საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი დასრულდა
დასრულდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016. სამდღიანი ფინალური კონცერტები რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. წლის ბოლომდე გამოიცემა DVD ალბომი - ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი მოიცავდა ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. მასში მონაწილეობდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
„ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება და მიზნად ისახავს ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას. ძალიან მახარებს ის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მაღალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სფერო ჩვენი ხალხური ხელოვნების სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ახალგაზრდა თაობაში", - აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
“ეს არის ქართული კულტურის ზეიმი, ქართული ფოლკლორის ზეიმი. ნახეთ, როგორ მიიღო ეს ხალხმა, როგორ მიიღო ეს ქალაქმა. ვფიქრობ, ასეთი ფესტივალები ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ქართულმა სულმა, ქართულმა გენმა გაიღვიძოს, გაძლიერდეს და გავაკეთოთ იმ საქმის პოპულარიზება, რაც ძალიან გვჭირდება" - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.
„ფოლკლორის ერონულ ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. ფესტივალის მეორე ტურში არაერთი შემსრულებლის შემოქმედებითი წინსვლის მომსწრენი გავხდით. ფინალი კი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ფესტივალის ლაურეატები კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, პრიზები და ფულადი პრემია,” – ასე აფასებენ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს.
კომენტარი