგადოებასთან სოციალური ქსელების - „ფეისბუქისა“ (ჯგუფის სახელწოდებაა: ქართული მასონური ორდენი - მასონები საქართველოში) და ტვიტერის (twitter.com/GeoMasons) მეშვეობით მოხდა, გაიხსნა აგრეთვე ოფიციალური ბლოგი (geomasons.blogspot.com) და, რაც მთავარია, შესაძლებელია აქტიური ონლაინ კომუნიკაცია ქართული მასონური ჯგუფის ლიდერთან სოლომონ ასურელთან.

ფაქტია, რომ ორი წლის წინ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი საკმაოდ მწვავედ შეხვდა მასონთა თუნდაც ონლაინ რეჟიმში გამოჩენას, სხვები - შედარებით ინერტულად და არც თუ ისე მცირე კონტიგენტი კი საკმაოდ პოზიტიურადაც. გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ინტერვიუ გამოქვეყნდა ბეჭდვით და ინტერნეტის მედია საშუალებებში. ჟურნალისტებს, ძირითადად, აინტერესებდათ, თუ ვინ არის ამ წრეში და რატომ, ასევე სხვადასხვა გავრცელებული ჭორები ან რაიმე სენსაციური განცხადებები. დღეს საშუალება მოგვეცა კიდევ ერთხელ გავსაუბრებოდით სოლომონ ასურელს, გვაინტერესებდა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და ახლო მომავლის გეგმები.

–სოლომონ, თქვენდამი შეურიგებელი საზოგადოების ნაწილი კვლავაც გამოხატავს საკუთარ უკმაყოფილებას თქვენი და ჯგუფის წევრების აქტივობის გამო, თუ ამ მხრივ რაიმე შეიცვალა?

–იცით, ამ ხალხს ან უკვე მობეზრდა ნეგატიური ემოციებით თავის გადატვირთვა, ანდა მათი ნაწილი მეტ-ნაკლებად გაეცნო ჩვენს შეხედულებებსა და სტატიებს იმ თემებზე, რომლებიც მათ ასე ძალიან „ადარდებდათ“. რა თქმა უნდა, მაინც დარჩა შეურიგებელი უმცირესობა, რომელსაც, უბრალოდ, არაფრის მოსმენა, წაკითხვა და გაგება არ სურს, მათ ვიღაცამ ჩაუნერგა ან თვითონვე ჩაინერგეს რაღაც ფორმულა და დამთავრდა. განათლებული და აზრიანი ადამიანი იმას მაინც მიხვდება, რომ, ჯერ ერთი, მასონური ორდენი არ არის რელიგიური გაერთიანება და მეორეც - ის არცერთ რელიგიას არ ეწინააღმდეგება, არ ცდილობს მათ ჩანაცვლებას და არც ანტიქრისტიანულ ძალას არ წარმოადგენს.

მოგიყვანთ იმ პროგრესის მაგალითს, რაც აშკარად შეიმჩნევა: რამოდენიმე ისეთი კანდიდატი გვყავს, რომელიც აქტიური მრევლის ნაწილია, წირვასაც ესწრებიან და მორწმუნე ქრისტიანები არიან, ასევე, ზოგი იუდეველი ან მუსულმანის. მათ ესმით, რომ ჩვენ არ ვერევით მათს რელიგიურ მსოფლხედველობაში და არ შეურაცხვყოფთ მათს რწმენას, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ორდენისთვის მნიშვნელოვანია ყოველი მისი წევრის ინდივიდუალური აღმსარებლობა, მისი რწმენა უმაღლესი არსების, შემოქმედის მიმართ, რომელმაც შექმნა კოსმოსი, სამყარო, როგორიც ის არის, თითოეული ჩვენთაგანი. ერთი ბუდისტიც გვყავს, სხვათა შორის.

ისიც ფაქტია, რომ ჩვენი კანდიდატები აღარ ერიდებიან და აღარ უმალავენ ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს ჩვენს ორდენში გაწევრიანების სურვილს. ამით ისინი არამარტო იმ გარემოებას უსვამენ ხაზს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ, არამედ მაქსიმალურად ცდილობენ აუხსნან მათთვის საყვარელ ადამიანებს, თუ რა არის მასონობა და რომ ორდენს არაფერი აქვს საერთო მოარულ ჭორებთან.

მოკლედ, სიტყვა „მასონი“, სავარაუდოდ, კვლავ რჩება სალანძღავ სიტყვად, მაგრამ მას ასეთ კონტექსტში სულ უფრო ნაკლები ჩვენი თანამოქალაქე იყენებს. ეს კი უკვე პოზიტიური შედეგია.

–სოლომონ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შარშან მხოლოდ რამდენიმე ორდენის წევრი, როგორც თქვენ მათ უწოდებთ, ძმა იყო საქართველოში და კანდიდატიც არც თუ ისე ბევრი გყავდათ, რა სიტუაციაა ამ მხრივ დღეს?

–დღეს ძმების რაოდენობა გაცილებით მეტია, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ბევრი ძმა, რომელიც აქამდე ჩრდილში იმყოფებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა აქ მიმდინარე აქტივობის შესახებ, შემოგვიერთდა და ჩვენი რიგები გააძლიერა. კანდიდატების რაოდენობამაც იმატა, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მზად არის ორდენის წევრობისათვის, ან როდესმე იქნება მზად. უბრალოდ, კომუნიკაციისა და ურთიერთობის ბალანსის მექანიზმები დაიხვეწა. დღეს ჩვენ ორმოცზე მეტი დაინტერესებული ასპირანტი გვყავს, სწორედ ახლახანს, იანვარში მიმდინარეობდა მათთან დამატებითი გასაუბრებები. მიმაჩნია, რომ მათი ნაწილი მზად არის შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ასპირანტების ნაწილი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნია, გარკვეული ნაწილი კი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. მთვარია, რომ მასონური კლუბი ნამდვილად გაძლიერდა.

–მასონური კლუბი? ეს რაღაც ახალია. ლოჟა გაგვიგია, მაგრამ მასონური კლუბი რა არის?

–ვინაიდან ჩვენ, ძმები სხვადასხვა ლოჟებს მივეკუთვნებით და სამომავლოდ საქართველოში ლოჟის გახსნას ვაპირებთ, ერთიანი კოორდინირებული მოქმედებისთვის მასონური კლუბი გვჭირდებოდა. ამ კლუბში ვართ როგორც ძმები - ორდენის წევრები, ასევე კანდიდატები; როგორც ნამდვილი წევრები, ასევე დამკვირვებლები. კლუბის შეხვედრა იმართება კვირაში ერთხელ, ვსაუბრობთ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე, ვიღრმავებთ ცოდნას და ვამყარებთ მჭიდრო ურთიერთობებს. კლუბი მომავალში ერთგული და ღირსეული ორდენის წევრების, ჩვენი ძმების სამჭედლოა. აქ კანდიდატს საშუალება აქვს გაიგოს და შეიმეცნოს უფრო მეტი, ვიდრე ის ამას დამოუკიდებლად, კლუბის მიღმა მოახერხებდა. ძმებს საშუალება აქვთ უფრო აქტიურად დააკვირდნენ კანდიდატებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათი სამომავლო ინიცირების საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, საკმაოდ აქტიური პროცესია. კლუბი ასევე საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო ურთიერთბების განვითარებისათვის.

–თქვენ აღნიშნეთ, რომ ძმები, თქვენი ორდენის წევრები სხვადასხვა ლოჟებს მიეკუთვნებიან. რომელია ეს ქვეყნები?

–სხვადასხვა საპატივცემულო დიდ ლოჟებს მივეკუთვნებით, მათ შორის სომხეთის, ამერიკულ-კანადურ, მისურის, ნიუ იორკის, ავსტრიისა და სხვას. სულ მალე ჩვენი ქართველი ძმები შემოგვიერთდებიან უკრაინიდან, რუმინეთიდან, ა.შ.

–რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

–როგორც წინა ინტერვიუში მოგახსენეთ, საუბარია 2-3 ლოჟის გახსნაზე საქართველოში 2012 წლის განმავლობაში. ეს, თავის მხრივ, 2014 წლისთვის საქართველოს დიდი ლოჟის გახსნის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე, ორი ლოჟის გახსნის საკთხი უკვე გადაწყვეტილია, ერთი სომხეთის, ხოლო მეორე ავსტრიის დიდი ლოჟების ჩრდილქვეშ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთი ლოჟა გაიხსნება შვეიცარიის დიადი ლოჟის დახმარებით. არ გამოვრიცხავთ 2013 წელს თბილისში გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი კიდევ ორი ლოჟის გახსნას. ყველა ეს ლოჟები ხელს შეუწყობენ საქართველოს დიდი ლოჟისა და შესაბამისი სუვერენული იურისდიქციის ჩამოყალიბებას. ჩვენი კლუბი უკვე რამოდენიმე იურისდიქციაში აღიარებულია, როგორც რეგულარული მასონური გაერთიანება, სადაც შედიან პროფანებიც. ამ იურისდიქციებიდან ჩვენ მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას ვგრძნობთ და მადლიერნი ვართ მათი.

–რომელ ქვეყნებზე - იურისდიქციებზე საუბრობთ, თუ საიდუმლო არ არის?

–არა, საიდუმლო არ არის. ჩვენ აქტიურად გვიჭერს მხარს ავსტრიის დიდი ლოჟა, ასევე ხორვატიის, სლოვენიის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, რუმინეთის, მოლდოვას, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთს, ამერიკულ-კანადური, ბოსნია-ჰერცოგოვინას, გერმანიის (გაერთიანებული), თურქეთის და სხვა დიდი ლოჟები.

–თქვენ ხშირად ახსენებთ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპულ სახელმწიფოებს, ავსტრიასა და შვეიცარიას, ჩვენს უშუალო მეზობლებს, შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს, მაგრამ თქვენგან არ მსმენია არაფერი ისეთ დიდ და მნიშვნელოვან იურისდიქციებზე, როგორცაა, მაგალითად,რუსეთი, საფრანგეთი და, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი... ისინი არ გაღიარებენ?

–რაც შეეხება რუსეთს - რუსეთის დიდ ლოჟასთან კონტაქტი საკმაოდ მწირეა, ეს, ალბათ, დროებითი ფაქტორია. მიმაჩნია, რომ ეს კონტაქტი წლის განმავლობაში გაღრმავდება, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული კითხვის ნიშნები დგას რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ისეთი არაფერი, უბრალოდ, ყველა მასონი მაინც საკუთარი საზოგადოების შვილია. ინგლისის გაერთიანებულ დიდ ლოჟას რაც ეხება, მათთან ურთიერთობა ოფიციალური არ არის, ეს ურთიერთობა ვერც იქნება ოფიციალური, თუმცა ინდივიდუალური კონტაქტები არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მყარ საფუძველს შექმნის შემდგომი აღიარებისათვის. საფრანგეთში კი რთული ვითარებაა. იქ ისედაც ყოველთვის ჭიდილი იყო რეგულარულ და არარეგულარულ (თვითმარქვია) მასონებს შორის. ბოლო დროს რეგულარულმა მასონურმა საძმომ შეაჩერა საფრანგეთის ნაციონალური რეგულარული დიდი ლოჟის აღიარება. ამ ეტაპზე, რეგულარული მასონური საძმოს უმტიკცეს სვეტებს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, შვეიცარიის (ალპინა) და ბელგიის დიდი ლოჟები.

–იქნებ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა რეგულარულ და არარეგულარულ მასონურ ორდენებს შორის?

–ზოგადად, ეს ტერმინი არ მიყვარს. ამ ტერმინის დანერგვა სინამდვილეში იმისთვის გვიხდება, რომ საზოგადოებამ შეძლოს დიფერენციაცია ნამდვილ და თვითმარქვია მასონებს შორის. ეს დღეს არ დაწყებულა, მასონური ორდენის ისტორიის მანძილზე ყოველთვის არსებობდნენ თვითმარქვიები. გარდა ზოგადი უსაფრთხოებისა, სწორედ ამიტომაც დაინერგა თავის დროზე გარკვეული სიმბოლოები და მისალმებები, რათა რეგულარულ მასონებს ერთმანეთი მარტივად ამოეცნოდ. სწორედ არარეგულარული მასონური ორდენები მძლავრობდნენ რუსეთის იმპერიაში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწორედ დიდი აღმოსავლეთის მიერ იყო რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუცია პროვოცირებული, რასაც შემდგომ ოქტომბრის რევოლუცია მოჰყვა.

დღეს ყველა იურისდიქციაში მიმდინარეობს უხილავი „ფრონტი“ ნამდვილ და ფსევდომასონებს შორის. მთავარი განსხვავებებია ის, რომ არარეგულარები ათეისტებიც არიან, მათს რიგებში, ერთი ლოჟის შემადგენლობაში, მამაკაცებთან ერთად ქალბატონებსაც იხილავთ, წმინდა წიგნის ნაცვლად კი ტექსტის გარეშე, ცარიელი, განყენებული სულიერებით შედგენილი წიგნია პატივში. არარეგულარები უხეშად ერევიან როგორც პოლიტიკაში, ასევე რელიგიურ საკითხებში. ეს მხოლოდ მთავარი ზედაპირული სხვაობებია, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი და ღრმა სხვაობაც არსებობს. ჩვენთვის, როგორც რეგულარული მასონური ორდენის წარმომადგენლებისთვის, უმთავრესია ღმერთის, სამყაროს დიდი არქიტექტორის რწმენა.

ჩვენს ლოჟებში ვერ იხილავთ ქალბატონებს (რიგ იურისდიქციებში არის ქალების ლოჟები, მაგრამ განცალკევებით ჩამოყალიბებული, სხვა იურისდიქციებში კი კლუბებისა და საზოგადოებების ფორმით). ჩვენ არ ვერევით არც პოლიტიკაში და არც რელიგიაში, ვდგავართ სახელმწიფოსა და, ზოგადად, ხელისუფლების სიმყარის სადარაჯოზე. მასონური ორდენის წევრობა ხომ პრინციპები და ფასეულობებია. თუ ეს ფასეულობები დაკარგულია, მაშინ არ არსებობს არც ლოჟა და არც მასონი.

–თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ საქართველოში არ მოიპოვება სათანადო ლიტერატურა მასონებზე, მითუმეტეს ქართულ ენაზე, ასევე ახსენებდით რამოდენიმე გამოცემას, რომელსაც გეგმავდით. რა ხდება ამ კუთხით?

–ჩვენს ვამზადებთ ორტომეულს სათაურით “მასონები - საიდუმლო ორდენი თუ საძმო რომელსაც საიდუმლო გააჩნია?”. პირველი ტომი უკვე მზად არის და მასში მეორე ნაწილიც არის, ასეთი სათაურით: “ჩემი გზა - ჩემი არჩევანია”, რადგან პირველ ტომში მასონური რიტუალების, ისტორიისა და სიმბოლოების განმარტებების პარალელურად ქართველი მამაკაცის გზაც არის აღწერილი, თუ რატომ და როგორ გახდა იგი მასონი. მეორე ტომი მასონობის ისტორიის გაგრძელება იქნება, მაგრამ მეტი აქცენტი გაკეთდება რიტუალებზე და მასონურ ფილოსოფიაზე. ასევე მზადდება რამდენიმე მცირე გამოცემა, მათ შორის ტამპლიერებზე, ილუმინატებზე, პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე და სხვა. მიგვაჩნია, რომ ეს გამოცემები მკითხველისთვის დამატებითი და საჭირო ინფორმაციის წყარო იქნება.

–საუბრის ბოლოს მაინც მინდა გკითხო, თქვენ ფიქრობთ, რომ მასონური ორდენი საქართველოში განვითარდება?

–ჩვენს საძმოს საქართველოში განვითარება უკვე აქვს. დრო ჩვენი მეგობარია და ჩვენ ის დაგვჭირდება, რათა საზოგადოებას, თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, განვუმარტოთ, რომ მასონური ორდენი არ წარმოადგენს საფრთხეს არც სახელმწიფოსთვის და არც რომელიმე რელიგიური ინსტიტუტისთვის. რაც ეხება სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ, პირიქით, მასონი ყველაზე ერთგული მოქალაქეა, იცავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ძმას არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოსნებისმიერ ქმედებაში, რაც სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ჩვენი მთავარი მიზანია შემოვიტანოთ სინათლე, განათლება, ცოდნა, განვავითაროთ ადამიანის ინტელექტი და მისი შინაგანი სამყარო. გაივლის წლები და ჩვენი საზოგადოება მეტი განათლებისა და ცოდნის წყალობით შეძლებს უფრო ზუსტი ანალიზი გაუკეთოს მიღებულ ინფორმაციას და, შესაბამისად მიხვდება, რომ მასონები მხოლოდ სახელმწიფოსა და ადამიანის გაძლიერებისთვის არიან მოწოდებულნი.

მასონი არის თავისუფალი ინდივიდი, განათლების სურვილით და თანასწორობის იდეით ანთებული, ჩვენ ყველანი დაუმუშავებელი ქვები ვართ და ვცდილობთ დახვეწილი ფორმა მივცეთ ჩვენს შინაგან სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებას...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100