ივანიშვილის მეუღლეს მოქალაქეობა აღუდგა, პრეზიდენტს კი ასი ლარის გადახდა დაეკისრა
ბიძინა ივანიშვილს ისევ არ უმართლებს. არც ეკა ბესელიას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივეს ერთად არ უმართლებს: ივანიშვილმა მოქალაქეობა ვერ აღიდგინა, ბესელიამ - მორიგი პროცესი წააგო. თუმცა, ადვოკატს შეუძლია თავი დაიმშვიდოს - ის მხოლოდ ნაწილობრივ დამარცხდა. სწორედ ასე ჰქვია იურიდიულ ენაზე იმას, რაც დღეს საქალაქო სასამართლოში, ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებული საქმის განხილვის დროს მოხდა: ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ეკა ბესელიასა და ბიძინა ივანიშვილზე იღბლიანი აღმოჩნდა ეკატერინე ხვედელიძე: ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს. სამაგიეროდ, ეკა ბესელია ვერ იტყვის, მთლად განწირული ვარ და არაფერში მიმართლებსო: ქართული იურისპრუდენციის ისტორიაში ის ერთადერთი ადვოკატია, რომლის დაცვის ქვეშ მყოფის სარჩელსაც პრეზიდენტისთვის ბაჟის დაკისრება მოჰყვა: საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულება გააუქმა და საქართველოს პირველ პირს 100 ლარის ბაჟის სახით გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რაც აუცილებლად გეცემოდათ თვალში დარბაზში მყოფ ივანიშვილის წარმომადგენელთა სახეებზე - გაოცების ნიშნად ღია მათი პირები იყო. ასეთ გადაწყვეტილებას არავინ ელოდა და თითქმის ყველასთვის საქმის ბედის ასე შემობრუნება მოულოდნელი აღმოჩნდა.
სასამართლომ ბათილად გამოაცხადა პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს ასი ლარის ბაჟის სახით გადახდა დააკისრა, მაგრამ ამავდროულად, ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზეა მითითებული.
კომენტარი