8 წლის პატარძალი, რომელსაც 37 წლის ქმარი ჰყავს - ისტორიები, რომლებიც ჩვენთვის შემაძრწუნებელი, მათთვის კი ცხოვრებისეული კანონზომიერებაა
UNICEF-ის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ყოველწლიურად 10 მილიონამდე გოგონა იძულებული ხდება 18 წლამდე შექმნას ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქვეყანაში კანონით იკრძალება არასრულწლოვანთა ქორწინება, საკმაოდ ბევრ გოგოს უწევს მშობლის დაჟინებული მოთხოვნის შესრულება.
ყოველი 10 ქორწინებიდან 4 მაინც ინდოეთში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონით არასრულწლოვანთან ქორწინება 2000 დოლარი ჯარიმითა და ორწლიანი პატიმრობით განისაზღვრება, ამ ქვეყანაში კანონი არ მუშაობს. გოგონების მშობლები კონსტიტუციის ამ დადგენილებას ყოველთვის აიგნორებდნენ.
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რაჯასტანის შტატში ცოტა ხნის წინ ორი არასრულწლოვანის ქორწილი შედგა. ბიჭი 11 წლის იყო, ხოლო გოგონა 6-ის:
„ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცეოდით. მართალია, სახელმწიფო გვიკრძალავს არასრულწლოვანების დაოჯახებას, თუმცა ჩვენი ტრადიცია ასეთი იყო და არ ვაპიერბთ ამის შეცვლას“ - განაცხადა პატარძლის ბაბუამ.
როგორც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, არასრულწლოვანთა უფლებებს მოსახლეობა იცავს და ცოლს 15 წლამდე არავინ აიძულებს მეუღლესთან ინტიმურ კავშრს.
26 წლის რუმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისიც 6 წლის ასაკში დააქორწინეს, თუმცა მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც პირველი სექსი ჰქონდა:
„მე რომ მშობლებს ძალით არ დავექორწინებინე, განათლებას მივიღებდი, მექნებოდა კარგი სამსახური და ტრიალ მინდორზე მზის ქვეშ მუშაობა არ მომიწევდა“ - განაცხადა მან.
ინდოეთში თვლიან, რომ ქალს განათლება არ ჭირდება, რადგან მან ბავშვები უნდა აჩინოს და მიწაზე იმუშაოს. ფიქრობენ, რომ წიგნების კითხვით ზედმეტი დატვირთვა მხოლოდ დროს წაართმევს მათ.
ხელმოკლე ოჯახებისთვის აზიის ქვეყნებში ქალიშვილი ზედმეტი საზრუნავია, ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება მალე „ჩააბარონ პატრონს“, რადგან დამატებითი ფინანსები არ ემეტებათ მისთვის ჭამაში, ჩაცმასა თუ ყოველდღიურ საზრუნავში.
ნაჯუდ ალი - ეს არის გოგონა იემენიდან, რომელიც 8 წლის ასაკში დააქორწინეს მშობლებმა 37 წლის მამაკაცზე. მიუხედავად იმისა, რომ პირობის თანახმად სრულწლოვან ასაკამდე არ უნდა შეხებოდა გოგონას სქესობრივი კონტაქტის მიზნით, ქორწინების პირველივე დღეს იძალადა ქმარმა ბავშვზე და ამას ინტენსიური ხასიათი მიეცა.
საბედნიეროდ, გოგონას გაუმართლა და 2 თვეში გამოექცა მოძალადე მეუღლეს. მან დასახმარებლად მიმართა სხვებს, თუმცა იემენის რესპუბლიკას არ გააჩნია კანონი არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ, ამიტომ ნაჯუდის მშობლები იძულებულები არიან კომპენსაციის სახით 200 დოლარი გადაუხადონ ყოფილ სიძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ფეირუზ აჰმედ ჰადიევი 11 წლის ასაკში დააქორწინეს. ეს ისტორია დანარჩენებისგან არ განსხვავდება - გოგონა დაავადებული იყო და სისხლის გადასხმა ჭირდებოდა, 25 წლის ბიჭმა კი მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვის სურვილი გამოთქვა ქორწინების სანაცვლოდ. საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, მამაკაცს არ უნდა ეცადა ინტიმური კავშრის დამყარება მასთან სრულწლოვან ასაკამდე, თუმცა პირველივე ღამეს ძალა იხმარა მეუღლეზე.
ფეირუზი რამდენიმე დღეში გამოექცა მოძალადე ქმარს, თუმცა კანონი მამაკაცის მხარეზე იყო, ამიტომ არჩევანის წინაშე დააყენეს - გოგონა ან ქმარს უნდა დაბრუნებოდა, ან ფული უნდა გადაეხადათ მისთვის.
სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც არასრულწლოვანებს ძალით აქორწინებენ, შემდეგ მათ აუპატიურებენ ქმრები, სცემენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, კიდევ უფრო უარესი ფაქტებიც ხდება - გაქცეულ გოგონებს, რომლებსაც შემდეგ იძულებით აბრუნებენ, მოძალადე ქმრები სასტიკად უსწორდებიან და სჯიან იმისთვის, მათგან თავის დაღწევა სცადეს.
სწორედ ასე დაემართა გოგონას, სახელად აიშა. ის მშობლებმა პატარა ასაკში დააქორწინეს, რის შემდეგაც არასრულწლოვანს უამრავი დამცირებისა და ძალადობის ატანა უწევდა არა მარტო ქმრის, არამედ მეუღლის ოჯახის მხრიდან. ორ წელიწადში გოგონამ გაქცევა სცადა, თუმცა დაიჭირეს და უკან დააბრუნეს. ქმარმა ცხვირი და ყურები მოაჭრა და მიუვალ ტყეში დააგდო, რათა იქ მომკვდარიყო. აიშამ მოახერხა და წვალებით დააღწია თავი ტყეს. ტყესთან ახლოს სამხედრო ბაზა იყო, სადაც მივიდა დახმარების სათხოვნელად. გოგონა შეიფარეს და დაეხმარნენ.
მოძალადე ქმრებისგან თავის დაღწევას თითქმის ყოველთვის ეწირება ქალის ვიზუალი. რაჰიმი ჯერ კიდევ მაშინ დააქორწინეს, როცა სულ პატარა ბავშვი იყო. წლების განმავლობაში იტანდა ქმრის მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას. 14 წლის ასაკში გაქცევა გადაწყვიტა, შურისმაძიებელმა მეუღლემ კი მჟავა გადაასხა და სხეული ამოუწვა.
ყოველწლიურად მილიონობით გოგონა კარგავს ბავშვობას და გარემოებების მსხვერპლნი ხდებიან, სადაც დამნაშავეები მოძალადე ქმრებთან ერთად ის მშობლები არიან, რომლებსაც მათი ქალიშვილების ბედი არ ადადრებთ და მხოლოდ ბიჭის მომავლის შექმნისთვის ზრუნავენ. რომელი უფრო დიდი დანაშაულია - სელექციური აბორტი, სანამ ნაყოფის სქესი მამრობითი არ იქნება, თუ გაზრდილი ქალიშვილის „ცოცხლად დამარხვა“? ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროშიც ისევე პრობლემად ეჩვენებათ მდედრობითი სქესი, როგორც ეს საუკუნეების წინ იყო.
კომენტარი